Facebook Twitter

№ას-915-873-2013 16 დეკემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ზ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – პ. მ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით პ. მ-ას სარჩელი მოპასუხე შპს „ზ-ის“, მესამე პირების – შპს „ა-სა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციის მიერ მიღებული ბრძანების გაუქმება და ქირავნობის (იჯარის) სახელშეკრულებო ურთიერთობის აღდგენა, არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით პ. მ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:

პ. მ-ას სარჩელი, შპს „ზ-ის“ დირექტორ ჯ.ზ-ას 2012 წლის 31 დეკემბრის №10 და 2013 წლის 14 თებერვლის №6 ბრძანებების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდა.

ამავე გადაწყვეტილებით შპს „ზ-ს“ პ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 150 ლარი, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1999 წლის 12 ოქტომბერს, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაცემებით დაფუძნდა შპს ,,ზ-ი’’.

სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2011 წლის 1 აპრილის №1-3/246 ბრძანებით, ქ.ზუგდიდში, ქ-ის ქ.№1-ში მდებარე 200კვ.მ და 460კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები შეტანილ იქნა შპს ,,ზ-ის’’ კაპიტალში.

2011 წლის 12 აპრილს, პ. მ-ამ განცხადებით მიმართა შპს ,,ზ-ს’’, იმ მიზნით რომ საიჯარო უფლებით, პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე აეღო შპს ,,ზ-ის” ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთები (460 კვ.მ.; 200 კვ.მ.; საერთო ფართით 660 კვ.მ). მითითებული წერილის საფუძველზე, მასში მითითებული მოთხოვნით შპს ,,ზ-მა’’ მიმართა სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს.

2011 წლის 26 აპრილს შპს ,,ზ-ს’’ (,,გამქირავებელს’’) და პ. მ-ას (,,დამქირავებელს’’) შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე პ. მ-ას ავტოსადგომის მოსაწყობად 5 წლის ვადით გადაეცა ქ.ზუგდიდში, ქ-ის ქ.№1-ში მდებარე რკინიგზის სადგურის ცენტრალური შესასვლელის მარცხენა მხარეს არსებული 200კვ.მ და მარჯვენა მხარეს არსებული 460კვ.მ მიწის ნაკვეთი.

2012 წლის 1 ოქტომბერს, პ. მ-ამ (,,მეიჯარემ’’) შპს ,,პ. და კ-ას’’ (მოიჯარეს) 27 თვის ვადით (2014 წლის 31 დეკემბრამდე) იჯარით გადასცა ქ.ზუგდიდში, ქ-ის ქ.№1-ში მდებარე 460კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით №...). შპს ,,პ. და კ-ას’’ ერთ-ერთი პარტნიორი და 65%-იანი წილის მფლობელია პ. მ-ა.

2012 წლის 31 დეკემბერს, შპს ,,ზ-ის’’ დირექტორმა ჯ. ზ-ამ გამოსცა №10 ბრძანება, ხოლო მოგვიანებით – 2012 წლის 14 თებერვალს №10 ბრძანებაში შეიტანა ცვლილებები №6 ბრძანებით, რომლის საფუძველზეც 2013 წლის 1 იანვრიდან შეწყდა 2011 წლის 26 აპრილს გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება შპს ,,ზ-სა’’ და პ. მ-ას შორის – ქ.ზუგდიდში, ქ-ის ქ.№1-ში რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე 660კვ.მ მიწის ფართის გადაცემის შესახებ, მათ შორის 200კვ.მ. ფართსა და 640კვ.მ ფართზე, რომელიც ქვეიჯარით იყო გაცემული შპს ,,პ.და კ-ე’’.

დასახელებული ბრძანების მოტივაციას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ

ქირავნობით (იჯარით) ტერიტორია გაიცა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესის” პირველი და მე-2 პუნქტის უხეში დარღვევით, რაც ითვალისწინებდა ძირითადი საშუალებების საჯარო აუქციონის ფორმით გაცემას ან აუციონის გარეშე საქართველოს მთავრობის თანხმობას, ასეთი თანხმობა კი ხელშეკრულების დადებისას არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დავის გადაწყვეტისათვის სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე'' საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

№1-1/1732 ბრძანება. ამ ბრძანების თანახმად, 2011 წლის 26 აპრილს შპს ,,ზ-სა’’ (,,გამქირავებელს’’) და პ. მ-ას (,,დამქირავებელს’’) შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულება კანონშესაბამისი, ხოლო მისი გაუქმების თაობაზე მიღებული შპს ,,ზ-ის’’ დირექტორ ჯ. ზ-ას ბრძანება უკანონო იყო.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანება აწესრიგებს სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავა სწორედ აღნიშნული სამართლებრივი აქტით უნდა მოწესრიგებულიყო და არა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით. ,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე'' საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/1732 ბრძანების მე-2 მუხლის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ძირითადი საშუალებების განკარგვის ფორმაა დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა.

საქმეზე დადგინდა, რომ 2011 წლის 26 აპრილს შპს ,,ზ-სა’’ (,,გამქირავებელს’’) და პ. მ-ას (,,დამქირავებელს’’) შორის დაიდო

ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც პ. მ-ას ავტოსადგომის მოსაწყობად 5 წლის ვადით გადაეცა ქ.ზუგდიდში, ქ-ის ქ.№1-ში მდებარე რკინიგზის სადგურის ცენტრალური შესასვლელის მარცხენა მხარეს არსებული 200კვ.მ. და მარჯვენა მხარეს არსებული 460კვ.მ მიწის ნაკვეთი. შესაბამისად დადგინდა, რომ მოდავე მხარეებს შორის 2011 წლის 26 აპრილს გაფორმდა შპს „ზ-ის” ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზეც. ,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე'' საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/1732 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უძრავი ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში ადრე გადაცემული და/ან გადასაცემი ფართების ჯამური ოდენობა აღემატება 50კვმ-ს და/ან იმ ქონების (შენობის მიწის ნაკვეთის და ა.შ.) საერთო ფართი შეადგენს 10%-ზე მეტს, რომელშიც გადასაცემი ფართია განთავსებული, აღნიშნული ფართის გადაცემა წინასწარ საჭიროებს სააგენტოსთან შეთანხმებას. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად, ძირითადი საშუალებების საჯარო აუქციონის მოწყობის გარეშე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, რომელიც აღნიშნულ საკითხს წერილობით ათანხმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან.

საქმის მასალებით დადგინდა, რომ შპს ,,ზ-მა’’, პ. მ-ან ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე შეთანხმების მიზნით მიმართა სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნულის თაობაზე აცნობა სამინისტროს. დადგინდა, რომ 2011 წლის 18 აპრილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სსიპ საწარმოთა განვითარების სააგენტოს აცნობა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ იყო წინააღმდეგი სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებულიყო ქ.ზუგდიდში, ქ-ის ქ. №1-ში მდებარე 200 კვ.მ.და 460-კვ.მ მიწის ნაკვეთების საჯარო აუქციონის მოწყობის გარეშე, პირდაპირი წესით პ. მ-ე იჯარით გაცემა 5 წლის ვადით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულება, რომელიც სადავო ბრძანებით შეწყდა, სრულიად კანონშესაბამისად იყო დადებული, რაც უპირველესად იმას გულისხმობდა, რომ მის დადებაზე მხარეს თანხმობა მიღებული ჰქონდა უფლებამოსილი და კომპეტენტური ორგანოსგან – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2011 წლის 18 აპრილს, მას შემდგომ, რაც სააგენტომ მიიღო თანხმობა სამინისტროსგან, მან თავის მხრივ, შპს ,,ზ-ს’’ მისივე წერილის პასუხად აცნობა, რომ სააგენტო არ იყო წინააღმდეგი განეხორციელებინა შპს ,,ზ-ის’’ კაპიტალში რიცხული ქ.ზუგდიდში, ქ-ის ქ.№1-ში მდებარე 200კვ.მ და 460კვ.მ მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის მოწყობის გარეშე, პირდაპირი წესით პ. მ-ე იჯარით გაცემა 5 წლის ვადით. მხოლოდ აღნიშნული შეთანხმების შემდგომ განხორციელდა შპს „ზ-სა” და პ. მ-ას შორის ქირავნობის ხელშეკრულების დადება, რაც სასამართლოს მოსაზრებით, განხორციელდა კანონის და ,,სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე''საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/1732 ბრძანების მოთხოვნათა სრული დაცვით. ამდენად, არ არსებობდა შპს „ზ-ის” დირექტორის მხრიდან იჯარის ხელშეკრულების გაუქმების რაიმე საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ზ-მა“.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

2011 წლის 22 მარტს, შპს „ზ-ის“ დირექციამ (მითითებული შპს შექმნილი იყო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს მიერ 100%-იანი სახელმწიფო წილით) წერილობით მოითხოვა სარჩელში მითითებული მიწის ნაკვეთების მის ბალანზე გადაცემა, რაც დაკმაყოფილდა აღნიშნული სააგენტოს 2011 წლის 1 აპრილის №1-3/246 ბრძანებით და მოცემული ქონება აღირიცხა შპს „ზ-ის“ კაპიტალში, თუმცა ქონება სახელმწიფო საკუთრებიდან არ ამორიცხულა. შპს „ზ-ის“ ახლად დანიშნულმა დირექტორმა ჯ.ზ-ამ, თავისი 2012 წლის 31 დეკემბრის №10 ბრძანებით (2013 წლის 14 თებერვლის №6 ბრძანებით მასში შეტანილი ცვლილებებითურთ), გააუქმა შპს „ზ-სა“ და პ. მ-ას შორის 2011 წლის 26 აპრილს დადებული ქირავნობის ხელშეკრულება, როგორც კანონის მოთხოვნათა დარღვევით დადებული. კერძოდ, ამ შემთხვევაში ყურადღება მიექცა იმ გარემოებას, რომ დარღვეული იყო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით დადგენილი მოთხოვნები, რომელიც ითვალისწინებდა ძირითადი საშუალებების საჯარო აუქციონის ფორმით ან აუქციონის გარეშე პირდაპირი წესით საქართველოს მთავრობის თანხმობით გადაცემას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა;

მოცემული დავის პირველი ინსტანციის წესით განმხილველმა სასამართლომ (რომელმაც პ. მ-ას სარჩელი არ დააკმაყოფილა) მართებულად ჩათვალა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს წერილები (ამ წერილებით, ისინი არ იყვნენ წინააღმდეგნი პ. მ-ის საჯარო აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით ქონების სარგებლობაში გადაცემაზე), არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო საქართველოს მთავრობის თანხმობად. სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ პ. მ-ის ქონების ქირავნობის უფლებით გადაცემა მოხდა არა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნით, არამედ, „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანების (როგორც კანონქვემდებარე აქტის) საფუძველზე, რომელსაც „სახელმწიფო საკუთრების შესახებ“ კანონთან მიმართებაში არ შეიძლება უპირატესობა ჰქონოდა. ამასთან, დასახელებული ბრძანება ნაწილობრივ გამომდინარეობს „სახელმწიფო საკუთრების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, სადაც მითითებულია, რომ სამინისტრო სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ ქონებას, რომლის პრივატიზებაც აკრძალულია ამ კანონით უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტის და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს მხოლოდ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში წილის (აქციების) 50% ან 50%-ზე მეტია. მინისტრის ბრძანება აშკარად ეწინააღმდეგება კანონს „სახელმწიფო საკუთრების შესახებ“. დროებით სარგებლობაში გადასაცემი ქონება უნდა იყოს პრივატიზებააკრძალული ქონებების ნუსხაში. რაც ჩამოთვლილია ამავე კანონის მე-4 მუხლში (პ. მ-ის პირდაპირი წესით სარგებლობაში გადასაცემი მიწის ნაკვეთების ტიპი ამ ნუსხაში არ არის). ამასთან, მითითებული მუხლის მე-3 ნაწილი შეეხება მხოლოდ 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილით არსებული ქონების გადაცემის უსასყიდლო უზუფრუქტის, აღნაგობის და თხოვების შემთხვევებს, რასაც მოსარჩელისათვის გადაცემული ქონების შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „სახელმწიფო საკუთრების შესახებ“ კანონი, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, რომლებიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონქვემდებარე აქტი – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/1732 ბრძანება, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ზ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ზ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ზ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ზ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 17 აგვისტო, საგადახდო დავალება № 42) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე