Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-929-887-2013 9 დეკემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ხ. მ-ი, თ. ფ-ა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა კოლეგიის 2013 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ს. ბ-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხ. მ-სა და თ. ფ-ას სს ,,ს. ბ-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2007 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების – 34 108,36 აშშ დოლარის, პროცენტის - 18 028,57 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს – 10 000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს –ხ. მ-სა და თ. ფ-ას სს ს. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2008 წლის 22 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის – 28 726,76 აშშ დოლარის, პროცენტის – 14 466,12 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს – 6 000 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს – ხ. მ-სა და თ. ფ-ას სს ს. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №427651 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის - 199,88 აშშ დოლარის, პროცენტის - 126,76 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 120 აშშ დოლარის გადახდა. მოპსუხე თ. ფ-ას სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საბანკო კრედიტის (საკრედიტო ბარათის) ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების – 883,70 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილებით მოპასუხეების – ხ. მ-სა და თ. ფ-ის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდა იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ქ.თბილისში, ბ-ის ქ. №71-ში და ქ. თბილისში, კ-ის ქუჩა 10/12-ში (საკადასტრო კოდი №...) მდებარე იპოთეკით დატვირთული, თ. ფ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებაოდა საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეოდა ხ. მ-ის და თ. ფ-ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრაეს ხ. მ-მა, თ. ფ-ამ და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ხ. მ-სა და თ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრაეს ხ. მ-მა, თ. ფ-ამ და მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება.

2013 წლის 6 დეკემბერ ხ. მ-მა და თ. ფ-ამ განცხადებით მომართეს საკასაციო პალატას და აღნიშნეს, რომ უარს ამბობენ საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, ხ. მ-სა და თ. ფ-ას განცხადების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი უფლებამოსილია, თანამდევი სამართლებრივი შედეგის გათვალიწინებით, უარი განაცხადოს თავის საკასაციო საჩივარზე.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორებმა ხ. მ-მა და თ. ფ-ამ უარი თქვეს საკასაციო საჩივარზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხ. მ-სა და თ. ფ-ას განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების თანახმად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1211,11 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 378-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შეწყდეს საქმის წარმოება ხ. მ-სა და თ. ფ-ას საკასაციო საჩივარზე სს „ს. ბ-ის“ მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

2. ხ. მ-სა და თ. ფ-ას დაუბრუნდეთ ხ. მ-ის მიერ 2013 წლის 15 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1211,11 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბ-ის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. მხარეებს განემარტოთ, რომ მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრება საკასაციო წესით აღარ დაიშვება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე