№ას-932-890-2013 12 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ნ. ჩ-ა
მოსარჩელე – ი. ე-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ა-ა
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით – ა. ო-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ ქონების მესაკუთრედ აღიარება და ყადაღისაგან გათავისუფლება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ას და ი. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის – ა. ო-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.მ. ა-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული ი. ე-ს და ა. ო-ას შორის. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2011 წლის 10 თებერვლის აქტით ქ.თბილისში, ტ. ტ-ის ქუჩა #92-ში აღწერილი და დაყადაღებული ნივთების რეალიზაციის შეჩერების შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ჩ-ამ, ი. ე-მა, ა. ო-ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით ა. ო-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2013 წლის 4 ივლისის განჩინებით ნ. ჩ-სა და ი. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჩ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასაციო საგნის – სადავო მოძრავი ნივთების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2013 წლის 16 ოქტომბერს ნ. ჩ-ამ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი გადახდის გადავადება.
საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ნ. ჩ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადებდის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით.
2013 წლის 11 ნოემბერს ნ. ჩ-ამ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება.
საკასაციო პალატის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ნ. ჩ-ას შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 3 დღით.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორს 2013 წლის 3 დეკემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გარძწლწბია შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2013 წლის 3 დეკემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.169). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 4 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 9 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს და არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაცო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია