Facebook Twitter

№ას-1001-958-2013 2 დეკემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს-ო“

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „ს. ბ-ის“ მოთხოვნა მოპასუხეების შპს „ს-სა“ და ამხანაგობა „ს. ე-ის 2-ის“ მიმართ;

2. შპს „ს-ოს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 746539.63 ლარისა და 874829.93 აშშ დოლარის გადახდა;

3. დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინდა, რომ სარეალიზაციოდ მიქცეულიყო ქ.თბილისში, ს. ე-ის ქ.№2-სა და ვ-ას გამზირის გადაკვეთაზე მდებარე უძრავი ნივთი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს-ომ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინებით შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს „ს-ომ“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შპს „ს-ომ“ ხარვეზის შესავსებად ვადის მიცემის თხოვნით მიმართა სასამართლოს, თუმცა სასამართლომ მხარის სამართლიან თხოვნაზე არ იმსჯელა და მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება. სასამართლო ვალდებული იყო, კანონით დადგენილი წესით აპელანტისათვის მიეცა შესაძლებლობა, რომ მას სამართლიან სასამართლოში დაეცვა თავისი უფლებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს-ოს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ივნისის განჩინებით შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში: 1. მიეთითებინა, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა; 2. მიეთითებინა გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს; 3. სააპელაციო საჩივარი სასამართლოსათვის წარედგინა იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში; 4. წარედგინა 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადასახადო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი) დედნის სახით (ტომი 2, ს.ფ. 139-140).

2013 წლის 8 ივლისს, შპს „ს-ოს“ დირექტორმა გ.ს-ამ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებელმა განმარტა, რომ აპელანტი ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ახერხებდა მითითებულ ვადაში ხარვეზის შევსებას და ითხოვა მისთვის ხარვეზის შესავსებად დამატებითი ვადის მიცემა (ტომი 2, ს.ფ. 143).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განჩინებით შპს „ს-ოს“ 5 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა (ტომი 2, ს.ფ. 144-145).

ამავე სასამართლოს 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინებით შპს „ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტომი 2, ს.ფ. 148-150).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებულ ვითარებაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს არ უმსჯელია აპელანტის შუამდგომლობაზე ხარვეზის შესავსებად დამატებითი ვადის მიცემის თაობაზე. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე აპელანტის თხოვნა სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მას 5 დღით გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა (ტომი 2, ს.ფ. 143, 144-145). ეს განჩინება აპელანტს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა მას ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, შესაბამისად, სასამართლო არარსებულ შუამდგომლობაზე ვერ იმსჯელებდა.

არასწორია კერძო საჩივრის ავტორის მიერ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებაზე აპელირება, ვინაიდან კანონი აწესებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი არ იქნება შევსებული. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ კანონით გათვალიწინებული მოთხოვნის შესრულება არ შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს-ოს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე