საქმე №ას-1011-968-2013 9 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ. ჩ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ტ. შ-ე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა, სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ჩ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ. შ-ის მიმართ და მოითხოვა, ამხანაგობა „ა-ის“ 2006 წლის 14 ნოემბრის №6 სხდომის ოქმის იმ ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც ტ. შ-ეს გადაეცა ქ. ბათუმში, ჭ-ის ქ.№21-ში, მე-8 სართულზე მდებარე №56 ბინა, ასევე ამხანაგობა „ა-ის“ 2012 წლის 19 ნოემბრის №17, 28 ნოემბრის №18 კრების ოქმების, 2008 წლის 4 მაისის №41 კრების ოქმის ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის მონაცემებში აღნიშნული ოქმების საფუძველზე არსებული ჩანაწერების გაუქმება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ ჩაერთო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა-ა“.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქმეში არსებული სხდომის ოქმის თანახმად, დ. ჩ-ის სარჩელთან დაკავშირებულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ივნისის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, სადაც განმარტებული იყო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 2013 წლის 2 აგვისტოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის სხდომას, სადაც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ესწრებოდა დ. ჩ-ის წარმომადგენელი ი. ზ-ე.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე მუხლით და განმარტა, რომ ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი და აპელანტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის გადაწყვეტილების მოთხოვნით არ მიუმართავს, პალატამ სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტისთვის ჩაბარებულად ჩათვალა და სააპელაციო გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 19 ივლისს, რაც ამოიწურა 2013 წლის 1 აგვისტოს 24:00 საათზე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან დ. ჩ-ემ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფოსტის მეშვეობით წარუდგინა 2013 წლის 2 აგვისტოს, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დარღვევით, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. ჩ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა დ.ჩ-ის წარმომადგენელი ი. ზ-ე. მხარეს გადაწყვეტილების მისაღებად კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსათვის ოფიციალურად არ მიუმართავს, არამედ ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს. გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა მისი გამზადების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა ხდება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2013 წლის 19 ივლისიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი ეწინააღმდეგება ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველ ნაწილს. 369-ე მუხლით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 62-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც ამოიწურა 2013 წლის 2 აგვისტოს 24.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ დ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 2591 მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დაარღვია.
საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ მისი გაუქმების სამართლებრივ წინაპირობებზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო საჩივრის შეტანის პირობებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.
ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, „არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის“ ათვლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გამოთვლის ზოგადი წესი, კერძოდ, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით გამოთვლილი მე-20 დღე არის იმ მოქმედების შესრულების პირველი დღე, რაც უკავშირდება სასამართლოში გამოცხადებას და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 21-ე დღე. ანალოგიურად უნდა განიმარტოს 30-ე დღე, როგორც, ერთი მხრივ, მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადების ბოლო დღე (მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა უქმე და დასვენების დღეს) და იმავდროულად გასაჩივრების ვადის ათვლის პირველი დღე, თუკი მხარე დაარღვევს სასამართლოში გამოცხადების კანონისმიერ ვალდებულებას.
მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით კანონის ზემოხსენებული დანაწესი სრულიად სწორადაა განმარტებული და ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ აღნიშნულ ნორმათა დანაწესი ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება და თავად მხარეც ადასტურებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა დ. ჩ-ის წარმომადგენელი ი. ზ-ე, რომლის უფლებამოსილება გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით დადასტურებულია შესაბამისი მინდობილობით (ს.ფ. 65, ტომი 2).
ასევე უდავოა, რომ დ. ჩ-ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტთა წრეს არ განეკუთვნებოდა და მასზე ვრცელდებოდა ამავე კოდექსის 2591 მუხლის მოთხოვნები.
ზემოხსენებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად დ. ჩ-ეს მისი გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოსათვის წერილობით არ მიუმართავს.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან – 2013 წლის 19 ივლისიდან და აღნიშნული ვადა ამოიწურა 2013 წლის 1 აგვისტოს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია, რომ დ. ჩ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის 2013 წლის 2 აგვისტოს შეტანით აპელანტმა კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა დაარღვია, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილევლად დატოვების საფუძველია.
რაც შეეხება მხარის მითითებას, რომ მან ტელეფონის მეშვეობით არაერთხელ მიმართა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეს 2013 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების მისაღებად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა საქალაქო სასამართლოში განცხადება შეიტანა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის გასვლის შემდეგ, 2013 წლის 29 ივლისს მაშინ, როდესაც ევალებოდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოცხადებულიყო მე-20-30-ე დღეებში. სატელეფონო საუბრებზე მითითება კი არ ადასტურებს, რომ მხარემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მისთვის დადგენილი ვალდებულება შეასრულა და კანონით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად მიმართა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე