Facebook Twitter

№ას-1034-988-2013 9 დეკემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები – ა. გ-ა, ს. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სადავო ქონების პირვანდელი მესაკუთრის სახელზე აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. გ-ას და რ. გ-ის სარჩელი მოპასუხეების – ა. გ-სა და ს. გ-ის მიმართ, რომლითაც მოსარჩელეებმა მოითხოვეს 2013 წლის 3 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების პირვანდელი მესაკუთრის სახელზე აღრიცხვა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო ქონების პირვანდელი მესაკუთრის სახელზე აღიცხვა.

საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ სააპელაციო საჩივარს გ. გ-ას ნაწილში დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა დავის საგნის ფასის განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდა;

2013 წლის 12 სექტემბერს გ. გ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა სრულყოფილად არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, მან წარადგინა სახელმწიფო ბაჟის მხოლოდ 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მაგრამ არ განუსაზღვრავს დავის საგნის ფასი, ხოლო საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ შეესაბამებოდა დავის საგნის ფასს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილი 2013 წლის 3 აპრილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით, სადავო უძრავი ქონების ფასი განისაზღვრა 20000 ლარით. მითითებული ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით სარჩელი გ. გ-ამ აღძრა რ. გ-ან ერთად, სადაც სარჩელის ფასად მიუთითა 10000 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება სადავო უძრავი ქონების ღირებულებას უკავშირდება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (150 ლარი) არ წარმოადგენდა არც სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონების ღირებულების (20000 ლარი) და არც სარჩელში თავად გ. გ-ას მიერ მითითებული სარჩელის ფასის (10000 ლარი) 4%-ს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ აპელანტმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამავე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და დარჩება განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამ მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტმა სააპელაციო საჩივარზე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟი აპელანტს უკან დაუბრუნა.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება გ. გ-ამ გაასაჩივრა კერძო საჩივრით.

კერძო საჩივრის საფუძველი:

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 სექტემბრის განჩინებით დადგენილი დავალების შესაბამისად, აპელანტმა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 150 ლარი (100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი მას უკვე გადახდილი ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოში). მიუხედავად ამისა, სასამართლომ სააპელაციო საჩივარი ისე დატოვა განუხილველად, რომ აპელანტისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებითი ვადა არ მიუცია;

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის მინიმუმი – 150 ლარი. იგი არსად მუშაობს, არის 18 წლის, საცხოვრებელი არ გააჩნია და ეს თანხა ნათესავების დახმარებით მოაგროვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 სექტემბრის განჩინებით აპელანტ გ. გ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მას დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე, კერძოდ, აპელანტს უნდა განესაზღვრა დავის საგნის ფასი და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, რაც არ უნდა ყოფილიყო 150 ლარზე ნაკლები. ამავდროულად, განჩინებით მხარეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ტომი 2, ს.ფ. 4-6).

დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტმა ხარვეზი სრულად არ შეავსო, კერძოდ, მან გადაიხადა მხოლოდ 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი (ტომი 2, სფ. 9-10).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება და მართებულად დაუდინა ხარვეზი აპელანტს. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. საპროცესო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ქონებრივ-სამართლებრივად იმ შემთხვევებში, როცა მას საფუძვლად ქონებრივი ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სარჩელი იქნა სასამართლოში წარდგენილი (აღიარებითი, მიკუთვნებითი თუ სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლისკენ მიმართული). ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა არის ყველა ის ურთიერთობა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოგების მიღება ფულადი თანხით, ან ფულადი ღირებულების მქონე საგნების შენარჩუნება. არაქონებრივ-სამართლებრივი დავების გამიჯვნა ქონებრივ-სამართლებრივი დავებისაგან ხდება გამორიცხვის მეთოდით და მოიცავს ყველა იმ შემთხვევას, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას არ წარმოადგენს. არაქონებრივ-სამართლებრივია ყველა დავა, როდესაც საქმე ეხება მხოლოდ პირად ან მის სოციალურ გარემოსთან დაკავშირებულ უფლებებს ყოველგვარი ეკონომიკური სარჩულის გარეშე. მოცემული განმარტება შესაბამისობაშია მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №ას-1384-1306-2012-მხეიძე; №1155-1032-2010-ჩიხლაძე).

კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და აღნიშნული ქონების პირვანდელი მესაკუთრის სახელზე აღრიცხვა. აქედან აშკარაა, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნას მოცემულ შემთხვევაში საფუძვლად უდევს ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა და შესაბამისად, დავა ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება და მართებულად დაავალა აპელანტს შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სწორია ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (150 ლარი) არ წარმოადგენდა არც სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონების ღირებულების (20000 ლარი) და არც თავად მოსარჩელის მიერ მითითებული სარჩელის ფასის (10000 ლარი) 4%-ს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ აპელანტმა არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მისთვის უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, რომ, მხარეთა თხოვნის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გააგრძელოს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად მის მიერ დანიშნული ვადა.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ კანონმდებელმა საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაადგინა ამავე კოდექსის ზოგადი დებულებებისაგან (64-ე მუხლი) განსხვავებული წესი, რაც გამორიცხავს სასამართლოს აქტიურ როლს საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს არ მოუთხოვია ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელება, შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გაეგრძელებინა საპროცესო ვადა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საკითხზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2013 წლის 6 სექტემბრის განჩინებაში და მხარის შუამდგომლობა ქონებრივი მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა იმ მიზეზით, რომ აპელანტს სასამართლოსათვის არ წარუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება. ამჯერადაც, კერძო საჩივრის ავტორის მითითება არანაირ მტკიცებულებით არ არის გამყარებული, რისი ვალდებულებაც მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 და 103-ე მუხლებიდან გამომდინარე გააჩნდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 6 სექტემბრის განჩინებით კანონშესაბამისად არ დააკმაყოფილა მხარის ხსენებული შუამდგომლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე