№ას-1037-991-2013 9 დეკემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ტ. კ. ტ-ი“ (წარმომადგენელი ვ. ე-ა)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „დ. ი-ი“; შპს „ქ. მ. ქ-ა“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ტ. კ. ტ-ის“ სარჩელი მოპასუხეების – შპს „დ. ი-სა“ და შპს „ქ. მ. ქ-ის“ მიმართ, რომლითაც მოსარჩელემ მოითხოვა ქონების ყადაღისგან გათავისუფლება, არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შპს „ტ. კ. ტ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება შპს „ტ. კ. ტ-ის“ წარმომადგენელმა ვ. ე-ამ გაასაჩივრა კერძო საჩივრით.
კერძო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომას, რომელიც დანიშნული იყო 2013 წლის 19 სექტემბრის 12.30 საათზე, უნდა დასწრებოდა შპს „ტ. კ. ტ-ის“ წარმომადგენელი ვ. ე-ა. აღნიშნული შპს-ს დირექტორის 2013 წლის 18 სექტემბრის ბრძანებით მას გაუფორმდა მივლინება და 2013 წლის 19 სექტემბერს დილის საათებში კომპანიის კუთვნილი ავტოტრანსპორტით უნდა მომხდარიყო თბილისიდან ქუთაისში მისი გამგზავრების უზრუნველყოფა. მითითებულ დღეს, დილით, წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და საჭირო გახდა სასწრაფოდ მისი საავადმყოფოში გადაყვანა. მან იქვე მყოფ ავტომანქანის მძღოლს სთხოვა ხსენებული ფაქტის ტელეფონით სასამართლოსათვის შეტყობინება, თუმცა ამ უკანასკნელმა მოსამართლის თანაშემწესთან დაკავშირება ვერ შეძლო;
აპელანტ ორგანიზაციას ემსახურება ერთი იურისტი, ხოლო შექმნილი ვითარების გამო, ვერ მოხერხდა დროის მოკლე პერიოდში ახალი წარმომადგენლის გამოყოფა;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ტ. კ. ტ-ის“ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის წინასწარ შეტყობინება ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ტ. კ. ტ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის და, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ აპელანტის წარმომადგენელი სხდომის დღეს გახდა ავად, ამიტომ ვერ შეძლო სასამართლოში გამოცხადება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აღნიშნულ დღეს – 2013 წლის 19 სექტემბერს, დილის საათებში, უნდა მომხდარიყო კომპანიის კუთვნილი ავტოტრანსპორტით ვ. ე-ას თბილისიდან ქუთაისში გამგზავრების უზრუნველყოფა, თუმცა მოულოდნელად წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და საჭირო გახდა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა. შექმნილ ვითარებაში, წარმომადგენელმა ვერ შეძლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სასამართლოს ინფორმირება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივარს თან ერთვის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, პაციენტ ვ.ე-ას 2013 წლის 19 სექტემბერს დაუდგინდა საშვილოსნოდან დისფუნქციური სისხლდენის დიაგნოზი, რის გამოც იგი მუშაობას მხოლოდ 20 სექტემბრიდან შეძლებდა (ტომი 2, ს.ფ. 50). აღნიშნული ცნობის შინაარსი იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ განმცხადებელს გააჩნდა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან სასამართლო სხდომამდე არსებული დროის მონაკვეთის სიმცირის პირობებში, ასევე გასაზიარებელია კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა იმ ნაწილში, სადაც იგი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში წარმომადგენელმა ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოს ინფორმირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. შესაბამისად, მითითებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ. კ. ტ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე