№ას-1040-994-2013 9 დეკემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა+“
მოწინააღმდეგე მხარეები – გ. რ-ე, ა. თ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტა, ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით გ. რ-სა და ა. თ-ის სარჩელი მოპასუხეების – შპს „ა +-სა“ და შპს „ს. ს. კ-ის“ მიმართ, დაკმაყოფილდა:
1. დასახელებულ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე გ. რ-ის სასარგებლოდ 33459 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს, 4818 აშშ დოლარის გადახდა;
2. მათვე მოსარჩელე ა. თ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 37704 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით 5574 აშშ დოლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა +-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შპს „ა +-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების გამო.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება შპს „ა +-მა“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
კერძო საჩივრის საფუძვლები:
შპს „ა +-მა“, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ასლის მიღება. აპელანტს განუმარტავდნენ, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე თავის აპარატთან ერთად შვებულებაში გავიდა ისე, რომ აღნიშნულ საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი სასამართლოს კანცელარიაში არ დაუტოვებიათ. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ ვერ უზრუნველყო მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების მიხედვით, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღიდან იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ იარსებებს შესაბამისი წინაპირობა – გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე არ გამოცხადდება და არ ჩაიბარებს გადაწყვეტილებას დადგენილ ვადაში. ვინაიდან აპელანტი ორგანიზაციის წარმომადგენელი გამოცხადდა და გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება ითხოვა, ხოლო, სასამართლომ მას იგი ვერ ჩააბარა, კონკრეტულ შემთხვევაში 2591 მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადების გამოყენება არასწორია;
ამავდროულად, შპს „ა +-მა“ საკასაციო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოდან რიგი შესაბამისი მტკიცებულებების (ინფორმაცია, თუ როდის იმყოფებოდა მოსამართლე მაკა ჭედია შვებულებაში; 2013 წლის 9 აგვისტოს, სასამართლოს ფოიეში არსებული კამერის ჩანაწერი; ამავე დღეს მოსამართლე მაკა ჭედიას სამსახურის შიდა ტელეფონზე განხორციელებული ზარების ამონაწერი; კანცელარიის პროგრამის ამონაწერი და ინფორმაცია იმის შესახებ, ელექტრონული სისტემის მიხედვით, თუ როდის გადაეცა საქალაქო სასამართლოს კანცელარიას ზემომითითებული სასამართლო გადაწყვეტილება) გამოთხოვის თაობაზე;
შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ შპს „ა+-ის“ იურისტმა ნ.გ-მა 2013 წლის 10 ოქტომბერს უკვე მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს და ითხოვა მისთვის დასახელებული მტკიცებულებების მიწოდება, რაზეც მას პასუხი არ გაეცა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა+-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
ამდენად, მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 ივლისის სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა მოპასუხე მხარის – შპს „ა +-ის“ წარმომადგენელი, თუმცა დასტურდება ის, რომ იგი ინფორმირებული იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღის თაობაზე. კერძოდ, წინა სასამართლო სხდომაზე – 2013 წლის 5 ივლისის სხდომაზე, შპს „ა +-ის“ წარმომადგენელ ი.ჯ-ეს ჩამოერთვა ხელწერილი, რომლითაც მას ეცნობა მომდევნო სასამართლო სხდომის თარიღისა და მასზე სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოტანის შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 192, 177-191). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღის შესახებ აპელანტის წარმომადგენლის ინფორმირება ნიშნავს ასევე აპელანტის ინფორმირებასაც.
საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ფარგლებში შპს „ა +-ის“ წარმომადგენელი გამოცხადდა სასამართლოში და მოითხოვა მისთვის ამ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოტანის თარიღის თაობაზე ეცნობა აპელანტის წარმომადგენელს (უფლებამოსილება წესრიგში იყო, იხ. ტომი 1, ს.ფ. 148-150), ამიტომ აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღიდან, კერძოდ, მითითებული ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 9 აგვისტოდან და ამოიწურა ამავე წლის 22 აგვისტოს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2013 წლის 27 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად შპს „ა +-ის“ სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მის მიერ მიღების შეუძლებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემობანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ თავისი სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლა. ამდენად, საჩივრის ავტორმა ვერ დაამტკიცა, რომ მან კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს და ვერ შეძლო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღება.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოდან მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე, ვინაიდან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობაში მითითებული მტკიცებულებებით, შეუძლებელია კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოების დადასტურება. კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიმართვის და სასამართლოს ბრალით მისი მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ სასამართლოს კანცელარიაში პირადად უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა+-ის“ შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა+-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ა+-ის“ შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე