Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1041-995-2013 16 დეკემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ნ. ხ-ა, მ. მ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ხ-სა და მ. მ-ის მიმართ ნ.ხ-ის 500 აშშ დოლარის, ხოლო მ.მ-ის 2500 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ. მოსარჩელის მითითებით, 2012 წელს მან სადავო თანხები გადაურიცხა მოპასუხეებს ლ. ტ-ის გადასარიცხად, თუმცა მოპასუხეებმა ხსენებული ვალდებულება არ შეასრულეს.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო თანხები ლ.ტ-ეს გადაურიცხეს, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ. ხ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 500, ხოლო მ. მ-ეს – 2500 აშშ დოლარის გადახდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი და 2591 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში სასამართლოში მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულებას, საიდანაც აითვლება მისი გასაჩივრების ვადა, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევისათვის ადგენს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს გასაჩივრების ვადის დენის ავტომატურად დაწყებას.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ბ.ბ-ემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილ ვადაზე ადრე, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-7 დღეს, 18 ივლისს განცხადებით მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად, თუმცა მისი ხელწერილით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება ჩაიბარა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ 2013 წლის 9 სექტემბერს.

სააპელაციო საჩივარში აპელანტები მიუთითებენ, რომ 2013 წლის 18 ივლისიდან ითხოვდნენ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას, თუმცა იგი მათ 2013 წლის 9 სექტემბერს ჩაბარდათ, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით სასამართლოში წარდგენილი განცხადება თავისთავად არ წარმოადგენს იმ ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ მხარემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს და სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ყოფილა გადასაცემად მომზადებული ამ ვადაში. საქმეში არსებული ხელწერილით დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ მხარემ აღნიშნული მუხლით განსაზღვრული ვალდებულება განახორციელა ამავე მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 9 სექტემბერს.

საქმის მასალებით, კერძოდ, სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმით ასევე დასტურდება, რომ მას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი ბ. ბ-ე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილისა და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 12 აგვისტოს და ამოიწურა 2013 წლის 26 აგვისტოს.

ნ. ხ-სა და მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ იქნა 2013 წლის 10 სექტემბერს ფოსტის მეშვეობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ხ-ამ და მ. მ-ემ შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ნ. ხ-სა და მ. მ-ის წარმომადგენელმა ბ.ბ-ემ მიმართა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად 2013 წლის 18 ივლისს. მოსამართლის თანაშემწემ მას განუმარტა, რომ მიემართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში, თუმცა მითითებულ დროს მისვლისას ბ.ბ-ეს გადაწყვეტილება მზად არ დახვდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2013 წლის 10 (და არა 11, როგორც ეს გადაწყვეტილებაშია დაფიქსირებული) ივლისის გადაწყვეტილება მხარემ 30-ე დღის გასვლის შემდეგ, სასამართლოს საინფორმაციო დაფაზე გამოკრულ ცხელ ხაზზე დარეკვის შედეგად 2013 წლის 9 სექტემბერს ჩაიბარა, მოსამართლის თანაშემწემ კი განუმარტა, რომ აპელანტის წერილობითი განცხადება გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის თაობაზე ვერ აღმოაჩინა. 2013 წლის 10 სექტემბერსვე მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, თუმცა იგი უკანონოდ დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-სა და მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ ნ. ხ-სა და მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა საპროცესო ვადის დარღვევით.

საკასაციო პალატა იზიარებს ზემოხსენებულ მოსაზრებას სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის თაობაზე, თუმცა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ აღნიშნული ვადის გამოთვლისას დაუშვა გარკვეული უზუსტობა, კერძოდ:

სააპელაციო საჩივრის შეტანის პირობებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში, „არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის“ ათვლისათვის გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადის გამოთვლის ზოგადი წესი, კერძოდ, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. შესაბამისად, აღნიშნული პრინციპით გამოთვლილი მე-20 დღე არის იმ მოქმედების შესრულების პირველი დღე, რაც უკავშირდება სასამართლოში გამოცხადებას და ასეთად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს 21-ე დღე. ანალოგიურად უნდა განიმარტოს 30-ე დღე, როგორც, ერთი მხრივ, მხარის მიერ სასამართლოში გამოცხადების ბოლო დღე (მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა უქმე და დასვენების დღეს) და იმავდროულად გასაჩივრების ვადის ათვლის პირველი დღე, თუკი მხარე დაარღვევს სასამართლოში გამოცხადების კანონისმიერ ვალდებულებას.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2013 წლის 11 ივლისს გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სამოქალაქო საქმეზე – ნ. ა-ის სარჩელის გამო ნ. ხ-სა და მ. მ-ის მიმართ. მართალია, კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება გამოცხადდა 10 და არა 11 ივლისს, თუმცა სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვის თარიღის შეცდომით მითითების ფაქტი რაიმე სახის მტკიცებულებით არ დასტურდება.

უდავოა, რომ ორივე მხარისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი და მათი წარმომადგენლები, რომელთაც მარწმუნებლების სახელით გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება გააჩნდათ, ესწრებოდნენ სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას. ამასთან, ნ. ხ-ა და მ. მ-ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს არ წარმოადგენენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები ვალდებული იყვნენ, მიემართა სასამართლოსათვის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში, ანუ 2013 წლის 31 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით.

სააპელაციო პალატამ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ნ.ხ-სა და მ.მ-ეს კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად წერილობითი არ მიუმართავთ. მათმა წარმომადგენელმა – ბ.ბ-ემ განცხადება წარადგინა 2013 წლის 18 ივლისს (ტომი 1, ს.ფ. 71), სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე, რა დროსაც სასამართლოს გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების ვალდებულება არ გააჩნდა. რაც შეეხება ბ.ბ-ის მითითებას, რომ იგი დროდადრო უშედეგოდ აკითხავდა სასამართლოს და ესაუბრებოდა მოსამართლის თანაშემწეს, აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული წესით – სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით არ დადასტურებულა. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ნ. ა-ის წარმომადგენელმა ი. ს-მა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2013 წლის 29 ივლისს, შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბ.ბ-ის არგუმენტს, რომ მან სადავო გადაწყვეტილების ასლი 2013 წლის 9 სექტემბრამდე ვერ ჩაიბარა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2013 წლის 10 აგვისტოს, შაბათს და არა 2013 წლის 12 აგვისტოს, ორშაბათს, როგორც ეს სააპელაციო პალატამ მიუთითა. აღნიშნული 30-ე დღე წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის პირველი დღეს მიუხედავად იმისა, რომ იგი დაემთხვა უქმე დღეს. მითითებული ვადის ბოლო დღე კი იყო 2013 წლის 23 და არა 26 აგვისტო. შესაბამისად, ამავე წლის 10 სექტემბერს წარდგენილი სააპელაციო საჩივარი სავსებით მართებულად დარჩა განუხილველად.

აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია ნ.ხ-სა და მ.მ-ის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აეთვალა მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების 2013 წლის 9 სექტემბერს ჩაბარების მომენტიდან მაშინ, როდესაც 9 სექტემბერს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღე უკვე გასული იყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დაშვებული უზუსტობების მიუხედავად გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ხ-სა და მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე