№ას-1046-1000-2013 10 დეკემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები – ბმა „ყ. 30ა-31ა“, თ. ბ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სარჩელი მოპასუხეების – „ყ. 30ა-31ა-სა“ და თ. ბ-ას მიმართ უძრავი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინებით ნ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. გ-ამ.
კერძო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ მხარეს დროულად ვერ გადასცა დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამის მიზეზი ასახულია საქმეში არსებულ განცხადებაში, რომელიც შედგენილია საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე და რომლითაც მოთხოვნილ იქნა გადაწყვეტილების ჩაბარება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიზეზით დაგვიანებით ჩაბარდა, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა მოხდეს არა სსკ-ის 2591 მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, არამედ გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ელი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
ამდენად, მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ნ. გ-ას წარმომადგენელს, გ. ლ-ს (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 353), ეცნობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი - 2013 წლის 26 ივნისი (იხ. ს.ფ. 375-378). ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო მოსარჩელისთვისაც, შესაბამისად, იგი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სასამართლოში 2013 წლის 16 ივლისიდან ამავე წლის 26 ივლისის ჩათვლით და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მითითებულ პერიოდში მოსარჩელე სასამართლოში არ გამოცხადებულა, მისმა წარმომადგენელმა სასამართლოს განცხადებით მიმართა 2013 წლის 12 აგვისტოს. ასეთ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღიდან (2013 წლის 26 ივლისიდან), შესაბამისად, ეს ვადა ამოიწურა 2013 წლის 8 აგვისტოს. სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან იგი შეტანილი იყო ვადის დარღვევით, კერძოდ, 2013 წლის 19 აგვისტოს.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის დაგვიანებით ჩაბარება გამოწვეული იყო სასამართლოს ბრალით, კერძოდ, ამ უკანასკნელს დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ ჰქონდა კანონით დადგენილ ვადაში.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც ამ უკანასკნელის ვალდებულებას წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 და 103.1 მუხლების შესაბამისად. განცხადება, რომელზეც კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, ასეთ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან ამ დოკუმენტით მხოლოდ ის დასტურდება, რომ მოსარჩელემ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოს მიმართა დაგვიანებით. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2013 წლის 26 ივნისის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს გაეგზავნა 2013 წლის 19 ივლისს (ტომი 1, ს.ფ. 389) და ჩაბარდა 2013 წლის 22 ივლისს (ტომი 1, ს.ფ. 391). საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხსენებული გარემოება ადასტურებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად ჰქონდა კანონით დადგენილ ვადაში და, ცხადია, მოსარჩელის სურვილის შემთხვევაში, მას დაუბრკოლებლად გადაეცემოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე