Facebook Twitter

№ას-1055-1006-2013 16 დეკემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. თ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები – ბ. გ-ე, ქ. ჯ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

დავის საგანი – კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით:

1. არ დაკმაყოფილდა მ. თ-ას სარჩელი, რომლითაც მან მოითხოვა: ა. ნოტარიუს ლ.ო-ის მიერ 2012 წლის 24 იანვარს ი. წ-ის სამკვიდრო ქონებაზე ბ. გ-ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და ბ. 2012 წლლის 20 ივნისს, ბ. გ-სა და ქ. ჯ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ. გ-ის სარჩელი:

ა. ბათილად იქნა ცნობილი ვ. წ-ის მიერ 1992 წლის 18 დეკემბერს ნ.წ-სა და მ. თ-ას სასარგებლოდ შედგენილი, ნოტარიუს მ.ბ-ის მიერ დამოწმებული ანდერძი;

ბ. ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე, ნოტარიუს ხ. შ-ის მიერ 2011 წლის 17 ივნისს 1994 წლის 6 იანვარს გარდაცვლილი ვ. წ-ის სამკვიდრო ქონებაზე მ. თ-ას სასარგებლოდ გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა;

3. არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა ნოტარიუს მ.ბ-ის დავალდებულების შესახებ, ბათილად ეცნო სანოტარო აქტი ანდერძის ძალაში შესვლის თაობაზე; ამოეშალა ანდერძი სანოტარო რეესტრის ჩანაწერებიდან და გადაეცა ეს მონაცემები სანოტარო პალატისათვის, აგრეთვე, ნოტარიუს ხ.შ-ის დავალდებულების თაობაზე, ამოერიცხა ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა სანოტარო რეესტრის მონაცემთა ბაზრიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მ. თ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მ. თ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. თ-ამ.

კერძო საჩივრის საფუძვლები:

გასაჩივრებული განჩინება კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რაც უკავშირდებოდა მის ქონებრივ მდგომარეობას. შუამდგომლობაში მითითებული იყო, რომ მ. თ-ა უმუშევარია, ხოლო ქვეყანაში უმუშევართა რეგისტრაციის რაიმე სისტემა არ არსებობს. აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მ. თ-ა მეუღლის გარეშე (განქორწინებულია) ზრდის ორ ვაჟიშვილს. სააპელაციო სასამართლომ თავად აღნიშნა, რომ აპელანტმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის უმეტესი ნაწილი – 4000 ლარი. ამდენად, სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა აპელანტის შუამდგომლობა 1000 ლარის გადახდის გადავადების შესახებ, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამასთან, შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის პირობებში, სასამართლოს მ. თ-ის უნდა დაედგინა ხარვეზი მის გამოსასწორებლად გონივრული ვადის მითითებით და არც ერთ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა აპელანტის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილ შუამდგომლობაზე, რომლითაც იგი სახელმწიფო ბაჟის მცირე ნაწილის გადავადებას მოითხოვდა და ამ მიმართებით არ შეუფასებია შუამდგომლობაზე დართული მტკიცებულებები. ასეთი რამე სასამართლო პრაქტიკიდან არ გამომდინარეობს;

შედეგად, სასამართლომ მხარეს მოუსპო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა, რაც პირისათვის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიკეთესა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულ უფლებას წარმოადგენს. ამდენად, მხარის კონსტიტუციით გარანტირებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის შეზღუდვა არაგონივრულია და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს;

გასაჩივრებული განჩინება კანონსაწინააღმდეგოა იმ თვალსაზრისითაც, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დროისათვის აპელანტისათვის ხარვეზის შევსების ვადა ამოწურული არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. თ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მ. თ-ას სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში:

ა. დავის საგნის ფასის განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, რაც არ უნდა ყოფილიყო 150 ლარზე ნაკლები და 5000 ლარზე მეტი;

ბ. დავის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი მტკიცებულების წარდგენა (ტომი 7, ს.ფ. 2-4).

2012 წლის 26 სექტემბერს, მ. თ-ამ (წარმომადგენლები ლ.ტ-ი და დ.ც-ე) განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებელმა განმარტა, რომ მისი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა: სამკვიდრო მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად და სადავო სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ ცნობა. ამასთან, დავის საგნის ღირებულების განმსაზღვრელი მტკიცებულება საქმეში წარდგენილი იყო სამკვიდრო მოწმობის სახით, რომლის მიხედვითაც, ეს ღირებულება 300000 ლარს შეადგენდა. განმცხადებელმა განცხადებას თან დაურთო სახელმწიფო ბაჟის სახით 4000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იშუამდგომლა დარჩენილი 1000 ლარის გადახდის გადავადების თაობაზე, საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე. შუამდგომლობა მოტივირებულ იყო იმით, რომ მ. თ-ა არის უმუშევარი და იგი მეუღლის გარეშე (განქორწინებულია) ზრდის ორ შვილს (ტომი 7, ს.ფ. 16-20).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მ. თ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მ. თ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტომი 7, ს.ფ. 22-25).

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა განცხადებაში მის მიერ მითითებული გარემოებები და აპელანტისათვის უნდა გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდა, საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის, სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მოცემულ კონკრეტულ ეტაპზე მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება მასა და გ. ე-ს შორის განქორწინების თაობაზე, ასევე, მისი განმარტება იმის შესახებ, რომ იგი არსად მუშაობს და ზრდის ორ შვილს. აღნიშნულს იზიარებს საკასაციო სასამართლოც, ვინაიდან ეს მტკიცებულება და მხარის ეს განმარტება არასაკმარისია აპელანტის რეალური ქონებრივი მდგომარეობის დასადგენად, იგი სასამართლოს არ უქმნის რწმენას, რომ აპელანტს ქონებრივი მდგომარეობის გამო არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. საგულისხმოა, რომ აპელანტმა სარჩელზე სრულად გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი (პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირის მიმართ დადგენილი მაქსიმალური ოდენობის თანხა – 3000 ლარი), ამასთან შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაუყენებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას ჰქონდა სასამართლო ხარჯების გადახდის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ დასაბუთებული არ არის, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ მას სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმით, მას წაერთვა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის კანონით გათვალიწინებული ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ასევე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა განცხადებაში მის მიერ მითითებული გარემოებები და გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, რომ მხარეთა თხოვნის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გააგრძელოს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად მის მიერ დანიშნული ვადა.

კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე და არა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელებაზე, რაც არ არის ერთი და იგივე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის განმარტებიდან აშკარაა, რომ კანონმდებელმა საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაადგინა ამავე კოდექსის ზოგადი დებულებებისაგან (64-ე მუხლი) განსხვავებული წესი, რაც გამორიცხავს სასამართლოს აქტიურ როლს საპროცესო ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

ამასთან, რომც დავუშვათ, რომ აპელანტის მიერ ზემოხსენებული შუამდგომლობის დაყენება გულისხმობდა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე თხოვნის წარდგენას, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას მაინც ვერ გაიზიარებს, რადგან კანონის აღნიშნული დანაწესი არ არის იმპერატიული, მოცემული საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება რიგი ფაქტორები, მათ შორის, მხარის თხოვნის (მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის) დასაბუთებულობა, საქმის ცალკეული გარემოებები და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც სასამართლოს შეუქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ მიზანშეწონილია სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გარკვეული დროით გაგრძელება.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ვერც ის გარემოება, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დროისათვის სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა ამოწურული არ ყოფილა. აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად მ. თ-ას მისთვის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადა განესაზღვრა, ეს ვადა მის მიმართ 2013 წლის 26 სექტემბერს ამოიწურა, ვინაიდან მითითებული განჩინება ადრესატს ამავე წლის 19 სექტემბერს ჩაბარდა (ტომი 7, ს.ფ. 2-4, 10, 16-17), ხოლო გასაჩივრებული განჩინება 2013 წლის 7 ოქტომბერს (ე.ი. ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ) იქნა გამოტანილი (ტომი 7, ს.ფ. 22-25).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. თ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე