ბს-644-611(კ-06) 27 ოქტომბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. ღ.-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 15 მარტს ჯ. ღ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტრუქტურული რეორგანიზაციის ჩატარების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 2004 წლის 25 და 29 დეკემბერს, ¹670 და ¹671 ბრძანებების გამოცემის პერიოდში, მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს კორუფციასთან ბრძოლის სამმართველოში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ...-ის თანამდებობაზე. ამავე სამმართველოში ადრე დაკავებული თანამდებობის (სამსახურის ...-ის) შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს შენარჩუნებით.
2004 წლის 30 დეკემბერს, იგი გაეცნო რეორგანიზაციის შესახებ გაფრთხილებას, რის პარალელურადაც, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით, დაეკისრა დროებით მოვალეობის შესრულება.
რეორგანიზაციის დამთავრების შემდეგ «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევით, უკანონოდ დარჩა შტატგარეშედ, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ 2004 წლის 25 და 29 დეკემბერს გამოცემული შესაბამისი ¹670 და ¹671 ბრძანებებში მითითებული «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11-12 მუხლის «დ" ქვეპუნქტი, 96.2 და 97-ე, 108-ე და სხვა მუხლები არ იძლეოდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერ საფუძველს, ვინაიდან რეორგანიზაციას თან არ სდევდა შტატების შემცირება, პირიქით, შტატები გაიზარდა, მოსარჩელის მითითებით, მისთვის სხვა თანამდებობაზე დანიშვნა არ შეუთავაზებიათ. ასევე, დაირღვა «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15.21 მუხლით განმტკიცებული სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე უპირატესი დატოვებით სარგებლობის უფლება.
მისი გათავისუფლება ეწინააღმდეგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 29 დეკემბრის ¹671 ბრძანებას, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹614 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ" დებულების მე-12.15 მუხლის მოთხოვნას. 2004 წლის 29 დეკემბრის ¹671 ბრძანებაში მითითებული «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 57-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე დაინიშნა ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად, რაც, მოსარჩელის აზრით, უნდა გაგრძელებულიყო 3 თვით. სამი თვის შემდეგ კი უნდა გამოცემულიყო ბრძანება მისი თანამდებობაზე დანიშვნისა და არა დათხოვნის შესახებ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მაისის ¹2450 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობას მისი დათხოვნის ნაწილში და დათხოვნამდე დაკავებულ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას; შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ანაზღაურებას 2005 წლის 1 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე, რისი გაანგარიშებაც უნდა მომხდარიყო შინაგან საქმეთა მინისტრის ¹55 ბრძანების მიხედვით რეორგანიზაციამდე მის მიმართ შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის ¹1763 პ/შ ბრძანების პერსონალური განლაგებით დადგენილი თანამდებობის გათვალისწინებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. ღ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 6 მაისის ¹2450 პ/შ ბრძანება ჯ. ღ.-ის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის ნაწილში; ჯ. ღ.-ე დაუყოვნებლივ აღდგენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გათავისუფლებამდე არსებული სამსახურის უფლებამონაცვლე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში იმავე თანამდებობაზე და მოპასუხეს დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანების შესაბამისად.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სადავო ბრძანება გამოიცა საკანონმდებლო აქტების სრული დაცვით და არ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას. 2004 წლის 25 დეკემბრის ¹760 ბრძანებით მოსარჩელე სათანადო წესით გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შესაძლო შემცირების შესახებ. 2004 წლის 30 დეკემბერს ¹039 სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველო, იმ ქვედანაყოფში, რომელშიც მოსარჩელე მუშაობდა _ გაუქმდა, შემცირდა ყველა თანამდებობა, ანუ განხორციელდა აღნიშნული დანაყოფის ლიკვიდაცია. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹614 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების" მე-17 მუხლში ჩამოთვლილ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის არ იყო მოხსენებული სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველო, შესაბამისად, მოსარჩელე შს ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა არა მხოლოდ მისი შტატის, არამედ მთელი ქვედანაყოფის შტატების შემცირების გამო. აპელანტის განმარტებით, გაურკვეველია თუ რა კავშირშია სადავო ბრძანება სასამართლოს მიერ მითითებულ «ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონთან, ან როგორ დაირღვა 2005 წლის 6 მაისის ¹2450 პ/შ ბრძანების გამოცემით აღნიშნული კანონის ნორმები;
სასამართლოს მითითება, რომ იმ ქვედანაყოფმა, სადაც მუშაობდა მოსარჩელე, შეიცვალა დაქვემდებარება, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში არ შედის სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველო, ხოლო დანაშაულთან ბრძოლა, მათ შორის -კორუფციასთანაც, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის, არამედ შინაგან საქმეთა ორგანოების მთელი სისტემის ამოცანაა;
ასევე, არასწორად განხორციელდა სასამართლოს მიერ მოსარჩელისათვის იძულებით განაცდურის ოდენობის გამოთვლა, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მოსარჩელე არ დანიშნულა. ჯ. ღ.-ე იმყოფეოდა კადრების განკარგულებაში, ანუ მისი ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულების თანახმად, ვინაიდან აღნიშნული დებულების მე-12 მუხლის შესაბამისად, კადრების განკარგულებაში ყოფნისას თანამშრომლებს ეძლეოდათ 4 თვის ხელფასი. მოსარჩელის ხელფასის გაანგარიშება უნდა მომხდარიყო იმ თანამდებობების შესაბამისად, რომელზეც იგი მუშაობდა გათავისუფლებამდე და არა იმ თანამდებობის შესაბმისად, რომელზეც იგი საერთოდ არ დანიშნულა.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ 2005 წლის 6 მაისს ¹2450 პ/შ ბრძანება ბათილად ცნო და აღადგინა ჯ. ღ.-ე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში იმავე თანამდებობაზე, იმის გაუთვალისწინებლად, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში იგივე თანამდებობა აღარ არსებობდა, რადგან გაუქმებული იყო ისევე როგორც სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს ყველა თანამდებობა. 2005 წლის 6 მაისის ¹2450 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა არ იწვევდა მოსარჩელე ჯ. ღ.-ის აღდგენას თანამდებობაზე, ვინაიდან არ გაუქმებულა 2004 წლის 29 დეკემბრის ¹671 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანადებობიდან. ასევე არ იყო დასაბუთებული ჯ. ღ.-ის დაუყოვნებლივ აღდგენის სამართლებრივი საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ჯ. ღ.-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ღ.-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ა) ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 6 მაისის ¹2450 პ/შ ბრძანება ჯ. ღ.-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს ორგანოებიდან დათხოვნის ნაწილში; ჯ. ღ.-ე აღდგენილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ...-ის ან ...-ის თანამდებობაზე; ჯ. ღ.-ეს აუნაზღაურდა განაცდური ხელფასი სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ბრძანების შესაბამისად, ხოლო ჯ. ღ.-ის სასარჩელო მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილებით მის თანამდებობაზე აღდგენის დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96.2 მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნიდა საფუძველს მოსარჩელის გასათავისუფლებლად, რადგან ასეთ შემთხვევაში მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო 97.2 მუხლის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ თანამდებობიდან თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. მოსარჩელის განმარტებით და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, 2005 წლის 14 თებერვლის პატაკით დასტურდება, რომ ჯ. ღ.-ე თანახმა იყო გაეგრძელებინა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, მიუხედავად აღნიშნულისა, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მისთვის რაიმე თანამდებობა არ შეუთავაზებიათ და დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, არ მოუწესრიგებიათ მისი შრომითი მოწყობის საკითხი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 96.1 მუხლი ითვალისწინებს დაწესებულების ლიკვიდაციის ცნებას, ხოლო ეს უკანასკნელი, იმავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მიჩნეულია: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სამთავრობო და საქვეუწყებო დაწესებულებები და ა. შ. ხსენებულ ჩამონათვალში ცალკე დაწესებულებად არ მოიხსენიება და, შესაბამისად, ასეთად არც უნდა იქნეს განმარტებული კონკრეტული სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველო, ანუ მოცემულ შემთხვევაში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს კორიფციასთან ბრძოლის სამმართველო. დაწესებულებას, ხსენებული კანონის მიხედვით, წარმოადგენდა თავად შს სამინისტრო, რომლის ლიკვიდაციაც არ მომხდარა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო გამოვიდა სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებიდან და თავისი ფუნქციონალური დატვირთვით შევიდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის შემადგენლობაში. აღნიშნული იმითაც დასტურდება, რომ ჯ. ღ.-ე 2004 წლის 29 დეკემბრის ¹671 ბრძანების თანახმად, აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და ამავე დროს, მას დაეკისრა დროებითი მოვალეობის შესრულება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე.
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რეორგანიზაციის შემთხვევაში მართლაც შემცირდა შტატები, ამ შემთხვევაშიც გასაჩივრებული ბრძანება უკანონოა, ვინაიდან დაცული არ იქნა «ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15.21 მუხლით განმტკიცებული სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას სამუშაოზე უპირატესი დატოვებით სარგებლობის უფლება.
ამასთან, «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, გათავისუფლების უკანონოდ ცნობასთან ერთად, უნდა აუნაზღაურდეს ხელფასი სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანების შესაბამისად, რადგან ჯ. ღ.-ე სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 2005 წლის 6 მაისის შს მინისტრის ბრძანებით 2005 წლის 29 აპრილიდან. აღნიშნულ დრომდე კი მოსარჩელე მუშაობდა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დროებითი მოვალეობის შემსრულებლად.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ 2004 წლის 25 დეკემბრის ¹670 ბრძანებით მოსარჩელე სათანადო წესით გაფრთხილებულ იქნა მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შესაძლო შემცირების შესახებ. 2004 წლის 29 დეკემბრის ¹671 ბრძანებით მოსარჩელე, ისევე, როგორც შს სამინისტროს მთელი პირადი შემადგენლობა განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დაევალა მოვალეობის შესრულება. 2004 წლის 30 დეკემბრის ¹039 ბრძანებით სისხლის სამართლის სამძებრო მთავარ სამმართველოში, იმ ქვედანაყოფში, რომელშიც მუშაობდა მოსარჩელე, გაუქმდა, შემცირდა ყველა თანამდებობა, ანუ განხორციელდა აღნიშნული დანაყოფის ლიკვიდაცია. ქვედანაყოფის ლიკვიდაცია დასტურდება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ¹614 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულებით" რომლის მე-17 მუხლში ჩამოთვლილ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთა შორის არ არის მოხსენიებული სისხლის სამართლის სამძებრო მთავარი სამმართველო. «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. შესაბამისდ მოსარჩელე ჯ. ღ.-ე შს ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა არა მხოლოდ მისი, არამედ მთელი ქვედანაყოფის შტატების შემცირების გამო. კასატორის განმარტებით, გაუგებარია, თუU რატომ აღადგინა სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე ჯ. ღ.-ე შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ...-ის თანამდებობაზე, ვინაიდან შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში არ შედის სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველო, ხოლო დანაშაულთან ბრძოლა, მათ შორის - კორუფციასთანაც, არა მარტო შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის, არამედ შს ორგანოების მთელი სისტემის ამოცანაა.
შესაბამისად, შს მინისტრის 2005 წლის 6 მაისის ¹2450 პ/შ ბრძანება გამოცემულია საკანონმდებლო ნორმების დაცვით. ასევე, 2005 წლის 6 მაისის ¹2450 პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა არ იწვევს მოსარჩელე ჯ. ღ.-ის აღდგენას თანამდებობაზე, ვინაიდან არ გაუქმებულა 2004 წლის 29 დეკემბრის ¹671 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
რაც შეეხება მოსარჩელისათვის იძულებით განაცდური პერიოდისათვის ხელფასის ანაზღაურების საკითხს, კასატორის მითითებით, მოსამართლემ იგი გამოითვალა შს მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანების საფუძველზე, რაც არასწორია, ვინაიდან ამ ბრძანებაში არ არის მოხენიებული მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე მოხსენიებული თანამდებობა, ხოლო მოსამართლის მიერ «უფლებამონაცვლედ" შერაცხულ შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში მოსარჩელე არ დანიშნულა. ჯ. ღ.-ე იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში, ანუ მისი ხელფასის ანაზღაურების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო «შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრძანებულების შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული დებულების მე-12 მუხლის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნისას თანამშრომელს ეძლევა 4 თვის ხელფასი. ანუ მოსარჩელის ხელფასის გაანგარიშება უნდა მომხდარიყო იმ თანამდებობის შესაბამისად, რომელზეც იგი მუშაობდა გათავისუფლებამდე და არა იმ თანამდებობის შესაბამისად, რომელზეც იგი საერთოდ არ დანიშნულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.
2006 წლის 17 ოქტომბერს, კასატორმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კასატორის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, შეწყდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა რა საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუU საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ" პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ დ. ბუთხუზის განცხადებას ერთვის რწმუნებულება, რომლითაც მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მინიჭებული აქვს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება.
ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, დააკმაყოფილოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დ. ბ.-ის განცხადება და საკასაციო საჩივარზე შეწყვიტოს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე, 399-ე მუხლებით, 272-ე მუხლის «გ" პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.