Facebook Twitter

№ას-1188-1133-2013 10 დეკემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს „პ. ა-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ს-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ს-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „პ. ა-ის“ მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა სრულად: მხარეთა შორის 2007 წლის 2 მარტს შედგენილი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება შეწყდა, შპს „პ. ა-ს“ გ. ს-ის მიმართ დაეკისრა 122 914 ლარის და 2012 წლის მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 150 აშშ დოლარის ანაზღაურება. შპს „პ. ა-ს“ დაეკისრა გ. ს-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი ასევე წარმომადგენლის მომსახსურებისთვის გაწეული ხარჯების ნაწილი 5035 ლარი.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს „პ. ა-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით შპს „პ. ა-ის“ სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების თაობაზე დატოვებული იქნა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „პ. ა-მა“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „პ. ა-ის“ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, საქმეში მითითებულ მისამართზე (შესაგებელში, სააპელაციო საჩივარში და სხვ.) - ქ. თბილისი, თ. ა-ის ქ.№21, გაეგზავნა შპს „პ. ა-ს“ 2013 წლის 1 ნოემბერს. აღნიშნული გზავნილის (განჩინების) ჩაბარებაზე შპს „პ. ა-ის“ მენეჯერმა ფ. ს-ემ უარი განაცხადა 2013 წლის 4 ნოემბერს იმ მიზეზით, რომ ორგანიზაციის დირექტორი იმყოფებოდა საზღვარგარეთ (იხ.ტ.I, ს.ფ. 215).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

მხარე უფლებამოსილია, უარი განაცხადოს სასამართლოსაგან ინფორმაციის მიღებაზე და არ ჩაიბაროს სასამართლო უწყება თუ გზავნილი, თუმცა ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად კანონმდებელმა დაადგინა, რომ მხარის მიერ სასამართლო უწყების ან გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმისას აღნიშნული საპროცესო დოკუმენტი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება და მხარის უარი საქმის განხილვას ხელს არ შეუშლის (იხ. სუსგ, საქმე №ას-1069-995-2012). შესაბამისად, შპს „პ. ა-ს“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 6 ოქტომბრის განჩინება ჩაბარდა 2013 წლის 4 ნოემბერს, ხოლო რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული განჩინების აპელანტისათვის 2013 წლის 14 ნოემბერს ხელახლა გაგზავნას (იხ.ტ.I, ს.ფ. 216), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს შეტყობინების განმეორებით გაგზავნის ვალდებულება არ გააჩნდა, კანონის ძალით გზავნილი მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც უფლებამოსილმა პირმა უარი განაცხადა მის მიღებაზე და აღნიშნული საპროცესო ვადის დენის საკმარისი საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრების თორმეტდღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2013 წლის 5 ნოემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2013 წლის 5 ნოემბერს და დამთავრდა 2013 წლის 18 ნოემბერს (16 და 17 ნოემბერი იყო დასვენების დღე). კერძო საჩივარი კი ფოსტას ჩაბარდა 2013 წლის 26 ნოემბერს (იხ. საფოსტო კონვერტზე დასმული შტამპი ტ. I, ს.ფ. 219), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს „პ. ა-ის“ კერძო საჩივარი შემოტანილია გასაჩივრების თორმეტდღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 416-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „პ. ა-ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი