№ას-342-325-2013 2 დეკემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს – მ. ი-ს და გ. გ-ს მოსარჩელე სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 2008 წლის 6 მარტის საბანკო მომსახურების შესახებ №129130 ხელშეკრულების საფუძველზე სესხის ძირითადი თანხის გადახდა 35849.89 აშშ დოლარის, ხოლო სესხის პროცენტის გადახდა 5470.91 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე – ჯარიმა 696 აშშ დოლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ი-მა და გ. გ-მა. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მ. ი-სა და გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საჩივრის შეტანის ვადის გასვლის გამო.
დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. გ-ან მიმართებით არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლი, რადგან ეს უკანასკნელი არ ესწრებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადებას, შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა დატოვებული განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით განუხილველად დარჩა მ.ი-სა და გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი იმ საფუძვლით, რომ იგი არ იყო შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გ. გ-ის სააპელაციო საჩივართან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალიწინებული გასაჩივრების წესი და, შესაბამისად, არასწორად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი, რადგან იგი არ ესწრებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოცხადებას.
კერძო საჩივარში მითითებული პრეტენზიის საფუძვლიანობის შესამოწმებლად საჭიროა იმ ნორმების ანალიზი, რომლებიც გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას შეეხება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი; ბ) ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის უფლების სუბიექტებს, ანუ იმ პირებს, რომლებმაც შეიძლება გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო წესით. მითითებული ნორმის მიხედვით, ესენი არიან მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით და მას მიანიჭონ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება (სსკ-ის 93-ე, 96-ე და 98-ე მუხლები). აქედან გამომდინარე, უნდა მივიჩნიოთ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი, უპირველესად, გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მხარე ან გასაჩივრების უფლებით აღჭურვილი მისი წარმომადგენელი.
გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, გასაჩივრების ზემოხსენებული წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, მართალია, არ ესწრება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მაგრამ მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გადაწყვეტილების გამოტანის წესს განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საქმის ზეპირი განხილვის შემდეგ ცხადდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოსამართლე უფლებამოსილია, სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოაცხადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. თუ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტია, გამონაკლის შემთხვევაში, მოსამართლე უფლებამოსილია, გადადოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა. აღნიშნულის თაობაზე მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება, რის შესახებაც სხდომის დასრულებისთანავე აცნობებს მხარეებს და განსაზღვრავს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღს. მითითებული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადების შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია განსაზღვროს მისი გამოცხადების თარიღი და აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი დაადასტურებენ ხელის მოწერით. პროცესზე გამოუცხადებელ პირებს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი უნდა ეცნობოთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სსკ-ის 216.3 მუხლი). თუ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ზემოხსენებული წესით არ არის ინფორმირებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე და არც ესწრება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მაშინ სასამართლო არაა უფლებამოსილი მის მიმართ გამოიყენოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი. ასეთ დროს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება საერთო წესის მიხედვით, კერძოდ, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2012 წლის 21 ნოემბრის სხდომას ესწრებოდა მოპასუხე გ. გ-ის წარმომადგენელი მ.ი-ი, მარგამ ამ სხდომაზე გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა და საქმის განხილვა გადაიდო 2012 წლის 14 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 80-81). საქმის განხილვის გადადების საფუძველი გახდა მხარეთათვის მორიგების შეთავაზება, ანუ სასამართლოს არ უსარგებლია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მინიჭებული უფლებით და არ გადაუდია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, შესაბამისად, ვერც მხარისათვის და ვერც მისი წარმომადგენლისათვის ცნობილი ვერ იქნებოდა, რომ 2012 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე სასამართლო გამოაცხადებდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს. 2012 წლის 14 დეკემბრის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ ამ სხდომაზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, მაგრამ მას არ ესწრებოდა მოპასუხე. მართალია, ამ სხდომას ესწრებოდა მისი წარმომადგენელი, მაგრამ ამ უკანასკნელს არ ჰქონდა მინიჭებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება (ს.ფ. 82, 92-97), შესაბამისად, იგი, როგორც მოპასუხის წარმომადგენელი, ვერ მიიჩნევა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირად. თავად მოპასუხე კი, როგორც ითქვა, არ იყო ინფორმირებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, უწყების ჩაბარება წარმომადგენლისათვის ნიშნავს უწყების მხარისათვის ჩაბარებას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაზე ეს წესი ვერ გავრცელდება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი მხარეს (პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა ეცნობოს წინასწარ, ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. თუ სასამართლომ ეს წესი არ დაიცვა, მაგრამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ, აღნიშნულის თაობაზე აცნობა მხარეს, ამ უკანასკნელს არ წარმოეშობა სასამართლოში გამოცხადებისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩბარების ვალდებულება, ანუ მის მიმართ ვერ იქნება გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი. შესაბამისად, ასეთ დროს სასამართლო ვალდებულია გამოუცხადებელ მხარეს გაუგზავნოს და ჩააბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან. საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი 2013 წლის 18 იანვარს ჩაიბარა მ. ი-მა (ს.ფ. 107), რომელიც, მოცემულ საქმეში, გ. გ-ან ერთად, წარმოადგენს თანამოპასუხეს (თანამონაწილეს) და, ამასთან, მას გ. გ-ის სახელით მინდობილი აქვს სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილება განუსაზღვრელი ვადით. შესაბამისად, მისთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება ნიშნავს ჩაბარებას თანამოპასუხე გ. გ-ის (სსკ-ის 87-ე მუხლი). ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2013 წლის 19 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 1-ელ თებერვალს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ. გ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2013 წლის 31 იანვარს, ანუ კანონით დადგენილ ვადაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება გ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება გ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე