საქმე №ას-568-539-2013 16 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ჭ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს-ე, ნ. ჭ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გ. ს-სა და ნ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება, გ. ს-სა და ნ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ჭ-ეს გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა 31920 აშშ დოლარის ანაზღაურება, თ. ჭ-ეს გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3216 ლარისა და 78 თეთრის ანაზღაურება. თ. ჭ-ეს გ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 700 ლარის ანაზღაურება.
თ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ შემდეგი მოტივებით:
სასამართლოში საქმის განხილვაზე სათანადოდ მიწვეული არ ყოფილა ნ. ჭ-ის წარმომადგენელი ბ. ს-ე. პროცესში მონაწილეობდა კ. შ-ე.
2010 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომის ოქმით დაფიქსირდა, რომ საქმის განხილვისას გამოცხადდა კახა შავგულიძე და წარადგინა №0117 ადვოკატის მოწმობა.
2010 წელს მხარისათვის ხელმისაწვდომი ადვოკატთა საერთო რეესტრი არ არსებობდა, რის გამოც ზემოხსენებული ადვოკატის მოწმობის კუთვნილების საკითხი ვერ შემოწმდებოდა. კახა შავგულიძე კი მიუთითებდა, რომ მას ადვოკატის გამოცდა ჩაბარებული ჰქონდა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ 2013 წლის 28 მარტს გაცემული ცნობით დგინდება, რომ ადვოკატთა ერთიან სიაში 2006 წლიდან დღემდე სიითი ნომრით ... ირიცხება გ. გ-ი. №... ადვოკატის მოწმობა არასდროს ყოფილა კ. შ-ის კუთვნილი, ე.ი. მას 2010 წლისათვის არც წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნდა.
განმცხადებელმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილზე, ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და მიიჩნია, რომ ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით. კ.შ-ეს კი 2010 წლისათვის სხდომაზე წარმოდგენილი ადვოკატის მოწმობა არ ეკუთვნოდა, რაც გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის განჩინებით თ. ჭ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დაადგინა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა დავა გ. ს-ეს, ნ. ჭ-ეს, მ. ც-სა და თ. ჭ-ეს შორის. ამ დავაში აპელანტების – გ. ს-სა და ნ. ჭ-ის წარმომადგენელი იყო ადვოკატი კ. შ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არსებული ადვოკატთა რეესტრის თანახმად, იმ დროისათვის, კ. შ-ე რეგისტრირებული იყო ადვოკატთა ასოციაციაში და მისი სიითი ნომერი იყო ..., თუმცა სასამართლოს სხდომის ოქმში კ. შ-ის სიით ნომრად, შეცდომით, მიეთითა ....
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ სასამართლოში არსებული ადვოკატთა რეესტრის მიხედვით, საქმის განხილვის დროისათვის, კ. შ-ე რეგისტრირებული იყო ადვოკატთა ასოციაციაში. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ცნობიდან საპირისპირო არ დგინდება. ის გარემოება კი, რომ სიითი №... ეკუთვნოდა სხვა პირს, არ ნიშნავს, რომ კ. შ-ე ადვოკატთა ასოციაციის წევრი არ ყოფილა.
აღნიშნულის გამო, სააპელაციო პალატამ განცხადება დაუსაბუთებლად მიიჩნია.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თ. ჭ-ე ვერ მოითხოვს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ საქმის განხილვაზე კანონით დადგენილი წესით, მიწვეული არ ყოფილა მისი მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ჭ-ე და ბ. ს-ე. მითუმეტეს, რომ თავად ეს პირები გადაწყვეტილების კანონიერებას სადავოდ არ ხდიან და განცხადებას არ ეთანხმებიან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. ჭ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლის შემოწმებისას სასამართლომ გამოიჩინა მიკერძოება. აღნიშნულ ეჭვს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მხარის მოთხოვნა სიმონ ჩხაიძის აცილების თაობაზე (მითითებული მოსამართლის მიმართ მხარეს საჩივარი აქვს წარდგენილი საქართველოს იუსტიციის საბჭოში) არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო აბსურდული მოტივით შეეცადა კ. შ-ის ადვოკატის უფლებამოსილების დადასტურებას, ვინაიდან 2010 წლის 31 ივნისის სხდომის ოქმში გარკვევით არის აღნიშნული, რომ კ. შ-ემ წარადგინა ადვოკატის მოწმობა ნომრით ..., გასაჩივრებულ განჩინებაში კი მითითებულია, რომ კ. შ-ე იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი, თუმცა ადვოკატის მოწმობა და სიითი ნომერი იყო .... 2010 წელს კ. შ-ეს ადვოკატის მოწმობა რომ ჰქონოდა, იგი შესაბამისი ნომრითაც დარეგისტრირდებოდა. ამასთან, მითითებულ სხდომის ოქმში ცვლილება არ შესულა.
პალატამ არასწორად განმარტა, რომ განცხადებას საქმის წარმოების განახლების შესახებ მხარს არ უჭერენ გ. ს-ე და ნ. ჭ-ე. აღნიშნული ფაქტი არ ნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს პრეტენზიას იმ პირის მხრიდან, რომლის წარმომადგენლობაც სადავოა.
კერძო საჩივრის ავტორმა 2013 წლის 30 მაისის განცხადებით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დამატებით წარმოადგინა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2013 წლის 24 მაისის წერილი და განმარტა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული სიითი ნომერი ... ასევე არ ეკუთვნის კ. შ-ეს, არამედ იგი ეკუთვნის ადვოკატ გ. გ-ს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 2010 წლისათვის კ. შ-ე არ იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
განმცხადებელი კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოწინააღმდეგე მხარის ნ. ჭ-ის წარმომადგენელი ბ. ს-ე სასამართლოში საქმის განხილვაზე სათანადოდ მიწვეული არ ყოფილა; პროცესში მონაწილეობდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი კ.შ-ე, რომელსაც არ გააჩნდა წარმომადგენლობის უფლებამოსილება, ვინაიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ 2013 წლის 28 მარტს გაცემული ცნობის თანახმად, ადვოკატის მოწმობის №... ეკუთვნის გ. გ-ს; 2010 წლისათვის შეუძლებელი იყო სადავო ადვოკატის მოწმობის კუთვნილების საკითხის დადგენა, ვინაიდან არ იყო ადვოკატთა საერთო რეესტრი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისათვის დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა)გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ)ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ)პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საპროცესო კოდექსის 422.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემადგენლობა _ „პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე“, რაც ვერ იქნება გაზიარებული. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აქვს არა ნებისმიერ, არამედ ისეთ დაინტრესებულ პირს, რომლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე გადაწყვეტილებამ უშუალო გავლენა იქონია და ასეთი პირი საქმის განხილვაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით არ იქნა მიწვეული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ თავად განმცხადებელი არ ყოფილა მიწვეული საქმის განხილვაზე.
მოცემულ შემთხვევაში, თ. ჭ-ე სადავოდ არ ხდის მისთვის სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ ინფორმირების ფაქტს, ამასთან, საქმის მასალების ანალიზით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 13 მაისის განჩინებით 2010 წლის 31 მაისს დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, ხოლო სხდომის შესახებ უწყება გეგზავნა გ. ს-ეს და ნ. ჭ-ეს მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რომელიც ჩაბარდა მათი ოჯახის წევრს (რძალს).
საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კანონმდებელი საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისათვის აწესებს დასაშვებობის პირობებს, კერძოდ, 422-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. განსახილველ შემთხვევაში, თ. ჭ-ემ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა 2013 წლის 3 აპრილს მაშინ, როცა მოცემული საქმის წარმოება დასრულდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით. განმცხადება არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტებს იმის შესახებ, თუ რატომ ვერ შეძლო მხარემ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის წარდგენა საქმის არსებითად განხილვისას, ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლების შესახებ არის როგორც დაუსაბუთებელი, ასევე დაუშვებელი და ამ თვალსაზრისით გასაჩივრებული განჩინებით დამდგარი შედეგი მართებულია.
რაც შეეხება მოსარჩელეთა წარმომადგენლის, კ. შ-ის, როგორც სააპელაციო სასამართლოში არაუფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობის მოტივით გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული პრეტენზია შემოწმებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლთან და არა 422-ე მუხლთან შესაბამისობაში. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, განცხადება არ აკმაყოფილებს 423-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს, კერძოდ, საქმეზე არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, ასევე განმცხადებელი ვერ ასაბუთებს, რომ მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომლის თანახმადაც 2010 წლისათვის არ იყო ადვოკატთა საერთო რეესტრი, შესაბამისად თ. ჭ-ეს არ შეეძლო მიეღო ოფიციალური ინფორმაცია კ. შ-ის, როგორც ადვოკატის უფლებამოსილების შესახებ, არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4.. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე