№ას-733-695-2013 10 დეკემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
დავის საგანი – უძრავ ნივთზე გაწეული გაუმჯობესების ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. გ-ის სარჩელი მოპასუხე თ. გ-ის მიმართ უძრავ ნივთზე გაწეული გაუმჯობესების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-მა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად აპელანტმა სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2013 წლის 20 მაისს. მიუხედავად ამისა, აპელანტს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2013 წლის 27 მაისს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა სასამართლოს ამ მომენტიდან უნდა დაეწყო და არა 2013 წლის 25 მაისიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინება და მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტი კანონით დადგენილ ვადაში არ გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადწყვეტილების ასლის მისაღებად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 2013 წლის 25 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 7 ივნისს. საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2013 წლის 10 ივნისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად აპელანტმა სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2013 წლის 20 მაისს. მიუხედავად ამისა, აპელანტს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2013 წლის 27 მაისს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა სასამართლოს ამ მომენტიდან უნდა დაეწყო და არა 2013 წლის 25 მაისიდან.
საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის დასახელებულ არგუმენტს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
ამდენად, მოხმობილი საპროცესო ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. მხოლოდ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს კანონი, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 აპრილის სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მოსარჩელე (აპელანტი) მ. გ-ი და მისი წარმომადგენელი მ. ქ-ე (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 68-70, სხდომის ოქმი, ს.ფ. 151-152), შესაბამისად, მათ წარმოეშვათ ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2013 წლის 15 მაისიდან ამავე წლის 25 მაისის ჩათვლით, გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში და ჩაებარებინათ დასაბუთებული გადაწყვეტილება. საქმეში წარმოდგენილი მედეია ქვათაძის განცხადებით დასტურდება, რომ ეს უკანასკნელი 2013 წლის 20 მაისს გამოცხადდა სასამართლოში და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემა (იხ. ს.ფ. 162.). დასტურდება ასევე ის გარემოება, რომ მას დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გადაეცა 2013 წლის 27 მაისს, ანუ მოთხოვნიდან ერთი კვირის შემდეგ (ს.ფ. 163). ამდენად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც მხარემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად, მაგრამ მას დაგვიანებით გადაეცა გადაწყვეტილების ასლი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან და არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი გადაეცა 2013 წლის 27 მაისს. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 28 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 10 ივნისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2013 წლის 10 ივნისს, ე.ი. გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში (ს.ფ. 165-174).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა შეამოწმოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა წინაპირობები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განჩინება და საქმე მ. გ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე