№ას-792-751-2013 9 დეკემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ზ. მ-ე, ლ. კ-ე, ზ. მ-ე, დ. მ-ე, მ. ბ-ე, თ. ბ-ე, გ. ბ-ე, მ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები – გ. ბ-ე, გ. ჯ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, გამოსახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ბ-სა და გ. ჯ-ის სარჩელი მოპასუხეების: ე. მ-ის, ლ. კ-ის, ზ. მ-ის, დ. მ-ის, ზ. მ-ის, შ. ბ-ის, მ. ბ-ის, თ. ბ-ის, გ. ბ-სა და მ. ბ-ის მიმართ, კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით დადგინდა შემდეგი:
1. ლ. კ-ის, ე, ზ., დ. და ზ. მ-ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელე გ. ბ-ის სასარგებლოდ გამოთხოვილ იქნა გარდაბნის რაიონის სოფელ კ-ის №6-54-ში მდებარე ქონება;
2. შ, მ., თ., გ. და მ. ბ-ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელე გ. ჯ-ის სასარგებლოდ გამოთხოვილ იქნა გარდაბნის რაიონის სოფელ კ-ის №6-19-ში მდებარე ქონება;
3. მოპასუხეებს: შ, მ., თ., გ. და მ. ბ-ს მოსარჩელე გ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 120 ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
4. მოპასუხეებს: ზ., ე, დ., ზ. მ-ს, ასევე, ლ. კ-ეს გ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 120 ლარის გადახდა, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ერთი მხრივ, ლ. კ-ემ, ე, ზ., დ. და ზ. მ-მა, ხოლო, მეორე მხრივ, შ, მ., თ., გ., მ. ბ-მა. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით შ. ბ-სა და ე. მ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ამავე სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განჩინებით ლ. კ-ის, ზ. მ-ის, ზ. მ-ის, დ. მ-ის, მ. ბ-ის, თ. ბ-ის, გ. ბ-სა და მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განჩინებით ე. მ-ეს, ლ. კ-ეს, ზ. მ-ეს, ზ. მ-ეს, დ. მ-ეს, შ. ბ-ეს, მ. ბ-ეს, თ. ბ-ეს, გ. ბ-ეს და მ. ბ-ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ:
ა. ლ. კ-ეს, ე. მ-ეს, ზ. მ-ეს, ზ. მ-ეს და დ. მ-ეს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 160 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა;
ბ. შ. ბ-ეს, მ. ბ-ეს, თ. ბ-ეს, გ. ბ-ეს და მ. ბ-ეს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 160 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა;
გ. ლ. კ-ეს, ზ. მ-ეს, ზ. მ-ეს, დ. მ-ეს, მ. ბ-ეს, თ. ბ-ეს, გ. ბ-ეს და მ. ბ-ეს დაევალათ ბ. ხ-ის სახელზე კანონის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული მინდობილობის ან თავად მათ მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
ამავე განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებებით დასტურდებოდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განჩინების ასლები 2013 წლის 29 მაისს ჩაბარდათ აპელანტებს: თ. ბ-ეს, მ. ბ-ეს, გ. ბ-ეს და მ. ბ-ეს.
დასტურდებოდა ისიც, რომ დასახელებული განჩინების ასლები სააპელაციო საჩივარში მითითებულ ძირითად მისამართზე ორჯერ გაეგზავნათ შემდეგ აპელანტებს: ლ. კ-ეს, ზ. მ-ეს, ზ. მ-ეს და დ. მ-ეს. მიუხედავად ამისა, მათ გზავნილები ვერ ჩაბარდათ. არსებულ ფაქტობრივ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 73-ე მუხლის 11 ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე, ითვლებოდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განჩინების ასლი ლ. კ-ეს, ზ. მ-ეს, ზ. მ-ეს და დ. მ-ეს ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით და მათ შეეძლოთ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსება.
რამდენადაც საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ზემოხსენებულ აპელანტებს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის, სააპელაციო სასამართლომ ლ. კ-ის, ზ. მ-ის, ზ. მ-ის, დ. მ-ის, მ. ბ-ის, თ. ბ-ის, გ. ბ-ისა და მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 63-ე მუხლითა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ზ. მ-ემ, ლ. კ-ემ, ზ. მ-ემ, დ. მ-ემ, მ. ბ-ემ, თ. ბ-ემ, გ. ბ-ემ და მ. ბ-ემ.
კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო საჩივარი მათი თანხმობით შეიტანა წარმომადგენელმა (ადვოკატმა) ბ.ხ-მა. ის გარემოება, რომ ხსენებული წარმომადგენელი წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს, აპელანტებმა დაადასტურეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე. ამის შემდგომ, სასამართლოს აპელანტები აღარ მიუწვევია საქმის განხილვაში.
კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მათ დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც შეასრულეს. ამასთან, დავალებას ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულების წარდგენის თაობაზე, ადგილი არ ჰქონია. კერძო საჩივრის ავტორებს შეეძლოთ სააპელაციო სასამართლოში გამოცხადება და სააპელაციო საჩივრის თავიანთი ხელმოწერებით დადასტურება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის, ლ. კ-ის, ზ. მ-ის, დ. მ-ის, მ. ბ-ის, თ. ბ-ის, გ. ბ-სა და მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის განჩინებით ე. მ-ეს, ლ. კ-ეს, ზ. მ-ეს, ზ. მ-ეს, დ. მ-ეს, შ. ბ-ეს, მ. ბ-ეს, თ. ბ-ეს, გ. ბ-ეს და მ. ბ-ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ:
ა. ლ. კ-ეს, ე. მ-ეს, ზ. მ-ეს, ზ. მ-ეს და დ. მ-ეს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 160 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა;
ბ. შ. ბ-ეს, მ. ბ-ეს, თ. ბ-ეს, გ. ბ-ეს და მ. ბ-ეს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 160 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების ამავე განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა;
გ. ლ. კ-ეს, ზ. მ-ეს, ზ. მ-ეს, დ. მ-ეს, მ. ბ-ეს, თ. ბ-ეს, გ. ბ-ეს და მ. ბ-ეს დაევალათ ბ. ხ-ის სახელზე კანონის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული მინდობილობის ან თავად მათ მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა.
ზემომითითებული ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა 10 დღის ვადა;
ამავე განჩინებით აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მათი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ტომი 2, ს.ფ. 3-5).
აპელანტებს: თ. ბ-ეს, მ. ბ-ეს, გ. ბ-სა და მ. ბ-ეს სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 მაისის განჩინების ასლები ჩაბარდათ 2013 წლის 29 მაისს (ტომი 2, ს.ფ. 17-21).
დანარჩენ აპელანტებს: ლ. კ-ეს, ზ. მ-ეს, ზ. მ-ეს და დ. მ-ეს დასახელებული განჩინების ასლები ორჯერ გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ ძირითად მისამართზე. მიუხედავად ამისა, მათ გზავნილები ვერც ერთხელ ვერ ჩაბარდათ. ასეთ ფაქტობრივ ვითარებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, აგრეთვე, ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, გზავნილი ჩაბარებულად ითვლება მითითებული აპელანტებისთვის.
2013 წლის 5 ივნისს აპელანტების - ე. მ-ის და შ. ბ-ის წარმომადგენელმა, ბ. ხ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და წარადგინა ე. მ-ის და შ. ბ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის - 160-160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ე. მ-ის და შ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ მათ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი, ბ. ხ-ის სახელზე მათ მიერ გაცემული მინდობილობები საქმეში იყო წარმოდგენილი.
რაც შეეხება დანარჩენ აპელანტებს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში მათთვის დადგენილი ხარვეზი შევსებულად ითვლებოდა, მაგრამ მათ, სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან ერთად, დავალებული ჰქონდათ ასევე ბეჟან ხიმშიაშვილის სახელზე კანონის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული მინდობილობის წარდგენა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მათ კანონის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული მინდობილობა არ წარუდგენიათ.
უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორების მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ შეიცავდა მითითებას ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულების წარდგენის სავალდებულოობაზე, რადგან ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში სრულიად გარკვევით მიეთითა, რომ აპელანტებს (ლ. კ-ეს, ზ. მ-ეს, ზ. მ-ეს, დ. მ-ეს, მ. ბ-ეს, თ. ბ-ეს, გ. ბ-ეს და მ. ბ-ეს) უნდა წარედგინათ ბ.ხიმშიაშვილის სახელზე კანონის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული მინდობილობა ან სააპელაციო საჩივარზე ხელი თავად უნდა მოეწერათ. იქვე მიეთითა აღნიშნული მოთხოვნის ნორმატიულ საფუძველზე – სამოქალაქო კოდექსის 96-ე მუხლზე. ამ მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადების შესაბამისად, მოქალაქეთა მიერ გაცემული მინდობილობები უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის მიხედვით, კი მინდობილობაში სპეციალურად უნდა აღინიშნოს წარმომადგენლისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მინიჭების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი აპელანტების სახელით შეიტანა მათმა წარმომადგენელმა, რომელსაც არ გააჩნდა კანონის მოთხოვნათა დაცვით გაცემული და გაფორმებული მინდობილობა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაუდგინა ხარვეზი აპელანტებს, თუმცა მათ სასამართლოს დავალება არ შეასრულეს, კერძოდ, არ წარადგინეს კანონის შესაბამისად გაცემული და გაფორმებული მინდობილობა. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მათ რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას, სასამართლო პროცესზე, მიანიჭეს უფლებამოსილება თავიანთ წარმომადგენელს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება ვერ ჩაითვლება მინდობილობის გაცემად, ვინაიდან მინდობილობის გაცემის ასეთ წესს კანონი არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. მ-ის, ლ. კ-ის, ზ. მ-ის, დ. მ-ის, მ. ბ-ის, თ. ბ-ის, გ. ბ-სა და მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე