Facebook Twitter

№ას-866-824-2013 19 დეკემბერი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ე. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ც. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. მ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ე.მ-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ც. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ე. მ-ს ც. კ-ის სასარგებლოდ 800 ლარის გადახდა დაეკისრა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განჩინებით ე. მ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ც. კ-ის მოთხოვნა და მოპასუხე ე. მ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ 800 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც აპელანტის მიერ სრულად იქნა გასაჩივრებული. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ე. მ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 800 ლარს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ 1000 (ათასი) ლარზე ნაკლებია. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაც, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად მისი მხარისათვის ჩაბარება, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30–ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20–30-ე დღის ჩათვლით პერიოდში სასამართლოში იმ მხარის გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულებას, რომელიც სსსკ–ის 46–ე მუხლით გათავისუფლებული არ არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხე (აპელანტი) სსსკ–ის 46–ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნულის თაობაზე, არც აპელანტი უთითებს.

დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსთვის არ მიუმართავს. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ მან რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება 2013 წლის 26 ივნისს ჩაიბარა. საქმის მასალებით, კერძოდ, სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერით დასტურდება, რომ 15.04.2013წ. სასამართლო სხდომას, რომელზეც გადაიდო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, ესწრებოდა ე. მ-იც, ანუ მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–60 მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61–ე მუხლის მე–3 ნაწილით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტისათვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს 2013 წლის 9 ივნისს და ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს 24 ივნისს.

სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა 2013 წლის 8 ივლისს, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე.მ-მა შემდეგი დასაბუთებით: კერძო საჩივრის ავტორმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა. რაც შეეხება, დავის საგნის ღირებულებას, ის 800 ლარამდე ე.მ-ის დაუსწრებლად შემცირდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე.მ-მა ვერ წარადგინა დასაბუთებული პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა გახდებოდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას შემდეგი სამართლებრივი დასაბუთებით:

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, ფულადი თანხის 800 ლარის დაკისრების ნაწილში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივსამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი ადგენს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას - სააპელაციო საჩივრის ღირებულებას, რომელიც განისაზღვრება სარჩელის (დავის) საგნის ღირებულებითა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ფარგლებით. ამდენად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება უნდა განისაზღვროს იმით, თუ აპელანტი რა ნაწილში არ ეთანხმება პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და რა ზომით ითხოვს მის შეცვლას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40-42-ე და 365-ე მუხლების ერთობლივი ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ დავის საგანში იგულისხმება სასამართლო წესით სადავოდ გამხდარი მხარის უფლების ფულადი შეფასება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო ზემოდასახელებული მუხლების ურთიერთჯერების საფუძველზე მიუთითებს შემდეგს: იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, უნდა იკვეთებოდეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შემდეგი გარემოებები: გადაწყვეტილების გასაჩივრებას უნდა ესწრებოდეს გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. ამასთან, 2591 მუხლი იმპერატიული ნორმაა. იგი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და ნორმის სხვაგვარი განმარტების საშუალებას არ იძლევა.

განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება ამავე წლის 10 მაისს გადაიდო. ზემოაღნიშნული სხდომის ოქმით დგინდება, რომ სასამართლო სხდომას ე.მ-ი ესწრებოდა. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონმდებელმა მხარეებს დააკისრა ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდნენ სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, ე.მ-ი ვალდებული იყო, არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი. დადგენილია, რომ მხარე კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადებულა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან, მხარე არ გამოცხადდა გადაწყვეტილების ჩასაბარებლად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2012 წლის 9 ივნისიდან დაიწყო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, რომელიც 2013 წლის 24 ივნისს ამოიწურა (22 ივნისი იყო არასამუშაო დღე). დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია 2013 წლის 8 ივლისს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. კანონის დასახელებული ნორმებიდან ასევე გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს, ამასთან, სააპელაციო საჩივარი არ იყო წარდგენილი კანონით დადგენილ ვადაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ.თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ.ალავიძე