№ას-894-852-2013 10 დეკემბერი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ჯ-ი (წარმომადგენელი რ. ც-ე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მისაღებად საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის გაზრდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სარჩელი მოპასუხე ა. ჯ-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 26 თებერვლის №2-83 გადაწყვეტილებით ა. ჯ-ის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა შეიცვალა და მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილის, 2000 წლის 15 აპრილს დაბადებული დ. ჯ-ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა 150 ლარის ოდენობით, 2013 წლის 22 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ალიმენტის გაზრდილი ოდენობის 80 ლარამდე შემცირება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დავის საგანს წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის - 150 ლარის 70 ლარით შემცირება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენდა 840 ლარს (70 X 12= 840).
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ჯ-მა (წარმომადგენელი რ. ც-ე).
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხის გადაწყვეტისას, არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, ვინაიდან განსახილველი დავა არ განეკუთვნება ქონებრივ დავათა კატეგორიას, იგი საოჯახო-სამართლებრივი კატეგორიის დავას წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ამავე სასამართლოს 2002 წლის 26 თებერვლის №2-83 გადაწყვეტილებით ა. ჯ-ის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა (30 ლარი) შეიცვალა და მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილის, ... წლის ... აპრილს დაბადებული დ. ჯ-ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით, 2013 წლის 22 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე (ს.ფ. 80-86).
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ალიმენტის გაზრდილი ოდენობის (150 ლარის) 80 ლარამდე შემცირება (ს.ფ. 91-99).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპელანტი სადავოდ ხდის ნაწილობრივ, კერძოდ, 70 ლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულების გამოანგარიშება სწორედ ამ თანხის მიხედვით უნდა მოხდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 840 ლარით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო მხოლოდ 70 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც ერთ წელზე გაანგარიშებით შეადგენს სწორედ ზემოაღნიშნულ თანხას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ა. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, რაც ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, ვინაიდან მოცემული დავა არის საოჯახო-სამართლებრივი და არა ქონებრივი სახის დავა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ, მართალია, მოცემული დავა საოჯახო-სამართლებრივია, მაგრამ ამავდროულად იგი ქონებრივი ხასიათის დავაა, ვინაიდან ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე და, მიუხედავად იმისა, რომ ამ მოთხოვნას საფუძვლად საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობა უდევს, იგი ქონებრივ-სამართლებრივია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი და სწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე