Facebook Twitter

№ას-988-946-2013 2 დეკემბერი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – დ. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უღირს მემკვიდრედ ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. კ-ის სარჩელი მოპასუხე დ. კ-ის მიმართ მოპასუხის უღირს მემკვიდრედ ცნობის, მოსარჩელის პირველი რიგის ერთადერთ მემკვიდრედ აღიარებისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. იგი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნებას, რომელსაც დაევალება სასამართლო გზავნილზე ნ. კ-ის ხელმოწერის ნამდვილობის შემოწმება, ამ უკანასკნელისათვის ხარვეზის შევსებისა და სასამართლოს წინაშე შუამდგომლობის წარდგენის მიზნით ვადის მიცემა, ხოლო შემდგომ – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა და მისი არსებითად განხილვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში არასწორადაა აღნიშნული, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2013 წლის 11 ივლისის განჩინება აპელანტს პირადად ჩაბარდა 2013 წლის 19 ივლისს. სინამდვილეში, აპელანტს არანაირი განჩინება და სასამართლო გზავნილი არ ჩაბარებია არც პირადად და არც რომელიმე კონკრეტული პირის მეშვეობით. მითითებულ დღეს (19 ივლისს) იგი შვილებთან ერთად თბილისში იმყოფებოდა და სოფელ ტ-ი განჩინების ჩაბარებას ფიზიკურად ვერ შეძლებდა. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლო გზავნილის მიღებაზე მისი ხელმოწერა არის გაყალბებული და სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე, უნდა შეამოწმოს ხელწერილის ნამდვილობა ექსპერტიზის დანიშვნის გზით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინებით აპელანტ ნ. კ-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 350 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა. ამავდროულად, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ტომი 2, ს.ფ. 3-5).

სააპელაცო სასამართლოს დასახელებული განჩინება 2013 წლის 17 ივლისს გაეგზავნა და ამავე წლის 19 ივლისს პირადად ჩაბარდა აპელანტს, რასაც ადასტურებს საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე მისი ხელმოწერა (ტომი 2, ს.ფ. 6-7).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა კონკრეტულ შემთხვევაში დაიწყო 2013 წლის 20 ივლისს და ამოიწურა 2013 წლის 29 ივლისს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ორშაბათი. მიუხედავად ამისა, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება მას არ ჩაბარებია. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე მისი ხელმოწერა გაყალბებულია, ამიტომ სასამართლომ უნდა დანიშნოს ექსპერტიზა ამ ხელმოწერის ნამდვილობის დადგენის მიზნით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი (იხ. ტომი ტომი 2, ს.ფ. 7). აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ ხარვეზის განჩინება პირადად ჩაბარდა აპელანტს 2013 წლის 19 ივლისს. საფოსტო ბარათი ხელმოწერილია აპელანტის მიერ, მითითებულია ასევე მისი პირადი ნომერი. ასეთი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სასამართლო ეყრდნობა პრეზუმფციას, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე არსებული ადრესატის ხელმოწერა ნამდვილია. აღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი აწევს მხარეს (საჩივრის ავტორს), შესაბამისად, სწორედ მან უნდა წარუდგინოს სასამართლოს მისი ხელმოწერის გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხარის ეს ვალდებულება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ხელწერილის ნამდვილობის შემოწმების მიზნით სასამართლომ თავად უნდა დანიშნოს ექსპერტიზა. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორედ საჩივრის ავტორი იყო ვალდებული დაემტკიცებინა მის მიერ მითითებული გარემოება და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაამტკიცა მის მიერ მითითებული გარემოება, ვინაიდან მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და მხოლოდ თავისი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არაა საკმარისი სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის, ვინაიდან საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის ნამდვილობის ვარაუდი (პრეზუმფცია) ვერ გაქარწყლდება საჩივრის ავტორის უბრალო განცხადებით, რომ იგი ყალბია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე