№ა-3186-ა-11-2013 12 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – ი. რ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ც. ჩ-ი
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. რ-სა და თ. ხ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: ი. რ-ის, მის სასარგებლოდ, სესხის- 2028 აშშ დოლარისა და 1200 ლარის, ხოლო თ. ხ-ის – 10155 აშშ დოლარისა 1200 ლარის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. რ-ეს (პ/ნ ...), ც. ჩ-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ, დაეკისრა 981,70 აშშ დოლარისა და 1200 ლარის გადახდა; მოსარჩელე ც.ჩ-ს უარი ეთქვა მოპასუხე ი. რ-ე 1046,30 აშშ დოლარის დაკისრებაზე; მოპასუხე თ. ხ-ეს (პ/ნ ...) მოსარჩელე ც. ჩ-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ დაეკისრა 8836,88 აშშ დოლარის გადახდა; მოსარჩელე ც. ჩ-ს უარი ეთქვა მოპასუხე თ. ხ-ე 1318,12 აშშ დოლარისა და 1200 ლარის დაკისრებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. რ-ემ და თ. ხ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით ი. რ-სა და თ. ხ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. რ-ემ და თ. ხ-ემ.
ი. რ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განჩინებით ი. რ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილევლად დაუშვებლობის გამო.
2013 წლის 6 სექტემბერს ი. რ-ის წარმომადგენელმა მ. მ-ემ, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივრის სასამართლოში კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მოსამართლის თანაშემწემ, მიუხედავად მისი არაერთგზის პირადი თუ სატელეფონო მოთხოვნისა, დროულად არ ჩააბარა გადაწყვეტილების ასლი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განჩინების გაუქმება და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ი. რ-ის წარმომადგენელ მ. მ-ის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ი. რ-ე ახლად აღმოჩენილ გარემოებად და თავისი განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად მარტოოდენ იმაზე მითითებით შემოიფარგლება, რომ საკასაციო საჩივრის სასამართლოში კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მოსამართლის თანაშემწემ, მიუხედავად მისი არაერთგზის პირადი თუ სატელეფონო მოთხოვნისა, დროულად არ ჩააბარა გადაწყვეტილების ასლი.
საკასაციო სასამართლო განმცხადებლის მითითებულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან განმცხადებელი, თავისი განმარტებით, ფაქტობრივად აღიარებს, რომ საკასაციო საჩივარი ვადის დარღვევით აქვს წარდგენილი, რომლის აღდგენა კანონით დაუშვებელია. ამასთან, მის მიერ გაუქმების საფუძვლად წარმოდგენილი არგუმენტი, არ პასუხობს ახლად ააღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების კანონით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. რ-ის წარმომადგენელ მ. მ-ის განცხადება ახალად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე