№ა-3186-ბ-11-2013 12 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განცხადების ავტორი – ი. რ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ც. ჩ-ი
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინება
დავის საგანი – კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ც. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. რ-სა და თ. ხ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: ი. რ-ის, მის სასარგებლოდ, სესხის- 2028 აშშ დოლარისა და 1200 ლარის, ხოლო თ. ხ-ის – 10155 აშშ დოლარისა 1200 ლარის დაკისრება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. რ-ეს (პ/ნ ...), ც. ჩ-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ, დაეკისრა 981,70 აშშ დოლარისა და 1200 ლარის გადახდა; მოსარჩელე ც.ჩ-ს უარი ეთქვა მოპასუხე ი. რ-ე 1046,30 აშშ დოლარის დაკისრებაზე; მოპასუხე თ. ხ-ეს (პ/ნ ...) მოსარჩელე ც. ჩ-ის (პ/ნ ...) სასარგებლოდ დაეკისრა 8836,88 აშშ დოლარის გადახდა; მოსარჩელე ც. ჩ-ს უარი ეთქვა მოპასუხე თ. ხ-ე 1318,12 აშშ დოლარისა და 1200 ლარის დაკისრებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. რ-ემ და თ. ხ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით ი. რ-სა და თ. ხ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. რ-ემ და თ. ხ-ემ.
ი. რ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განჩინებით ი. რ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილევლად დაუშვებლობის გამო.
2013 წლის 6 სექტემბერს ი. რ-ის წარმომადგენელმა მ. მ-ემ, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივრის სასამართლოში კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მოსამართლის თანაშემწემ, მიუხედავად მისი არაერთგზის პირადი თუ სატელეფონო მოთხოვნისა, დროულად არ ჩააბარა გადაწყვეტილების ასლი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განჩინების ბათილად ცნობა და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, ამასთან, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტამდე შეჩერდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ი. რ-ის წარმომადგენელ მ. მ-ის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ: ა. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში; ბ. ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას კანონიერი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე; გ. პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის აღნიშნული საფუძვლები ამომწურავია და მისი გაფართოება დაუშვებელია. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ი. რ-ე არ მიუთითებს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის არც ერთ ზემოაღნიშნულ საფუძველზე, კერძოდ, იგი განჩინების ბათილობისა და თავისი განცხადების დაკმაყოფილების საფუძვლად მარტოოდენ იმაზე მითითებით შემოიფარგლება, რომ საკასაციო საჩივრის სასამართლოში კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მოსამართლის თანაშემწემ, მიუხედავად მისი არაერთგზის პირადი თუ სატელეფონო მოთხოვნისა, დროულად არ ჩააბარა გადაწყვეტილების ასლი.
საკასაციო სასამართლო განმცხადებლის მითითებულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად, ვინაიდან განმცხადებელი, თავისი განმარტებით, ფაქტობრივად აღიარებს, რომ საკასაციო საჩივარი ვადის დარღვევით აქვს წარდგენილი, რომლის აღდგენა კანონით დაუშვებელია. ამასთან, მის მიერ ბათილობის საფუძვლად წარმოდგენილი არგუმენტი, არ პასუხობს გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების კანონით დადგენილ წინაპირობებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ი. რ-ის განცხადების მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საკასაციო პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, განჩინების ბათილობის საკითხის გადაწყვეტის გამო, აღარ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის დამაბრკოლებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ი. რ-ის წარმომადგენელ მ.მ-ის განცხადებაზე საქმის წარმოება უნდა განახლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. რ-ის წარმომადგენელ მ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. განახლდეს საქმის წარმოება ი. რ-ის წარმომადგენელ მ. მ-ის განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის პირველი ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე