საქმე №ა-1813-შ-40-2013 9 დეკემბერი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს-ი
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ა. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ს-ს ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ე. ს-ის ა. ხ-ის სასარგებლოდ სასამართლოსათვის მიმართვიდან – 2012 წლის 30 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად დაეკისრა 20000 სომხური დრამის გადახდა, ასევე, მოპასუხეს სომხეთის რესპუბლიკის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 4800 სრ დრამის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. ხ-მა და მოითხოვა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ბეჭდით დამოწმებული განჩინებითა და საქმის განმხილველი სასამართლოს მიერვე გაცემული ცნობების შესწავლით დასტურდება, რომ მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა, ირკვევა, რომ გ. ს-ი საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ჯეროვნად იყო ინფორმირებული, თუმცა საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა, დასტურდება, რომ განჩინება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში, ასევე წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბეგარის - 4800 სომხური დრამის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში განჩინების სომხეთის ტერიტორიაზე აღსრულება შეუძლებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ა. ხ-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ზემოხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების ცნობასა და აღსრულებას, რომლითაც ა. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ს-ს ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ე. ს-ის ა. ხ-ის სასარგებლოდ სასამართლოსათვის მიმართვიდან – 2012 წლის 30 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად დაეკისრა 20000 სომხური დრამის გადახდა, ასევე, მოპასუხეს სომხეთის რესპუბლიკის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 4800 სრ დრამის გადახდა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო ბეჭდით დამოწმებული განჩინებითა და საქმის განმხილველი სასამართლოს მიერვე გაცემული ცნობების შესწავლით დასტურდება, რომ მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა, ირკვევა, რომ გ. ს-ი საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე ჯეროვნად იყო ინფორმირებული, თუმცა საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა, დასტურდება, რომ განჩინება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა ალიმენტის გადახდევინების ნაწილში საფუძვლიანია და ამ ნაწილში მისი დაკმაყოფილების ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ა.ხ-ის ალიმენტის ანაზღაურების ნაწილში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს არც გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების ნაწილში, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა.
რაც შეეხება შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნას საქართველოს ტერიტორიაზე სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების იმ ნაწილში ცნობისა და აღსრულების შესახებ, რომლითაც გ. ს-ს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სომხეთის რესპუბლიკის სასარგებლოდ 4800 სრ დრამის გადახდა, აღნიშნულ ნაწილში შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს იურიდიული ინტერესის არარსებობის გამო, კერძოდ:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტის ყველა ეტაპზე საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის შესახებ მხარის შუამდგომლობა, პროცესუალური თვალსაზრისით, აღიარებითი სარჩელია, რომლის დაკმაყოფილებისათვის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, გადამწყვეტი მოთხოვნის ნამდვილი იურიდიული ინტერესია. ა. ხ-ს კი, სომხეთის რესპუბლიკის სასარგებლოდ გ.ს-ის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიმართ ასეთი ინტერესი არ გააჩნია, შესაბამისად, მითითებულ ნაწილში მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად, სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ცნობილი უნდა იქნეს და მიექცეს საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მხოლოდ ა. ხ-ის სასარგებლოდ გ. ს-ის დაკისრებული ალიმენტის გადახდევინების ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ხ-ის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს იმ ნაწილში, რომლითაც ა. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. ს-ს ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ე. ს-ის ა. ხ-ის სასარგებლოდ სასამართლოსათვის მიმართვიდან – 2012 წლის 30 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად დაეკისრა 20000 სომხური დრამის გადახდა.
3. ა. ხ-ის შუამდგომლობას სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის ოლქის საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ იმ ნაწილში, რომელითაც გ. ს-ს სომხეთის რესპუბლიკის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 4800 სრ დრამის გადახდა ეთქვას უარი.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე