Facebook Twitter

საქმე №ა-2845-შ-70-2013 9 დეკემბერი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – თ. მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქ.ბროვარსკის სახალხო სასამართლოს 1981 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქ.ბროვარსკის სახალხო სასამართლოს 1981 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. შ. ძე მ-ს ... წლის ... ივლისს დაბადებული შვილის – თ. რჩენისათვის ა. ვ. ასული კ-ას სასარგებლოდ 1981 წლის 21 იანვრიდან ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტი ყოველგვარი შემოსავლის 1/4 ნაწილი. ერთი თვის ალიმენტის გადახდის ნაწილში გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. კ-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ მოპასუხე დაკისრებულ ალიმენტს იხდიდა 1990 წლის ივნისის ჩათვლით, მოგვიანებით შეწყვიტა საალიმენტო ვალდებულების შესრულება. როგორც ა.კ-ის ცნობილი გახდა თ.მ-ი საქმიანობს რუსეთის ფედერაციაში და მას შესასრულებელი აქვს ბოლო 8 წლის საალიმენტო ვალდებულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, ასევე, მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ა. კ-ას შუამდგომლობა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქ.ბროვარსკის სახალხო სასამართლოს 1981 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქ.ბროვარსკის სახალხო სასამართლოს 1981 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. შ. ძე მ-ს ... წლის... ივლისს დაბადებული შვილის – თ. რჩენისათვის ა. ვ. ასული კ-ას სასარგებლოდ 1981 წლის 21 იანვრიდან ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტი ყოველგვარი შემოსავლის 1/4 ნაწილი. ერთი თვის ალიმენტის გადახდის ნაწილში გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. კ-ამ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ მოპასუხე დაკისრებულ ალიმენტს იხდიდა 1990 წლის ივნისის ჩათვლით, მოგვიანებით შეწყვიტა საალიმენტო ვალდებულების შესრულება. როგორც ა.კ-ის ცნობილი გახდა თ.მ-ი საქმიანობს რუსეთის ფედერაციაში და მას შესასრულებელი აქვს ბოლო 8 წლის საალიმენტო ვალდებულება.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება.

კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიულად ადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას – 10 წელს, რომლის გასვლის შემდეგ აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნევა და არ დაკმაყოფილება.

განსახილველ შემთხვევაში შემოტანილი შუამდგომლობითა და თანდართული მასალებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს, კანონიერ ძალაში შევიდა 1981 წლის 16 თებერვალს, შუამდგომლობის ავტორმა კი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით მომართა 2013 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადის დარღვევით.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ობიექტად მოიაზრება არა კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება, არამედ – მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიანი და აღსრულებადი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქ.ბროვარსკის სახალხო სასამართლოს 1981 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებას საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვება აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ამდენად, ა. კ-ას შუამდგომლობა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქ.ბროვარსკის სახალხო სასამართლოს 1981 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. კ-ას შუამდგომლობა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქ.ბროვარსკის სახალხო სასამართლოს 1981 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე