Facebook Twitter

№ას-1020-975-2013 19 დეკემბერი, 2013 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი - თ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ს. ბ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრისა და 18 სექტემბრის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თ. გ-ემ, თ. ფ-ემ, მ. გ-ემ და ა. ფ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „კ. ს. ბ-ის“ მიმართ და ვალდებულების შესრულების გამო უძრავ ნივთებზე იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვეს.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის, მ. გ-ის, თ. ფ-სა და ა. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

2013 წლის 4 სექტემბერს თ. გ-ემ, თ. ფ-ემ, მ. გ-ემ და ა. ფ-ემ განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების, კერძოდ, აღსრულების შეჩერება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინებით წარდგენილი განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაზედაც განმცხადებლებმა საჩივარი წარადგინეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინებით წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „კ. ს. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „გ. 2008-ს“ სს „კ. ს. ბ-ის“ სასარგებლოდ 262 795.12 აშშ დოლარის, ასევე პირგასამტეხლოს სახით ძირითადი თანხის-244 272.32 აშშ დოლარის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2010 წლის 17 აგვისტოდან სესხის სრულ დაფარვამდე გადახდა დაეკისრა;

დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ასევე გადაწყდა დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებები, მათ შორის თ. გ-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება: საკადასტრო კოდი №..., მისამართი: რაიონი ხელვაჩაური, სოფელი უ-ი. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, მასზედ გაცემულია საააღსრულებო ფურცელი და მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.

დადგენილია რომ 2013 წლის 4 სექტემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა თ. გ-ის წარმომადგენელმა მ. ა-მა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში, 2013 წლის 09 ივლისს, A13042798 საქმეზე დაწყებული აღსრულების შეჩერება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინებით თ. გ-ის წარმომადგენლის, მ. ა-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა თ.გ-ემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინებით წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს საჩივარს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს. პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და დამატებით განმარტა: სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება აღსრულება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. მხოლოდ დარღვეულ უფლებასა, თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება, არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მომთხოვნი პირი ვალდებულია უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით დაამტკიცოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზე დაყრდნობითაც, სასამართლო დარწმუნდება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება არის ის ერთადერთი აუცილებელი საშუალება, რომლის გამოუყენებლობის შემთხვევაში, აზრი დაეკარგება გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია, ალბათობის მაღალი ხარისხით, იმ გარემოებების არსებობის ვარაუდზე მითითება, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, სხვაგვარად, აღნიშნული გარემოებების არსებობის ალბათობა უნდა გადასწონიდეს ვარაუდს მისი არარსებობის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში, თ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულების გამო, საჯარო რეესტრში, სს ,,კ.ს. ბ-ის” სასარგებლოდ, მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე არსებული იპოთეკის რეგისტრაციის ჩანაწერის გაუქმება. ამ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მართალია, გაუქმდება საჯარო რეესტრში არსებული სადავო ჩანაწერი, მაგრამ ეს გავლენას ვერ მოახდენს უკვე დაწყებულ სააღსრულებო პროცესზე, რადგან აღსრულება მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე და ეს გადაწყვეტილება სადავო არ არის. გარდა ამისა, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის არც გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში აღმასრულებლის მიერ განხორციელებულ აღსრულების ღონისძიებებს. ე.ი. ამ დავაში სააღსრულებო პროცესის კანონიერება სადავო არ არის, კანონიერი აღსრულების შეჩერება კი არ შეიძლება. ეს ნიშნავს, რომ სააღსრულებო პროცესი გაგრძელდება და გადაწყვეტილება აღსრულდება, მიუხედავად იმისა, დაკმაყოფილდება თუ არა თ. გ-ის სარჩელი.

პალატამ მიიჩნია, რომ თ. გ-ის წარმომადგენლის საჩივარი დაუსაბუთებელია, არ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმის მასალებთან ერთად უნდა გადაეგზავნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და თ. გ-ის საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით თ. გ-ის, თ. ფ-ის, მ. გ-სა და ა. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თ. გ-ემ და თ. ფ-ემ განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვეს, კერძოდ, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში 2013 წლის 9 ივლისს დაწყებული აღსრულების შეჩერება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 სექტემბრის განჩინებით, განმცხადებლების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ზემოდასახელებულ განჩინებაზე თ.გ-ემ წარადგინა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ დასაბუთებით, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების გასხვისება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რითაც წარდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდება აღუსრულებელს გახდის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2013 წლის 18 სექტემბრის განჩინებით საჩივრის ავტორის არგუმენტი პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხოლოდ დარღვეულ უფლებასა, თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება, არ წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებზე დაყრდნობითაც, სასამართლო დარწმუნდება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება არის ის ერთადერთი საშუალება, რომლის გამოუყენებლობის შემთხვევაში, აზრი დაეკარგება გადაწყვეტილების აღსრულებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა განმცხადებლების მოთხოვნა, არ იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში წარმოდგენილი განცხადებით დგინდება, რომ განმცხადებლების მოთხოვნა იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ პუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს: ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს შემდეგს: იმისათვის, რომ გამოყენებული იქნეს ზემოდასახელებული უზრუნველყოფის ღონისძიება სახეზე უნდა იყო ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელი. განსახილველ შემთხვევეაში კი დგინდება, რომ საჩივრის ავტორები ითხოვდენენ ვალდებულების შესრულების გამო უძრავ ნივთებზე იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმებას, მათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლში მითითებული მოთხოვნით, რაც აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა სარჩელი (ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელი) არ აღუძრავთ, შესაბამისად მათი მოთხოვნა აღსრულების შეჩერების შესახებ დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197, 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 სექტემბრისა და 18 სექტემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ.როინიშვილი

ბ. ალავიძე