Facebook Twitter

№ას-687-653-2013 5 დეკემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა. ი-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი-ო“, შპს „გ-ბ“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის

დავის საგანი – საგარანტიო თანხის გადახდევინება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ა. ი-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი-ოს“ წინააღმდეგ და მოითხოვა საგარანტიო თანხის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება.

დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირმა შპს „გ-ბ-მ“ სარჩელით მოითხოვა შპს „ა. ი-ის“ მიმართ ვალდებულების არარსებობის აღიარება, მათ შორის, ფარცხისი-გოხრევანის საავტომობილო გზის 24.0-64.1 კვ.მ მონაკვეთზე და სხვა სახის სამუშაოთა ვალდებულების არარსებობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ა. ი-ის“ სარჩელი შპს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი-ოს“ მიმართ არ დაკმაყოფილდა. შპს „გ-ბ-ს“ სარჩელი შპს „ა. ი-ის“ მიმართ ფარცხისი-გოხრანის 24.0-64.1 კმ. მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო და სხვა სამუშაოთა შესრულების ვალდებულების არარსებობის ნაწილში დაკმაყოფილდა.

2013 წლის 29 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საჩივარი წარმოადგინა შპს ”ა. ი-მა” და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იგი სასამართლო სხდომის თაობაზე არ იყო ინფორმირებული საქართველოს სსკ-ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შპს „ა. ი-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა. ი-მა“ და მოითხოვა მათი გაუქმება. აპელანტმა ასევე მოითხოვა შპს „გ-ბ“-ის სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებისა და შპს „გ-ბ-ის“ სარჩელის ცალკე გამოყოფაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინებით შპს „ა. ი-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს არსებითად განსახილველად; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინება შპს „გ-ბ-ის“ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ და ამავე სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინება შპს „გ-ბ-ის“ სარჩელის ცალკე გამოყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 27 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელე შპს „ა. ი-მა“ მოპასუხე შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი-ოს“ მიმართ საგარანტიო თანხის დაკისრების და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (ტ. I. ს.ფ. 91-100).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში (ტ. I. ს.ფ. 111-112). 2010 წლის 9 ნოემბერს შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ი-ოს“ მიერ შეტანილ იქნა შესაგებელი (ტ. I. ს.ფ. 130-138).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2011 წლის 9 დეკემბერს მიმართ მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შპს „გ-ბ-მ“ და მოითხოვა შპს „ა. ი-ის“ მიმართ ვალდებულების არარსებობის აღიარება, მათ შორის, ფარცხისი-გოხრევანის საავტომობილო გზის 24.0-64.1 კმ მონაკვეთზე და სხვა სახის სამუშაოთა ვალდებულების არარსებობის აღიარება (ტ. I. ს.ფ. 236-288).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში (ტ. I. ს.ფ. 289-291).

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 17 იანვარს დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა (ტ. II. ს.ფ. 123-129).

მოპასუხემ სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანასა და გამოტანის და მისი სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

მოსარჩელის (მოპასუხის) არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2013 წლის 17 იანვარს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ა. ი-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შპს „გ-ბ-ის“ სარჩელი კი, დაკმაყოფილდა (ტ. I. ს.ფ. 175-180).

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს სასამართლო სხდომის თარიღისა და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი, მეორე და მე-8 ნაწილიებთ, 70-ე მუხლის მე-8 ნაწილით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთვევაში დადგენილია, რომ შპს „ა. ი-ის“ წარმომადგენელს - პ. ხ-ს სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ სხვა სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს, რაზეც სხდომის მდივანმა 2012 წლის 13 დეკემბრის თარიღით, შეადგინა აქტი (იხ. ტ. II, ს.ფ. 133). სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული აქტი არ შეიცავდა პ. ხ-ის ხელმოწერას. თავად ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსამართლემ ზეპირად აცნობა სხდომის თაობაზე ინფორმაცია, პ.ხ-ს სადავოდ არ გაუხდია, თუმცა, სადავოა სასამართლო სხდომის თარიღის, უფრო სწორად, სხდომის ჩატარების ზუსტი დროის შესახებ გარემოება. პ.ხ-ის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო სხდომის ჩატარების სხვა დრო და არა ის დრო, რაც დაფიქსირებულია 2012 წლის 13 დეკემბრის აქტში, რის გამოც მან ვერ შეძლო 2013 წლის 17 იანვარს 1500 საათის სხდომაზე გამოცხადება.

პალატამ მიიჩნია, რომ ამ პირობებში ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყვეტილიყო უწყების მიმღები მხარის სასარგებლოდ, რამდენადაც სადავო იყო სხდომის ჩატარების ზუსტის დროის შესახებ გარემოება. საგულისხმოა, რომ კანონმდებელი სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების დადასტურებას უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი აქტით დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ სასამართლო უწყების ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის საშუალებით ჩაბარებისას (სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რასაც მოცემულ შემთხევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ 2013 წლის 17 იანვრის 1500 სთ-ზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, აპელანტი სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, არ ყოფილა დაუწყებული.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვითარება, კერძოდ, შპს „ა. ი-ს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში 2013 წლის 17 იანვარს გამართული სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, ასევე გამოცხადების აუცილებლობის თაობაზე, არ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 იანავრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე კოლეგიის 2013 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაუბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მესამე პირის - შპს „გ-ბ-ის“ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებისა და შპს „გ-ბ-ის“ სარჩელის ცალკე გამოყოფაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების გაუქმების ნაწილში, პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელი იყო შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად (სსსკ-ის 88-ე მუხლის პირველი ნაწილი). კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია რა, რომ მესამე პირის მოთხოვნის დასაბუთებულობისას იმთავითვე გამოირიცხებოდა თავდაპირველ სარჩელში მოთხოვნილი შესრულება, მიზანშეწონილი იყო შპს „ა. ი-სა“ და შპს „გ-ბ-ის“ სარჩელები გადაეწყვიტა ერთდროულად.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმის, გაერთიანებას ითვალისწინებს ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რაც გამოწვეულია პროცესის ეკონომიურობის პრინციპით, რომელიც, უპირველესად, მოდავე მხარეთა ინტერესებშია - დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მხოლოდ ის არგუმენტი, რომ შპს „გ-ბ“ არ აცხადებდა პრეტენზიას კონკრეტულად დავის საგანზე ან მის ნაწილზე, ვერ გახდებოდა შპს „გ-ბ-ის“ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ და შპს „გ-ბ-ის“ სარჩელის ცალკე გამოყოფაზე უარის თქმის თაობაზე გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძველი (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა. ი-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასმართლოსთვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს შპს „გ-ბ-ის“, როგორც მესამე პირის სარჩელი, სასამარტლოს არ უნდა მიეღო წარმოებაში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84.3-ე, 88-ე და 89-ე მუხლების შესაბამისად, განეხილა ძირითად სარჩელთან ერთად. აღნიშნული უკანონო პროცესუალური ქმედებიტ სასამართლომ საბანკო გარანტიის გადახდის თაობაზე, დავა გადააქცია სამშენებლო კონტრაქტიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობის თაობაზე დავად, რაც დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საბანკო გარანტიების დამოუკიდებლობის პრინციპს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განჩინებით შპს „ა. ი-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. ი-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ა. ი-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა. ი-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს შპს „ა. კ. ჯ-ას“ მიერ 2013 წლის 23 ივლისს № 846 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის), ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე