Facebook Twitter

№ას-550-859-09 19 ნოემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო,სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ც. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ი (მოპასუხე)

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

2009 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ც. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მიუთითა, რომ მისი ოჯახის წევრებმა და ნ. კ-მა მოილაპარაკეს, ეწარმოებინათ ერთობლივი საქმიანობა და მოგება-წაგება გაენაწილებინათ თანაბრად. ნ. კ-მა მის შვილს გადასცა 10 000 აშშ დოლარი. სხვადასხვა მიზეზების გამო ერთობლივი საქმიანობა ვერ განხორციელდა, ხოლო მათ კი ფულის დაფარვა ვერ მოახერხეს მთლიანად. ნ. კ-ს გადაუხადეს თანხის ნაწილი 1500 აშშ დოლარი. ვინაიდან დარჩენილი 8 500 აშშ დოლარის გადახდის საშუალება არ გააჩნდათ, ნ.კ-მა თვალთმაქცურად შესთავაზა, რომ ანგარიშის სრულად გასწორებამდე გარანტიის სახით გაეფორმებინათ მასთან წერილობითი საბუთი. შემოთავაზების საფუძველზე აწ გარდაცვლილ მის მეუღლე ჯ. ბ-სა და ნ. კ-ს შორის ოზურგეთის რაიონის დაბა უ-ი მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 2002 წლის 25 აპრილს დაიდო ე.წ ნასყიდობის ხელშეკრულება. ნ.კ-სა და მის მეუღლე ჯ.ბ-ეს შორის უნდა გაფორმებულიყო ხსენებული მიწის ნაკვეთის უკან გადაცემის ნასყიდობის ხელშეკრულება, მას შემდეგ, რაც გადაუხდიდნენ 8500 აშშ დოლარს ან მისთვის შეიძენდნენ საცხოვრებელ ბინას, ქ.თბილისში. 8500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მაშინდელი საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, საკმარისი იყო 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაფორმება ნ.კ-ის სახელზე, მაგრამ ისარგებლა რა მათი ფინანსური მდგომარეობით და გამოუცდებლობით ნ.კ-მა კატეგორიულად მოითხოვა 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაფორმება. ნ.კ-ს შესთავაზეს გადასახდელად დარჩენილი თანხის ნაწილი 4000 აშშ დოლარი, რომლის მიღებაზეც უარი განაცხადა. შემდგომში შესთავაზეს საცხოვრებელი ბინა ქ.თბილისში, მაგრამ ნ.კ-მა ამჯერადაც უარი განაცხადა. მათ შორის უნდა გაფორმებულიყო სესხის უზრუნველყოფის (გარანტიის) ხელშეკრულება, ე.წ. ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანი არ ყოფილა ნასყიდობისათვის დამახასიათებელი იურიდიული შედეგის დადგომა. ე.წ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მიწის ნაკვეთის ღირებულებად დაფიქსირებულია 2500 ლარი, რაც იმ დროისათვის არსებულ საბაზრო ღირებულებასა და ხელშეკრულებაში ასახულ ასანაზღაურებელ თანხას შორის აშკარა შეუსაბამობაა. სადავო ხელშეკრულება დაიდო ფორმალურად მხოლოდ იმის წყალობით, რომ ნ.კ-მა ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მატერიალური მდგომარეობით და გამოუცდებლობით, რასაც შედეგად მოჰყვა თვალთმაქცურობის გზით ე.წ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება ნაცვლად იპოთეკის ხელშეკრულებისა. ე.წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნის ღირებულება 2500 ლარი მათ არ გადასცემიათ. მოსარჩელემ მოითხოვა, 2002 წლის 25 აპრილს მის აწ გარდაცვლილ მეუღლესა და ნ. კ-ს შორის დადებული ოზურგეთის რაიონის დაბა უ-ი მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. აღნიშნული მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული 159,5 კვ.მ შენობა-ნაგებობის ადრინდელ მესაკუთრე ჯ. ბ-ის სახელზე აღრიცხვა, შესაბამისი ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში და მოპასუხისათვის სესხის დასაფარავად 8500 აშშ დოლარის ანგარიშში, ჯ. ბ-ის სახელზე აღრიცხული მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვას საჯარო რეესტრში რეგისტრაციით.

საქმის ზეპირი მომზადების პერიოდში და მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სარჩელი, შეამცირა მისი ოდენობა და მოითხოვა, ბათილად იქნას ცნობილი აწ გარდაცვლილ ჯ. ბ-სა და მოპასუხე ნ. კ-ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება და აღდგენილ იქნას პირვანდელი მდგომარეობა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ც. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივარი შეიტანა ც. ბ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასმართლოს 2009 წლის 31 Aმარტის განჩინებით ც. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ც. ბ-ემ. მან მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა ის ფაქტი, რომ გარიგების დადებას მოჰყვა ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი შედეგი და მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში კრედიტორმა ნ. კ-მა ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად მიიღო სხვა შესრულება, რაც არასწორია, რადგან, თუ კი ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენდა ვ. ბ-ის ვალის - 8500 აშშ დოლარის სანაცვლო შესრულებას ჯ. ბ-ის მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, უნდა ჩაწერილიყო ის რეალური თანხა, რომელიც მევალეს აკმაყოფილებდა, კერძოდ, 8500 აშშ დოლარი და არა 25000 აშშ დოლარი. ნასყიდობის ფასის არასწორი განსაზღვრა დასტურია იმისა, რომ გარიგება იყო მოჩვენებითი. ნასყიდობა ნამდვილი რომ არ არის, ამას ადასტურებს ნ. კ-ის ახსნა-განმარტებაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის განჩინებით ც. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 – დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ც. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ც. ბ-ეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (710 ლარის) 70% - 497 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: თ. თოდრია

რ. ნადირიანი