ბს-645-612(კ-06) 2 ოქტომბერი, 2006 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნინო ქადაგიძე
ზეპირი განხილვის გარეშე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის შესაბამისად, განიხილა მ. რ.-ს საკასაციო საჩივრის განსჯადობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006 წლის 3 იანვარს ნ. რ.-მ სარჩელი აღძრა ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. რ.-ს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე უძრავი ქონების მ. რ.-ს სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებისა და მითითებული უძრავი ქონების თანამესაკუთრედ მოსარჩელის აღრიცხვის შესახებ ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის თაობაზე (ს.ფ. 1).
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. რ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა და ეს უკანასკნელი ცნობილ იქნა სადავო სახლის თანამესაკუთრედ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის დაევალა 2005 წლის 31 ოქტომბრის ჩანაწერში ნ. რ.-ს მესაკუთრედ ცნობის შესახებ ცვლილების შეტანა (ს.ფ. 49-52).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ.-მ და მოითხოვა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. რ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 55-59).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის განჩინებით დადგინდა მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა იმ მოტივით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა კომლის თანამესაკუთრედ ცნობა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რაც არ განეკუთვნება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას, რის გამოც იგი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (ს.ფ. 104-105).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით მ. რ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. რ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ეს უკანასკნელი ცნობილ იქნა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე 7500 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 138 კვ.მ საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ მ. რ.-სთან ერთად და დადგინდა ამ უკანასკნელის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია (ს.ფ. 122-127).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. რ.-მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, იურიდიულად დაუსაბუთებლობისა და საქმის არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვის მოტივით და საქმის ხელახლა განსახილველად გადაცემა განსჯადი სასამართლოსათვის, ან საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორმა მიუთითა შემდეგ საფუძვლებზე:
სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის უგულებელყოფით. სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სსსკ-ის 393-394-ე მუხლები, ასევე საკუთრების უფლების მომწესრიგებელი სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმები, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
კასატორის მითითებით, მოცემული დავა აღძრულ იქნა სამოქალაქო წესით, განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმეობის წესით, ხოლო სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა სამოქალაქო საქმეთა პალატაში. ქუთაისის სააპელაციო სასამრთლომ საქმე განიხილა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, მაგრამ მიუთითა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გასაჩივრების უფლებაზე.
კასატორის მითითებით, საქმე სრულყოფილად არ არის გამოკვლეული, არ გარკვეულა რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვნდა მოსარჩელე, არ არის გამოკვლეული სარჩელის საფუძვლიანობა და ხანდაზმულობა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივად და იურიდიულად დაუსაბუთებელია (ს.ფ. 131-137).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განსჯად სამოქალაქო დავას წარმოადგენს, შესაბამისად განსახილველად უნდა გადაეცეს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით შემდეგ გარემოებათა გამო:
კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ მ. რ.-ს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს კომლის თანამესაკუთრედ ცნობა და თანასაკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რაც არ წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავის საგანი კომლის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, წარმოშობილია სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებიდან, რომელიც გამომდინარეობს არა ადმინისტრაციული სამართლის, არამედ, კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსი ადგენს კომლში საკუთრების მომწესრიგებელ ნორმებს, თანამესაკუთრედ ცნობის ზოგად წესებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია სამოქალაქო სარჩელი თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, ხოლო საკუთრება წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ კლასიკურ სამოქალაქო-სამართლებრივ ინსტიტუტს, სანივთო სამართლის შემადგენელ ნაწილს და არის სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი. საქართველოშიც იგი წესრიგდება სამოქალაქო კოდექსით, მიძღვნილი აქვს ამ კოდექსის II წიგნის სანივთო (ქონებრივი) სამართლი მესამე კარი. ამდენად, მოცემული დავა დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელიც გამომდინარეობს არა ადმინისტრაციული სამართლის, არამედ სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან სწორედ ეს კანონმდებლობა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს საკუთრების უფლების საკითხებს.
აღსანიშნავია, რომ თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც სამოქალაქო საქმეთა განსაზღვრის პრინციპად აღიარებს სამართლებრივ ურთიერთობას, ასე მაგალითად, სსს კოდექსის 11.1. «ა» მუხლის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე, იურიდიულ პირებს შორის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავა სწორედ სამოქალაქო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, ხოლო ის გარემოება, რომ სარჩელი მიმართულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს _ ლანჩხუთის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, არ წარმოადგენს საქმის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის საფუძველს, რამდენადაც დავის ადმინისტრაციულად მიჩნევის ძირითად ელემენტს წარმოადგენს სარჩელის საგანი _ ურთიერთობა, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობით წესრიგდება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი, სარჩელი არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის მეორე მოთხოვნა _ სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება თანასაკუთრების რეგისტრაციაში გატარების თაობაზე, წარმოადგენს სარჩელის ძირითადი მოთხოვნის _ თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილების ან/და დაუკმაყოფილებლობის თანამდევ შედეგს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო საქმეს და იგი განსახილველად უნდა გადაეცეს საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
აღსანიშნავია, რომ საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ განხილულ იქნა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, თუმცა, ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში შეცდომით მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში; საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნული ნორმის და გადაწყვეტილების გასაჩივრების არასწორი მითითება, ვერ განაპირობებს დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის საფუძველს, შესაბამისად საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს უფლებამოსილ _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1, 26.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 408.3 და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქმე (ბს-645-612(კ-06) მ. რ.-ს საკასაციო საჩივრის გამო განსჯადობით განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.