Facebook Twitter

№ ას-1014-969-2013 24 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ბ. ო-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ე-ა“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება და შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის კომპენსაციის გადახდა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბ. ო-მა თელავის რაიონულ სასამართლოში სს „კ. ე-ის“ მიმართ აღძრა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 2002 წლის 16 ოქტომბრიდან 2003 წლის 13 ივნისამდე პერიოდის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებისა და შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის კომპენსაციის გადახდის დაკისრება.

სარჩელის მიხედვით, ბ. ო-ი 1996 წლიდან მუშაობდა სს „ს-ის“ ახმეტის ფილიალში მატნის ზონის ოსტატად, საიდანაც გათავისუფლებულ იქნა 2002 წლის 16 ოქტომბერს. ახმეტის რაიონულმა სასამართლომ 2003 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით ბ. ო-ი აღადგინა სამუშაოზე 2003 წლის 13 ივნისიდან, თუმცა მოპასუხე ორგანისაზაციისათვის არ ყოფილა დაკისრებული იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღურება შესაბამისი მოთხოვნის წარუდგენლობის გამო. დამსაქმებლის ქმედებებიდან გამომდინარე ბ. ო-მა მხოლოდ 2013 წლის 1 თებერვლის N75 ბრძანებით გათავისუფლების შემდეგ გადაწყვიტა, სასამართლო წესით მოეთხოვა როგორც იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ასევე კომპენსაცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის.

სს „კ. ე-ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. შესაგებლის მიხედვით, მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია. შესაგებლის ავტორი აღნიშნავს, რომ 2005 წლის 22 აგვისტოდან თელავის რაიონული სასამართლოში სს ”კ. ე-ის” მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება, რაც დასრულდა 2009 წლის 26 მარტის განჩინებით. ხსენებული განჩინებით სს ”კ. ე-ის” საკუთრებაში არსებული სამეურვეო ქონება ერთ ლოტად, ერთიანი კომპლექსის სახით აუქციონზე შეძენის შედეგად გადაეცა კონცერნ ”გ. ა-ას” დაუტვირთავი და ვალებისგან (ვალდებულებებისგან) თავისუფალი სახით.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზედაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ ერთი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის გადახდის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა შესაბამის ნაწილში და სს „კ. ე-ას“ ბ. ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა 400 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ახმეტის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 06 მაისის გადაწყვეტილებით ბ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სს „ს-ის“ ახმეტის ფილიალის დირექტორის 2002 წლის 16 ოქტომბრის N77ბრძანება ბ. ო-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილი იქნა იმავე ფილიალის მატნის ზონის ოსტატის თანამდებობაზე. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს ბ. ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა ხელფასის დავალიანების ანაზღაურება 1 472.99 ლარის ოდენობით და საიჯარო ქირის დავალიანების ანაზღაურება 315 ლარის ოდენობით. 2002 წლის 16 ოქტომბრიდან 2003 წლის 13 ივნისამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით ბ. ო-მა სარჩელი აღძრა მხოლოდ მხოლოდ 2012 წლის 07 მაისს.

სააპელაციო სასამართლომ შეაფასა რა აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ ბ. ო-ის სარჩელი 2002 წლის 16 ოქტომბრიდან 2003 წლის 13 ივნისამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია, რის გამოც არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული ამავე კოდექსის 144-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 აგვისტოს განჩინებით სს ”კ. ე-ის” მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება, რომლის პროცესში ბ. ო-ს სასამართლოსთვის არ მიუმართავს განცხადებით კრედიტორული დავალიანების თაობაზე. თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განჩინებით დასრულდა სს ”კ. ე-ის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე: „სს ”კ. ე-ის” საკუთრებაში არსებული სამეურვეო ქონების ერთ ლოტად, ერთიანი კომპლექსის სახით შეძენის და 2009 წლის 01 იანვარს საწარმოს, სს ”კ. ე-ის” აქციათა 100%-ის მესაკუთრედ რეგისტრაციის შედეგად დახურულ სააქციო საზოგადოებას, კონცერნ ”გ. ა-ას” აუქციონზე შეძენილი ქონება დაუტვირთავი და ვალებისგან (ვალდებულებებისგან) თავისუფალი გადაეცა საწარმოს, სს ”კ. ე-ის” სახით. სს ”კ. ე-ა” გამოცხადდა 2008 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით ან ამ თარიღამდე წარმოქმნილი და შემდეგ გამოვლენილი - საწარმოების, ორგანიზაციების, სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური პირების, მათ შორის „კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის“ გრაფა „უიმედო (აუნაზღაურებელი) მოთხოვნაში“ ასახული მოთხოვნებისაგან თავისუფალი და დაუტვირთავი“. ამდენად, სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, ბ.ი ო-ი განაცხადებდა თუ არა 2008 წლის 31 დეკემბრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე (განაცდურის ანაზღაურების შესახებ) პრეტენზიას 2008 წლის 31 დეკემბრამდე, სს „კ. ე-ას“ აღარ ეკისრება ამ დავალიანების ანაზღაურება - კანონისა და თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის განჩინების საფუძველზე მოპასუხე თავისუფალია ყველა ამ ვალდებულებისაგან.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დამტკიცდა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება სს ”კ. ე-ის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. სს ”კ. ე-ის” გაკოტრების მმართველის 2013 წლის 01 თებერვლის N75 ბრძანებით კი ახმეტის აბონენტთა მომსახურების ცენტრის ქსელის ექსპლუატაციის გაყოფილების უფროს ელექტრომონტიორთან, ბ. ო-ან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. ბრძანებაში საფუძვლად მიეთითა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბ. ო-ი სს ”კ. ე-ან” ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად, 2013 წლის 01 თებერვალს მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლით. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლომ შრომის კოდექსის მე-2 და მე-6 მუხლების, 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ პუნქტის, 38-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად მიიჩნია, რომ სს „კ. ე-ა“ ვალდებულია, ბ. ო-ს გადაუხადოს კომპენსაცია ხელშეკრულების მოშლისათის 1 თვის ხელფასის - 400 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 03 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ო-მა, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სს „კ. ე-ის“ წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ შესაბამისი მოთხოვნა განეკუთვნება სახელფასო დავალიანების საკითხს და მის შესახებ ბ. ო-ს უნდა მიემართა სს „კ. ე-ის“ გაკოტრების საქმის მწარმოებელი სასამართლოსთვის. რეალურად ბ. ო-ს 2013 წლამდე იძულებითი განაცდურის მოთხოვნა სასამართლოში არ წარუდგენია. ამდენად, იგი გაკორტების საქმეზე ვერ განაცხადებდა იმ თანხის თაობაზე, რომელიც სასამართლო წესით არ ჰქონდა მიკუთვნებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. ო-ის მოთხოვნა ვერ ჩაითვლება სს „კ. ე-ის“ იმ იუმედო ვალებში, რაც თელავის რაიონულმა სასამართლომ გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრა. იგი არ ფიქსირდება სს „კ. ე-ის“ გაკოტრების საქმისწარმოებისას შედგენილ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში, რასაც სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ უნდა ჩაითვალოს დაგვიანებით წარდგენილად, ვინაიდან ბ. ო-ის მხოლოდ 2013 წლის 16 თებერვალს სამუშაოდან გათავისუფლების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ადმინისტაცია არ აპირებდა განაცდური ხელფასის ანაზღაურებას, მიუხედავად მუშაობის პერიოდში გაცემული დაპირებებისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით ბ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ბ. ო-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. ო-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე