Facebook Twitter

№ ას-1027-981-2013 24 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ზ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მიუღებელი სახელფასო დანამატის ანაზღაურება, საშვებულებო თანხის გადახდა, შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის სავალდებულო კომპენსაციის გადახდა, ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხების 0,07%-ის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ზ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ აღძრა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის 2012 წლის 31 ოქტომბრის N105 §1 ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა, ასევე მოპასუხე ორგანიზაციისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით 2012 წლის 01 ნოემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე, გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება 700 ლარის ოდენობით, ხელშეკრულების მოშლისათვის კომპენსაციის გადახდის დაკისრება 700 ლარის ოდენობით, 2012 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეების დამატებითი ხელფასის ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხების 0.07%-ის დაკისრება 2012 წლის 01 ნოემბრიდან სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სარჩელის მიხედვით, დ. ზ-ი წარმოადგენდა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების თანამშრომელს სანიტრის თანამდებობაზე. იგი არასამუშაო დღეებში კერძო დაკვეთით შეთავსებითაც მუშაობდა გარდაცვლილის მოწესრიგებაზე, რა დროსაც თან ატარებდა პირადი სახსრებით შეძენილ საჭირო ნივთებს. 2012 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებით დ. ზ-ი გათავისუფლებულ იქნა სამუშაოდან ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენის გამო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N225 დადგენილების 4.3 პუნქტის 4 „დ“ ქვეპუნქტისა და ბიუროს უფროსის 2012 ნწლის 12 იანვრის N7 §1 ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის 11.1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. დასახელებული ბრძანების საფუძვლად მითითებულ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ დ. ზ-ი სამსახურისგარეშე საქმიანობას ახორციელებდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კუთვნილი სამი ერთეული რეზინის ხელთათმანით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

სარჩელის მიხედვით, დ. ზ-ის უსაფუძვლო გათავისუფლებისას მოპასუხემ დაარღვია როგორც შრომითი ხელშეკრულებით, ასევე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, არ გააფრთხილა იგი გათავისუფლების თაობაზე წინასწარ 3 დღით ადრე, არ გასცა ხელშეკრულების მოშლისათვის კომპენსაცია ერთი თვის ხელფასის - 700 ლარის ოდენობით, ასევე არ გასცა სექტემბრისა და ოქტომბრის თვეების დამატებითი ხელფასი 400 ლარის ოდენობით და გამოუყენებული შვებულების თანხა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 01 მაისის გადაწყვეტილებით დ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშოზე აღდგენის, განაცდურის ანაზღურებისა და საშვებულებო თანხის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, რაზედაც სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განჩინებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები, რომელთა შესაბამისად: დ. ზ-ი 2010 წლის 1 სექტემბრიდან დაინიშნა მოპასუხე ორგანიზაციის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების სანიტრად განუსაზღვრელი ვადით და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 2012 წლის მე-2 ნახევარში შეადგენდა 700 ლარს (დარიცხული). დ. ზ-ს მუშაობის პერიოდში სრულად აქვს მიღებული როგორც ხელფასი, ასევე გამომუშავებული სამუშაოსათვის (გარდაცვლილის მოწესრიგება) გათვალისწინებული ფულადი თანხა. დ. ზ-ი კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის შრომით მოვალეობას. იგი იყო ცვლაში მომუშავე მუშაკი და ჰქონდა უფლება, არასამუშაო დღეებში კერძო პირთა მიმართვის საფუძველზე გაეწია გარდაცვლილის მოწესრიგებათან დაკავშირებული მომსახურება. კერძო სამუშაოსათვის განკუთვნილ ხელსაწყოებსა და მედიკამენტებს იძენდა უშუალოდ მოსარჩელე საკუთარი სახსრებით. 2012 წლის 25 ოქტომბერს მოპასუხე ბიუროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების თანამშრომელთა შემოწმება, რომლის შედეგად დ. ზ-ს არასამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას აღმოაჩნდა სამი ცალი ლურჯი ფარის ერთჯერადი გამოყენების რეზინის ხელთათმანი, რომელიც გამოყენებული იყო ცვლაში (მორიგეობის პერიოდში) მუშაობისას (წინა დღეს), გვამის მოწესრიგების დროს. გვამის მოწესრიგების შემდეგ, დ. ზ-მა მის მიერ გამოყენებული ხელთათმანები არ ჩაყარა ნაგვის ურნაში, არამედ გარეცხა და ჩაიდო ჩანთაში შემდგომი მოხმარებისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ უკვე გამოყენებული და გამოსაყენებლად უვარგისი, ერთჯერადი, თავის დროზე, ჯამში, დაახლოებით 30 თეთრად შეძენილი 3 ცალი ხელთათმანის დ. ზ-ის მიერ აღებით მოპასუხე ორგანიზაციას არ მისდგომია რაიმე სახის ზიანი, ასევე, აღნიშნული ხელთათმანების გამოყენებით მოსარჩელეს არ ჩაუდენია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული უღირსი საქციელი. მიუხედავად ამისა, 2012 წლის 31 ოქტომბერს გამოცემული ბრძანებით დ. ზ-ი გათავისუფლდა სამუშაოდან მის მიერ ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენის გამო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით. სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებით დ. ზ-ს მოესპო რა შესაძლებლობა, ემუშავა და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება, მიადგა ზიანი. მას არ მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა 2012 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების სანიტრის თანამდებობა (საიდანაც უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს მოსარჩელე) არ გაუქმებულა.

დადგენილი გარემოებების შესაბამისად, სადავო ბრძანების გამოცემისას მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი, რამეთუ არ არსებობს აბსოლუტური სამოქალაქო უფლება, არამედ იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ბრძანების მიღებას და შესაბამისად, დ. ზ-ან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ სამსახურიდან სამი ცალი ლურჯი ფერის ერთჯერადი ხელთათმანის უნებართვოდ აღება, რომელიც დ. ზ-ის მიერ უკვე გამოყენებული იყო სამსახურში თავისი მოვალეობის შესრულებისას (გვამის მოწესრიგების დროს). სააპელაციო სასამართლოს შეხედულებით, დ. ზ-ის აღნიშნული ქმედება მართალია, არ შეიძლება ჩაითვალოს მოსაწონ საქციელად და იგი შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს კიდეც სამედიცინო დაწესებულებებში ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების წესებს, თუმცა დავის სწორად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობისაა, სწორი შეფასება მიეცეს იმ გარემოებას, თუ რამდენად თანაზომიერია ასეთი ხასიათის დარღვევის შემთხვევაში დასაქმებულის მიმართ ისეთი უკიდურესი ღონისძიების გამოყენება, როგორიცაა სამსახურიდან გათავისუფლება. სააპელაციო პალატის განმარტებით, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს სათანადო საფუძვლები, სამსახურიდან გათავისუფლება უნდა იყოს ადეკვატური და თანაბარზომიერი ჩადენილი დარღვევისადმი. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დ. ზ-ის მიერ უკვე გამოყენებული ხელთათმანების უნებართვოდ აღება შემდგომი გამოყენებისათვის არ წარმოშობს ხელშეკრულების მოშლის შესახებ უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერ საფუძველს დამსაქმებლისათვის. ამგვარი ხასიათის დარღვევისას გონივრული იქნებოდა, დამსაქმებელს გამოეყენებინა ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შედარებით მსუბუქი ზომა (მაგალითად: შენიშვნა, საყვედური). სასამართლოს მითითებით, ნიშანდობლივია, რომ მუშაობის პერიოდში, მოსარჩელის მიმართ მოპასუხე დაწესებულების მხრიდან არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური სახდელი დისციპლინური პასუხისმგებლობოს სახით. ამდენად, სასამართლოს დასკვნით, დ. ზ-ის მიერ დაშვებული დარღვევის პირობებში დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ უფლებამოსილების გამოყენება აშკარად შეუსაბამო და გადაჭარბებულია, შესაბამისად, დ. ზ-ან შრომითი ურთიერთობის მოშლა იყო კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება, რის გამოც არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების სანიტრად, გათავისუფლებამდე გაფორმებული უვადო შრომითი ხელშეკრულების პირობებით, აღდგენის კანონიერი საფუძველი, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 408-ე მუხლებისა. აპელანტის პრეტენზია მასზედ, რომ თანამდებობა, რომელიც დაკავებული ჰქონდა მოსარჩელეს, დღეისათვის არ არის ვაკანტური, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება გახდეს სამსახურში აღდგენის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, მითუმეტეს, რომ მითითებული გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

შრომის კოდექსის მე-2, 31-ე და 32-ე მუხლების შესაბამისად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ვალდებულია, დ. ზ-ს აუნაზღაუროს სამუშაოდან გათავისუფლებიდან - 2012 წლის 1 ნოემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის მისაღები ხელფასი, როგორც სამუშაოდან უსაფუძვლო გათავისუფლებით მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. სასამართლოს მითითებით, იგივე სახით უნდა დაეკისროს მოპასუხეს დ. ზ-ის გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურება ერთი თვის ხელფასის ოდენობით, თანახმად შრომის კოდექსის 21-ე, 22-ე და 26 მუხლებისა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დ. ზ-მა უგულებელყო მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითები სამსახურებრივიი მოვალეობის შესრულებისას უკვე გამოყენებული ერთჯერადი ხელთათმანების სათანადო კონტეინერში მოთავსების აუცილებლობასა და მისი განმეორების გამოყენების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. ასეთი დაუდევარი ქმედებით დ. ზ-მა საფრთხე შეუქმნა არამხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ სხვა პირებსაც. დ. ზ-მა დაარღვია პროფესიური ეთიკის ნორმები. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე მართლზომიერად იქნა გათავისუფლებული სამუშაოდან შრომითი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

კასატორის მითითებით, დ. ზ-ის ქმედების შფასებისას სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N300/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლობის სანიტარული წესები“, რომელთაც იცავს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. დასახელებული წესების შესაბამისად, საექსპერტო მომსახურების გაწევისას წარმოშობილი ნარჩენები თავსდება სპეციალურ კონტეინერში, რომლის შევსებისთანავე სათანადო ლიცენზირებულ კომპანიასთან იდება ხელშეკრულება ნარჩენების დახარისხების, გატანისა და გაუვნებლობის მიზნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ოქტომბრის განჩინებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1250 ლარი) 70% – 875 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 15 აგვისტოს №24141 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1250 ლარი) 70% – 875 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე