№ას-1053-1005-2013 24 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,კ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ს. შ-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აგვისტოს განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. შ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,კ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა შპს ,,კ-სა“ და ს. შ-ს შორის 2011 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა, ასევე მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ - 21 000 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 5000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით: 2007 წლის 14 სექტემბერს შპს ,,კ-სა“ და ს. შ-ს შორის გაფორმდა საგარანტიო ხელშეკრულება ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, რომლის შესაბამისადაც შპს ,,კ-მა“ იკისრა ვალდებულება ქ. ბათუმში, პ-ის ქ. N33-ში, აეშენებინა საცხოვრებელი კორპუსი და გადაეცა მოსარჩელისათვის საკუთრებაში 42 კვ.მ ფართის ბინა N21, განლაგებული მე-9 სართულზე, რის სანაცვლოდაც ს. შ-ი გადაუხდიდა შპს ,,კ-ს“ 21 000 აშშ დოლარს. შპს ,,კ-ი“ მშენებლობის შეჩერების გამო ვერ ასრულებდა 2007 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას მშენებლობის დასრულების თაობაზე, რის გამოც მხარეთა შორის 2011 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მშენებლობის დასრულების ვადა გადაიწია 2013 წლის 31 იანვრამდე. მშენებლობა შეჩერებული იყო, აშენებული იყო მხოლოდ 3 სართული, შესაბამისად მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დროში იმდენად გაჭიანურდა, რომ მოსარჩელისათვის მისმა შესრულებამ აზრი დაკარგა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით ს. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოიშალა შპს ,,კ-სა“ და ს. შ-ს შორის 2011 წლის 10 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და შპს ,,კ-ს“ დაევალა დაუბრუნოს ს. შ-ის მის მიერ გადახდილი თანხა - 21 000 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, შპს ,,კ-ს“ ს. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა - 5000 აშშ დოლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,კ-მა“, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აგვისტოს განჩინებით შპს ,,კ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ აღნიშნა, რომ 2007 წლის 14 სექტემბერს შპს კ-სა და ს. შ-ს შორის გაფორმდა საგარანტიო ხელშეკრულება ბინის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. ამ ხელშეკრულების თანახმად, შპს კ-ს უნდა აეშენებინა და ს. შ-ის გადაეცა 42 კვ.მ ფართის ბინა №21, განლაგებული მე-9 სართულზე. თავის მხრივ, ს. შ-ს აპელანტისათვის უნდა გადაეხადა - 21 000 აშშ დოლარი. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მხარეებს უნდა გადაეხადათ პირგასამტეხლო - 5000 აშშ დოლარის ოდენობით.
პალატამ მიიჩნია, რომ ს. შ-მა შპს ,,კ-ს“ 21 000 აშშ დოლარი გადაუხადა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა.
პალატამ მიუთითა, რომ 2011 წლის 10 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინასწარი ხელშეკრულება, რომლის 3.1. პუნქტის თანახმად, შპს ,,კ-ს“ სახლის მშენებლობა უნდა დაემთავრებინა და იგი ექსპლუატაციაში გაეშვა 2013 წლის 31 იანვრამდე. ამასთან, ხელშეკრულების 6.5 მუხლში მითითებული იყო, რომ ,,შეთანხმებულ ვადაში მშენებარე ბინაზე საკუთრების უფლების გადაუცემლობის შემთხვევაში“, შპს ,,კ-ს“ მოწინააღმდეგე მხარისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო - 5000 აშშ დოლარის ოდენობით. შპს ,,კ-მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, სახლი ვერ ააშენა, რის საფუძველზეც ს. შ-ი ხელშეკრულებიდან გავიდა.
პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოშლად აღიარებისა და ძირითადი თანხის გადახდის დაკისრების ნაწილში შპს ,,კ-მა“ არ გაასაჩივრა და გადაწყვეტილება ამ ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლები და მიიჩნია, რომ აპელანტი ვალდებული იყო მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებები მას არ დაურღვევია და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. 2011 წლის 10 ოქტომბრის ხელშეკრულების 6.5. მუხლის თანახმად, აპელანტი ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო იმ შემთხვევაში, თუ იგი მოწინააღმდეგე მხარეს შეთანხმებულ ვადაში ვერ გადასცემდა საკუთრების უფლებას მშენებარე ბინაზე, ხოლო შემკვეთისათვის ქონების გადაცემის ვადა გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების 3.1. მუხლით, რომლის თანახმად, აპელანტი ვალდებული იყო მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაეცა საცხოვრებელი სახლი თეთრი კარკასის სახით 2013 წლის 31 იანვრამდე. შპს ,,კ-ს“ მოწინააღმდეგე მხარისათვის ქონება არ გადაუცია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა ხელშეკრულება და მართებულად დააკისრა აპელანტს პირგასამტეხლო.
პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მაგრამ აპელანტს არ მიუთითებია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს. შ-მა აპელანტს 21000 აშშ დოლარი გადაუხადა 2007 წლის სექტემბერში, ხოლო აპელანტს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დღემდე - 2013 წლამდე არ შეუსრულებია. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს სახით - 5000 აშშ დოლარის დაკისრება შეუსაბამოდ მაღალი არ იყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,კ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის აზრით, სასამართლო უსაფუძვლოდ უთითებს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეებს უნდა გადაეხადათ პირგასამტეხლო - 5000 აშშ დოლარის ოდენობით, როგორც პირველი, ისე მეორე ინსტანციის სასამართლო დადგენილად აცხადებს იმ ფაქტს, რომ ყოველგვარი დარღვევისათვის გათვალისწინებული იყო საჯარიმო სანქცია პირგასამტეხლოს სახით. ხელშეკრულების თანახმად, საჯარიმო სანქცია გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოითხოვდა საკუთრების უფლებას მშენებარე ბინაზე და შპს ,,კ-ი“ მას არ გადასცემდა.
კასატორის აზრით, როდესაც მხარე ყიდულობს მშენებარე ბინას, მან იცის ყველა იმ დეტალის შესახებ, რომ საპროექტო დოკუმენტაციიდან გამომდინარე მშენებლობას დრო სჭირდება და ეთანხმება ამ პირობას. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ გამყიდველს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო იმ შემთხვევაში, თუ იგი მოწინააღმდეგე მხარეს შეთანხმებულ ვადაში ვერ გადასცემდა საკუთრების უფლებას მშენებარე ბინაზე, მაშინ მასვე უნდა ემსჯელა იმის შესახებ, რომ მშენებარე ბინის გაფორმება არ ხდება ცალმხრივი აქტის საფუძველზე. აღნიშნული გარემოება საჭიროებს შეთანხმებას და უკვე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის შემდგომაც მოხდება მშენებარე ბინის საკუთრებაში გადაცემა. მხარეს არ მიუმართავს მასთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე და არ მოუთხოვია აღნიშნული ფართის მის საკუთრებაში გადაცემა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შპს ,,კ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ,,კ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (420.53 ლარის) 70% – 294.37 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,კ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს ,,კ-ის“ დაუბრუნდეს რ. ც-ის მიერ 2013 წლის 25 ნოემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 420.53 ლარის 70% – 294.37 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე