№ას-1125-1072-2013 20 იანვარი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ქ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა გ. ქ-ემ მოპასუხე სს „ს. რ-ის“ მიმართ.
მოსარჩელის მოთხოვნა:
1. სს „ს. რ-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ, 2013 წლის მაისის თვიდან ყოველთვიურად სარჩოს დაკისრება 1250 ლარის ოდენობით.
2. დასახელებული მოპასუხისაგან ბოლო სამი წლის სარჩოს ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
სს „ს. რ-ას“ გ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის მაისიდან 2013 წლის მაისამდე პერიოდის გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობის სახით 18242.53 ლარის გადახდა, იმ დროისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით;
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ასევე, 2013 წლის მაისიდან ყოველთვიური სარჩოს – 1250 ლარის გადახდა, იმ დროისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
ამავე გადაწყვეტილებით სს „ს. რ-ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 548 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე გ. ქ-ე მუშაობდა სს ,,ს. რ-ის” ხაშურის სალოკომოტივო დეპოში ელმავლის მემანქანედ.
გ. ქ-ემ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრამვა და შრომითი დასახიჩრების გამო დაკარგა პროფესიული შრომითი უნარი 100%-ით, უვადოდ.
მოსარჩელე 1988 წლიდან დღემდე, დასახიჩრების გამო, სს ,,ს. რ-ან” იღებდა ყოველთვიურ სარჩოს.
2010 წლის მაისიდან 2011 წლის მარტამდე ელმავლის მემანქანის ხელფასი შეადგენდა 687.69 ლარს, 2011 წლის მარტიდან 2012 წლის მარტამდე – 1050 ლარს, 2012 წლის მარტიდან 2012 წლის 1 დეკემბრამდე – 1150 ლარს, 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის მაისამდე – 1250 ლარს.
მოსარჩელეს 2010 წლიდან დღემდე, დასახიჩრების გამო, სს ,,ს. რ-ან” მიღებული აქვს ყოველთვიური სარჩო, ჯამში 17834.37 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 100%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო შეადგენს მთლიანობაში 18242.53 ლარს, ხოლო 2013 წლის აპრილიდან ყოველთვიურად მისაღები სარჩოს ოდენობა შეადგენს 1250 ლარს.
ზემოაღნიშნული გადაანგარიშება შემდეგ მსჯელობას დაეფუძნა:
საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ 2010 წლის მაისიდან 2011 წლის მარტამდე ელმავლის მემანქანის ხელფასი შეადგენდა 687.69 ლარს, 2011 წლის მარტიდან 2012 წლის მარტამდე – 1050 ლარს, 2012 წლის მარტიდან 2012 წლის 1 დეკემბრამდე – 1150 ლარს, 2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის მაისამდე – 1250 ლარს;
მოსარჩელე გ. ქ-ემ სარჩოს სახით 2010 წლიდან დღემდე, დასახიჩრების გამო, სს ,,ს. რ-ან” მიიღო ყოველთვიური სარჩო, ჯამში 17834.37 ლარის ოდენობით;
მოსარჩელეს 2010 წლის მაისიდან 2011 წლის მარტამდე (10 თვე) უნდა მიეღო 687.69 ლარი X 10 თვეზე = 6876.90 ლარის 100% = 6876.90 ლარი;
2011 წლის მარტიდან 2012 წლის მარტამდე (12 თვე) უნდა მიეღო 1050 ლარი X 12 თვეზე = 12600 ლარის 100% = 12600 ლარი;
2012 წლის მარტიდან 2012 წლის 1 დეკემბრამდე (9 თვე) უნდა მიეღო 1150 ლარი X 9 თვეზე = 1035 ლარის 100% = 10350 ლარი;
2012 წლის 1 დეკემბრიდან 2013 წლის მაისამდე (5 თვე) უნდა მიეღო 1250 ლარი X 5 თვეზე = 6250 ლარის 100% = 6250 ლარი.
ჯამში მოსარჩელეს 2010 წლის აპრილიდან 2013 წლის აპრილამდე უნდა მიეღო 36076.90 ლარი (6876.90 + 12600 + 10350 + 6250 = 36076.90-ს). საბოლოოდ კი, მას უნდა ანაზღაურებოდა 2010 წლის მაისიდან 2013 წლის მაისამდე, მთლიანობაში 18242.53 ლარი (36079.90 – 17834.37 = 18242.53-ს), ხოლო 2013 წლის აპრილიდან დანიშვნოდა ყოველთვიური სარჩო 1250 ლარის 100%, 1250 ლარი.
საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა 2006 წლის 4 ივლისამდე მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 155-ე მუხლით, ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსის 44-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსით სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება დელიქტური პასუხისმგებლობის ფორმით, 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს განზრახ ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.
მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სარჩოს სახით მიეღო ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მიიღებდა ხელფასს, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. აღნიშნული კი გულისხმობს პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფას საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად.
ვინაიდან დადგინდა, რომ სს „ს. რ-ი“ იმავე თანამდებობის მუშაკების ხელფასი გარკვეულ პერიოდში იზრდებოდა, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია გ. ქ-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურების სარჩოს გადაანგარიშებით განხორციელების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სს „ს. რ-ას“ ბრალი არ მიუძღვოდა მომხდარ საწარმოო ტრავმაში, ანუ გ. ქ-ის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში და იგი არ იყო ვალდებული ყოველთვიური სარჩო გადაეხადა მოსარჩელისათვის. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა არა სარჩოს დაწესება, არამედ უკვე დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება. საწარმოს ბრალეულობის საკითხის განხილვა ხდება სარჩოს დაწესებისას და არა უკვე დაწესებული სარჩოს აღდგენის ან გადაანგარიშებისას. ამდენად, მოცემული საკითხი მხარეთა შორის უკვე გადაწყვეტილად და უდავოდ დადგენილად იყო მიჩნეული, ამიტომ საწარმოს ბრალეულობის საკითხის გამორკვევა, ამ ეტაპზე აღარ ხდებოდა.
რაც შეეხებოდა აპელანტის მიერ მითითებულ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებას, რომლითაც დამტკიცდა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იგი ვერ იქნება გამოყენებული წინამდებარე დავის გადაწყვეტის მიზნით, რადგან არეგულირებდა დახმარების დანიშვნის წესს საქართველოს მოქალაქისათვის, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი ჰქონდა პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 100%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩოს – ჯამში 18242.53 ლარის და 2013 წლის აპრილიდან ყოველთვიურად სარჩოს სახით 1250 ლარის ანაზღაურების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სასამართლომ, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებასა და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე. კანონის მითითებული ნორმები არ აწესრიგებენ სარჩოს გადაანგარიშების წესს. უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის“ პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით, შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის და თუ არ არის გასული მოთხოვნის წარდგენის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. აღნიშნული წესი არეგულირებს მხოლოდ დამსაქმებლის ბრალის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების წესს და არა პროფესიული დაავადების გამო დანიშნული სარჩოს ანაზღაურებას;
დანიშნული სარჩოს გადაანგარიშების წესს განსაზღვრავდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი“. ამ წესის მე-11 პუნქტის თანახმად, დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდებოდა იმავე თანრიგის სპეციალობის მუშაკის ბოლო სამი თვის სრულად ნამუშევარი ფაქტობრივად მიღებული საშუალო ხელფასიდან, იმ ოდენობით, რა ოდენობითაც დაკარგული ჰქონდა შრომის უნარის ხარისხი. მითითებული წესის მე-12 პუნქტის თანახმად, ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების ან მისი მინიმალური დონის ცვლილების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამსაქმებლის მიერ ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება, მიუხედავად იმისა, თუ როდის მიიღო მან ეს დასახიჩრება. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 სექტემბრის №443 ბრძანებულებით, დასახელებულ ნორმაში ცვლილება შევიდა და იგი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: ორგანიზაციაში შრომის ანაზღაურების მინიმალური ხელფასის ცვლილების შესაბამისად ხდება სასამართლოს ან დამსაქმებლის მიერ დადგენილი ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება, მიუხედავად იმისა, როდის მიიღო დაზარალებულმა ტრავმა. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, 2003 წლის 11 სექტემბრიდან სარჩო შრომის ანაზღაურების ცვლილების შესაბამისად გადაანგარიშებას აღარ ექვემდებარება. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ნოემბრის №923 ბრძანებულებით, მითითებული მე-12 პუნქტი ბრძანებულებიდან საერთოდ ამოღებულ იქნა. ამდენად, სარჩოს გადაანგარიშების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია;
სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლო უთითებს აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, აღნიშნული ნორმა ვრცელდება სახელშეკრულებო ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, იგი არ შეიძლება გავრცელდეს ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე, რამდენადაც ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სპეციალური ნორმაა, რომელიც ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ყოველთვიური სარჩოს გადახდით. შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3162.13 ლარი) 70% – 2213.491 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3162.13 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 5 ნოემბერი, საგადახდო დავალება №764) 70% – 2213.491 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე