№ას-1143-1090-2013 27 იანვარი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ლ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ლ-ემ მოპასუხეების – შემოსავლების სამსახურისა და ი.კ-ის მიმართ და მოითხოვა დაყადაღებული ქონებიდან თავის საკუთრებაში არსებული შემდეგი ნივთების ამორიცხვა: 1. კომპიუტერის კომპლექტი; 2. კომპიუტერის მაგიდა; 3. პიანინო „საქართველო“; 4. ტელევიზორი „AKIRA“; 5. კარადა-კედელი; 6. მაგიდა და ოთხი სკამი; 7. ჟურნალის მაგიდა; 8. ნაჭრის სამეული; 9. ხის საწოლი ორ ადგილიანი; 10. მაცივარი „SAMSUNG“; 11. უჯრებიანი ტუმბო.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს 2012 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის №071-4825/1 აქტიდან ამოირიცხა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შემდეგი დაყადაღებული ქონება: პიანინო „საქართველო“; კომპიუტერის კომპლექტი, მაცივარი „SAMSUNG“; დადგინდა დახელებულ ნივთებზე ყადაღა მოხსნა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებთ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 17 ნოემბრის №071-4825 ბრძანებით ყადაღა დაედო ინდმეწარმე ი. კ-ის ქონებას.
აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა ი. კ-ის საცხოვრებელ ადგილზე (ჩოხატაური, სოფელი ხ-ი) არსებული შემდეგი მოძრავი ნივთების აღწერა და ყადაღის დადება: კომპიუტერის კომპლექტი, კომპიუტერის მაგიდა, პიანინო ,,საქართველო”, ტელევიზორი „AKIRA“, კარადა-კედელი, მაგიდა ოთხი სკამით, ჟურნალების მაგიდა, ნაჭრის სამეული, ორადგილიანი ხის საწოლი, მაცივარი „SAMSUNG“, უჯრებიანი ტუმბო.
1. მაცივარი „SAMSUNG RT34” შეიძინა ნ. ლ-ემ, 2008 წლის 15 აპრილს; 2. კომპიუტერის კომპლექტი შეიძინა ნ. ლ-ემ, 2011 წლის 8 აპრილს; 3. პიანინო ,,საქართველო” ეკუთვნის ნ. ლ-ეს (აჩუქა მეუღლის მამიდამ).
ზემოხსენებული პირველი გარემოების დასადასტურებლად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სს ,,ს. ს. ბ-სა” და ნ. ლ-ეს შორის დადებულ 2008 წლის 15 აპრილის №... საკრედიტო ხელშეკრულებაზე, მაცივარი „SAMSUNG RT34-ის” შესაძენად კრედიტის გაცემის თაობაზე, მეორე გარემოების დადასტურებისას სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შპს ,,ა-სა” და ნ. ლ-ეს შორის გაფორმებულ 2011 წლის 8 აპრილის მიღება-ჩაბარების №TGKARK 23713994 აქტს, ნ. ლ-ის პერსონალური კომპიუტერის (იგულისხმება მოწყობილობათა კომპლექტი, რომელიც ქმნის პერსონალურ კომპიუტერს) გადაცემის თაობაზე, ხოლო მესამე გარემოების დადასტურებისას მხედველობაში იქნა მიღებული მოწმე ნანული ბენდელიანის ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ ი. ა-ეს სადავო ნივთები არ შეუძენია, ისინი ნ. ლ-ეს ეკუთვნოდა, რომელთაგან ზოგი მათგანი ნაყიდი იყო, ნაწილი კი – ნაჩუქარი სხვადასხვა პირებისაგან.
საქმეში უდავო იყო, რომ მოძრავი ნივთების დაყადაღება განხორციელდა
ინდმეწარმე ი. კ-ის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მოქმედების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა), აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქონებაზე ყადაღის დადების აუცილებელ პირობად კანონმდებელი მიიჩნევს – ეს ქონება ეკუთვნოდეს გადასახადის გადამხდელს, ან ირიცხებოდეს მის ბალანსზე. მოცემულ შემთხვევაში, უდავო იყო, რომ მოძრავი ნივთები ი. კ-ის ბალანსზე არ ირიცხებოდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგენილიყო – ეკუთვნოდა თუ არა სადავო ქონება ი. კ-ეს.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ პიანინო ,,საქართველო”, კომპიუტერის კომპლექტი, მაცივარი „SAMSUNG”, ეკუთვნოდა არა ი. კ-ეს, არამედ – ნ. ლ-ეს. შესაბამისად, ეს ნივთები ი. კ-ის საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველსაყოფად არ უნდა დაყადაღებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მესამე პირმა – ნ. ლ-ემ დაამტკიცა, რომ აღსრულების საგანზე (ანუ, ყადაღადადებულ ნივთებზე) მას გააჩნდა საკუთრების უფლება, რის გამოც, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორი იყო.
სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სასამართლომ არასწორად განმარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლი, რომლის მიხედვით, სასამართლოში წარმოდგენილ უნდა იქნეს ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი რამე მოსარჩელეს არ განუხორციელებია;
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის, 2411 მუხლის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე ვინაიდან ი. კ-ეს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, სააღსრულებო ბიურომ განახორციელა გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღება, რაზეც 2012 წლის 24 მაისს შედგა მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი. საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. კონკრეტულ შემთხვევაში, 2012 წლის 24 მაისის ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერს, როგორც ქონების დაყადაღებაზე უფლებამოსილი ოფიცერი მ.კ-ე, ასევე, მოვალე ი. კ-ე და მისი მეუღლე (ოჯახის წევრი) მ. კ-ე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთი, რომელიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის. ამდენად, არასწორია მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს არსებული ნივთები შეცდომით დაფიქსირდა ყადაღის აქტში და მისი მესაკუთრე თავადაა. მითითებული გარემოების დასადასტურებლად, მოსარჩელეს არ წარუდგენია დაყადაღებულ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება, მას არც ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიუმართავს ფინანსთა მინისტრის ზემოთ დასახელებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით. ამ წესის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო და აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები ამორიცხოს მესამე პირის ქონება, ქონებაზე ყადაღის აქტიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე