Facebook Twitter

ბს-646-233-(კ-05) 13 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),

ჯ. გახოკიძე

დავის საგანი: თანხის დაკისრება ან წილის დათმობა.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს სავაჭრო ცენტრმა “ბ-მა” სარჩელით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 367930 ლარის დაკისრება ან თანხის სანაცვლოდ საზოგადოებაში ქ. ბათუმის მერიის კუთვნილი წილის _ 20%-ის დათმობა.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1996წ. 2 ივლისიდან 1997წ. 1 იანვრამდე თანხების ამოღებას შპს სავაჭრო ცენტრ “ბ-ის” ობიექტებზე ახდენდა ქ. ბათუმის მერიის გამოტანითი ვაჭრობისა და მომსახურების ინსპექცია. ამ პერიოდში შემოსავალი შეადგენდა 423410 ლარს, რომელიც თავის დროზე შეიტანა მერიის ანგარიშზე სავაჭრო ცენტრს დივიდენდის სახით არც ერთი თეთრი არ მიუღია. ამ პერიოდში სავაჭრო ცენტრის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ყველა სახის დანახარჯები, მათ შორის, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო გადასახადები, გადახდილი ჰქონდა სავაჭრო ცენტრ “ბ-ს”.

დღევანდელი მდგომარეობით სავაჭრო ცენტრ “ბ-ის” საწესდებო კაპიტალში ქ. ბათუმის მერიის წილი შეადგენდა 20%-ს.

განვლილ პერიოდში სავაჭრო ცენტრ “ბ-ის” წმინდა მოგება შეადგენდა:

1996 წელს _ მოგება არ ყოფილა

1997 წელს _ მოგება არ ყოფილა

1998 წელს _ წმინდა მოგება შეადგენდა 271860 ლარს

1999 წელს – 10200 _ ლარს

2000 წელს – 9300 _ ლარს

2001 წელს – 8800 _ ლარს

2002 წელს – 58500 _ ლარს

1996-2002 წლებში სავაჭრო ცენტრ “ბ-ში” წმინდა მოგება სულ შეადგენდა 358660 ლარს, საიდანაც ქ. ბათუმის მერიას დივიდენდის სახით ერგებოდა 71732 ლარი. ქ. ბათუმის მერიის 1998წ. 14 აპრილის ¹99 განკარგულებით, მერიის კუთვნილი 20%-იანი დივიდენდის ხარჯზე, გაზეთ “........” ანგარიშზე 1996 წლიდან 2002 წლამდე გაცემულია 41400 ლარი, ანუ მერიაზე გასაცემი რჩებოდა 30332 ლარი.

1996-1997 წლებში ქ. მერიის ანგარიშზე შეტანილი 423410 ლარიდან ბიუჯეტში გადასახადი შეადგენს 297671 ლარს, რომელიც დაფიქსირებულია აჭარის ა/რ კონტროლის პალატის და სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის 1997წ. 5 თებერვლის აქტებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ბათუმის მერიას დივიდენდის სახით ერგება 25148 ლარი, ანუ ამ პერიოდისათვის მერიის კუთვნილი დივიდენდი შეადგენდა 55480 ლარს, ხოლო წაღებული ჰქონდა 423410 ლარი, ანუ 367930 ლარით მეტი. ითხოვდა 367410 ლარის ქ. ბათუმის მერიისათვის დაკისრებას ან ამის სანაცვლოდ სავაჭრო ცენტრ “ბ-ში” ქ. ბათუმის მერიის 20%-იანი წილის დათმობას.

ქ. ბათუმის მერიამ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ამასთან გასაჩივრებული არ იყო ის სამართლებრივი აქტები, რომელთა საფუძველზეც მოხდა აღნიშნული თანხის ამოღება.

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 7 აპრილის გადაწყვეტილებით შპს სავაჭრო ცენტრ “ბ-ის” სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. დაევალა ქ. ბათუმის მერიას გადაეხადა შპს სავაჭრო ცენტრ “ბ-ისათვის” 367930 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს დაუთმოს კუთვნილი 20%-იანი წილი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ქ. ბათუმის მერიას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 367930 ლარის გადახდა ან სავაჭრო ცენტრ “ბ-ში” კუთვნილი 20%-იანი წილის დათმობა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ფუნქციონირებდა 1993 წლიდან სავაჭრო ცენტრ “ა-ის” სახელით, შემდგომ კი რეგისტრირებულ იქნა სავაჭრო ცენტრ “ბ-ის” სახელით, რომელშიც შესაბამისი წილით მონაწილეობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის _ ქ. ბათუმის მერია, რომლის წილი საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეადგენს 20%-ს. 1996წ. ივლისამდე სავაჭრო ცენტრ “ბ-ის” შემოსავლების, ხარჯების და მოგების აღრიცხვა ხდებოდა საზოგადოების სალაროს მეშვეობით, ხოლო ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1996წ. 20 აგვისტოს ¹437 დროებითი გადაწყვეტილებით სავაჭრო ცენტრ “ბ-ში” ამონაგები თანხების ამოღება დროებითი ღონისძიების სახით დაევალა მერიის გამოტანითი ვაჭრობისა და მომსახურების ინსპექციას. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდა 1997წ. 1 იანვრამდე და ექვსი თვის განმავლობაში ხსენებული ინსპექციის მიერ ამოღებულ იქნა 423410 ლარი, რაც შეტანილია ქ. ბათუმის მერიის ანგარიშზე და ამ თანხიდან შპს სავაჭრო ცენტრ “ბ-ის” ანგარიშზე რაიმე შემოსავალი არ აღრიცხულა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის 20.08.1996წ. ¹437 დროებითი გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა სამოქალაქო, სამეწარმეო და ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და ქ. ბათუმის მერიამ კანონმდებლობის დარღვევით მიითვისა საზოგადოების უფლებამოსილება და უკანონოდ ამოიღო თანხები. აღნიშნული თანხების ამოღების ფაქტი დადასტურებულია ქ. ბათუმის მერიის დასკვნით და აჭარის ა/რ კონტროლის პალატისა და საგადასახადო ინსპექციის ერთობლივი შემოწმების აქტით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქ. ბათუმის მერიის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მერიის 20.08.1996წ. ¹437 დროებითი გადაწყვეტილების გაუქმების გარეშე თანხების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და მიუთითა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ისედაც გაუქმებული იყო, რადგან 1997წ. 1 იანვრიდან მერიას აღარ უსარგებლია ¹437 გადაწყვეტილებით. ასევე არ გაიზიარა მერიის მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა ყოფილიყო სკ-ის 128-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული 10-წლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

შპს სავაჭრო ცენტრი “ბ-ი” სარჩელით ითხოვს 1996წ. 2 ივლისიდან 1997წ. 1 იანვრამდე ქ. ბათუმის მერიის ანგარიშზე ჩარიცხული თანხების მოპასუხისათვის დაკისრებას. სკ-ის 1507-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სკ-ის (იგულისხმება 25.11.97წ. რედაქცია) ნორმები გამოიყენება იმ ურთიერთობების მიმართ, რომლებიც წარმოიშვა კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ხოლო კოდექსის ამოქმედებამდე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ურთიერთობის მონაწილეებს სურთ, ერთმანეთს შორის ურთიერთობა მოწესრიგდეს ამ კოდექსით. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ დავის სკ-ის (25.11.97) ნორმების საფუძველზე გადაწყვეტის შესახებ. სკ-ის 1507-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა გამოეყენებინა 1964წ. სამოქალაქო კოდექსი და აღნიშნული კოდექსის ნორმების საფუძველზე გადაეწყვიტა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი. ამდენად, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. სასამართლომ ხანდაზმულობის საკითხის გადასაწყვეტად გამოიყენა სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა, თუმცა არ დაასაბუთა მისი გამოყენების მიზანშეწონილობა. სასამართლომ არ მიუთითა მატერიალური სამართლის არც ერთ ნორმაზე, რომლის საფუძველზეც სარჩელის მოთხოვნა მიიჩნია საფუძვლიანად, ისევე როგორც არ გაურკვევია მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის 20.08.96წ. ¹437 დროებითი გადაწყვეტილების გაუქმების გარეშეც შპს სავაჭრო ცენტრ “ბ-ის” მოთხოვნა საფუძვლიანი იყო, რადგან 1997 წლიდან მერია აღარ იყენებდა მას და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო პერიოდში მოქმედებდა ზემოთ მითითებული ¹437 გადაწყვეტილება და ქ. ბათუმის მერიის მიერ ¹437 გადაწყვეტილების გამოუყენებლობა არ წარმოადგენდა ავტომატურად გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

სასამართლომ აჭარის ა/რ კონტროლის პალატისა და საგადასახადო ინსპექციის ერთობლივი შემოწმების 5.02.1997წ. აქტის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის 20.08.1996წ. ¹437 გადაწყვეტილების საფუძველზე მერიის გამოტანითი ვაჭრობისა და მომსახურების ინსპექციის მიერ საზოგადოებიდან ქ. ბათუმის მერიის ანგარიშზე ჩაირიცხა 423410 ლარი და არ გაითვალისწინა ამავე შემოწმების აქტით დადგენილი ის გარემოება, რომ ამოღებული თანხებიდან ქ. ბათუმის მერია აწარმოებდა საზოგადოების კუთვნილი გადასახადების გადახდას ბიუჯეტში. აღნიშნული გარემოება დაადასტურა შპს სავაჭრო ცენტრმა სააპელაციო სასამართლოს 07.03.2005წ. სასამართლო სხდომაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დასაბუთებულად მიიჩნევს კასატორის მსჯელობას სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის შესახებ, სკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების საფუძველზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმე განხილულია სსკ-ის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის დარღვევით შემდეგ გარემოებათა გამო:

შპს სავაჭრო ცენტრი “ბ-ი” ზიანის ანაზღაურებას ქ. ბათუმის მერიის მიერ ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ ამ უკანასკნელმა, როგორც საზოგადოების საწესდებო კაპიტალში 20% წილის მესაკუთრემ, 1996წ. 2 ივლისიდან 1997წ. 1 იანვრამდე პერიოდში საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხა საზოგადოების მთლიანი შემოსავალი და სავაჭრო ცენტრს დივიდენდის სახით არც ერთი თეთრი არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სავაჭრო ცენტრ “ბ-ის” მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს “მეწარმეთა შესახებ” კანონით მორეგულირებული ურთიერთობა, რომელიც სსკ-ის მე-11 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას წარმოადგენს. ის გარემოება, რომ მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, არ ცვლის განსახილველი დავის განსჯადობას, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვით დავა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

სკ-ის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობა, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით. ვინაიდან “მეწარმეთა შესახებ” კანონი წარმოადგენს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის კანონს, ამიტომ განსახილველი დავა არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე უნდა გაარკვიოს შპს სავაჭრო ცენტრ “ბ-ის” სათანადო მოსარჩელეობის საკითხი, რადგან “მეწარმეთა შესახებ” კანონის 50-ე მუხლის თანახმად, წლიური, გაუნაწილებელი მოგების მიღების უფლება გააჩნიათ საზოგადოების პარტნიორებს, განსახილველ შემთხვევაში კი შპს-ს შემოსავალს ითხოვს საზოგადოება.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია არაგანსჯადი სასამართლოს მიერ მატერიალური და საპროცესო ნორმების არასწორი გამოყენება-განმარტებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის შედეგად, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.