Facebook Twitter

№ას-1153-1099-2013 27 იანვარი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ხ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ. დ-მა მოპასუხე ნ. ხ-ის მიმართ.

მოსარჩელის მოთხოვნა:

მოპასუხე ნ. ხ-ის გარდაცვლილი ო. ხ-ის მემკვიდრედ აღიარება, ო. ხ-ის სამკვიდრო ქონების (წყალტუბოს რაიონის სოფელ გ-ი მდებარე სამკვიდო ქონების) მოპასუხის მიერ ფაქტობრივი მფლობელობის გზით მიღებულად მიჩნევა, დასახელებული ქონების მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირება და მისი ვალების დასაფარად მიქცევა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით გადაწყვეტილებით ზ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ზ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

წყალტუბოს რაიონის სოფელ გ-ი მდებარე უძრავი ქონება (დაზუსტებული ფართობით 600კვ.მ) რეგისტრირებულია ო. ხ-ის საკუთრებაში.

ნ. ხ-ი არის ო. ხ-ის შვილი. ო. ხ-ი გარდაიცვალა 1999 წლის 10 აგვისტოს. ო. ხ-ს, გარდა ზ. ხ-სა, ჰყავს სხვა შვილიც, კერძოდ, რ. ხ-ი.

ნ. ხ-მა მამის, ო. ხ-ის დანაშთ ქონებაზე უარი განაცხადა მისი ძმის, რ. ხ-ის სასარგებლოდ.

2002 წლის 4 ოქტომბერს, ნოტარიუსმა დ. ხ-მა გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ო. ხ-ის დანაშთი ქონება მემკვიდრეობით მიიღო რ. ხ-მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. ხ-ს ზ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10560 აშშ დოლარის გადახდა.

დასახელებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

ნ. ხ-მა ზ. დ-ს ვალი არ გადაუხადა.

აღმასრულებელმა ვერ გამონახა ნ. ხ-ის აქტივები და გადაწყვეტილება ვერ აღასრულა. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ ნ. ხ-ის მამას წყალტუბოს რაიონის სოფელ გ-ი საკუთრებად ერიცხებოდა უძრავი ქონება, დაზუსტებული ფართობით 600.00კვ.მ და მიიჩნია, რომ ამ ქონებიდან შესაძლებელი იყო იმ თანხის ამოღება, რაც მას ერგებოდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ამიტომ, მან სარჩელი აღძრა და მოითხოვა ნ. ხ-ის აღიარება ო. ხ-ის მემკვიდრედ, იმის დადგენა, რომ მას ქონება მემკვიდრეობით მიღებული ჰქონდა, აღნიშნული ქონების თავის საკუთრებად აღრიცხვა და თავისივე ვალის დასაფარად მიქცევა.

გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2013 წლის 24 აპრილის განჩინებით წყალტუბოს რაიონის სოფელ გ-ი მდებარე 600.00კვ.მ ფართობს ყადაღა დაედო.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში მთავარი სადავო საკითხი იყო, ნ. ხ-მა მიიღო თუ არა მისი მამის, ო. ხ-ის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება – წყალტუბოს რაიონის სოფელ გ-ი მდებარე ქონება. სარჩელში მითითებული სადავო საკითხების მტკიცების ტვირთი ძირითადად მოსარჩელეს ეკისრებოდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სასამართლომ სწორად განმარტა, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიერ სამკვიდროს მიღებულად ცნობის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარადგინა ზეპირი განმარტება, მართალია, ზეპირი განმარტება მტკიცებულებას წარმოადგენდა, მაგრამ იგი გამყარებული უნდა ყოფილიყო სხვა მტკიცებულებებით. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება (საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომ ქონება ო. ხ-ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდებოდა რომ ნ. ხ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ თანხების გადახდა დაეკისრა), არ ასახავდა მოპასუხის მიერ მიწის ნაკვეთის, როგორც სამკვიდრო ქონების მფლობელობის გზით მიღებას. მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ასახავდა მემკვიდრეობის მფლობელობის ფაქტს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ სასამართლოს დადგენილად მიეჩნია, მამის, ო. ხ-ის გარდაცვალების შემდეგ, მის დანაშთ ქონებაში ნ. ხ-ის ცხოვრების, მის მიერ ამ ქონების ფლობისა და სარგებლობის ფაქტი. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობაში მითითებულ ქონებასთან ზოგადი კავშირი არ იგულისხმებოდა. ის, რომ ნ. ხ-ი ო. ხ-ის შვილი იყო, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მას სამკვიდრო ქონება მიღებული ჰქონდა მფლობელობით. სამკვიდრო ქონების მფლობელობით მიღებაში იგულისხმებოდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობა და პყრობა, ნივთების განკარგვა და მათი ბედის გადაწყვეტა, მოსარჩელის მტკიცებულებები კი ასეთ რამეს არ შეიცავდა. დგინდებოდა, რომ მოპასუხე ამ ნივთებს ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა როგორც საკუთარს. შესაძლებელი იყო ნ. ხ-ს კავშირი ჰქონდა სამკვიდრო ქონებასთან, მაგრამ ეს არ ნიშნავდა ფაქტობრივი მფლობელობით ქონების დაუფლებას. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ქონების ფაქტობრივი მფლობელობა არ დასტურდებოდა.

საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 1319-ე, 1320-ე, 1424-ე, 1434-ე, 1435-ე მუხლებით, 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

საქმეზე დადგინდა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის განჩინებით გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო წყალტუბოს რაიონის სოფელ გ-ი მდებარე ო. ხ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას – წყალტუბოს რაიონის სოფელ გ-ი მდებარე უძრავ ქონებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მოთხოვნათა დაცვით უნდა გაუქმებულიყო ამ სარჩელთან დაკავშირებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ო. ხ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ყადაღისაგან უნდა გათავისუფლებულიყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. დ-მა.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. გარდა ამისა, კასატორი მოითხოვს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვებას.

საკასაციო საჩივრის საფუძველი:

სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ნ. ხ-ი არ არის მემკვიდრე და 2002 წლის 4 ოქტომბერს მან უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სამკვიდრო მიღებულად ითვლებოდა. ო. ხ-ი გარდაიცვალა 1999 წელს, შესაბამისად, ნ. ხ-ს უარი უნდა ეთქვა 3 თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის გამო, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა შეიძლება გაგრძელდეს 5 თვემდე, ამასთან იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო 5 თვემდე გააგრძელებს ვადას. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ აქვს. სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1421-ე, 1433-ე მუხლები და უსაფუძვლოდ დატოვა უცვლელად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება;

სააპელაციო სასამართლომ კანონსაწინააღმდეგოდ არ დაურთო საქმეს ტყიბულის პოლიციიდან წარმოდგენილი მასალები, კერძოდ, მასში დაკითხული მოწმეები. დასახელებული მტკიცებულებები თან ერთვის სააპელაციო შესაგებელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე