Facebook Twitter

№ას-1162-1108-2013 28 იანვარი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – თ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. ო. კ+“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 7 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „მ. ო. კ+-მა“ მოპასუხე თ. გ-ის მიმართ და მოითხოვა:

1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის გენერალური ხელშეკრულება №იპ8-ის შემადგენელი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის – 18000 აშშ დოლარის, აგრეთვე, 2013 წლის 23 იანვრიდან სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 600 აშშ დოლარის დაკისრება;

2. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ, საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის გენერალური ხელშეკრულება №იპ8-ის შემადგენელი №იპ8/2 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის – 1200 აშშ დოლარის, აგრეთვე, 2013 წლის 23 იანვრიდან სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 40 აშშ დოლარის დაკისრება;

3. დავალიანების დაფარვის მიზნით, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული №4 ბინის – თბილისში, ო-ის დასახლების „ბ“ ზონაში მდებარე №69 კოტეჯში, მე-2 სართულზე მდებარე ბინის, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცევა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „მ. ო. კ+-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა:

1. საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის გენერალური ხელშეკრულება №იპ8-ის შემადგენელი №იპ8/1 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 18000 აშშ დოლარის, აგრეთვე, 2013 წლის 23 იანვრიდან სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 600 აშშ დოლარის გადახდა;

2. საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის გენერალური ხელშეკრულება №იპ8-ის შემადგენელი №იპ8/2 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1200 აშშ დოლარის, აგრეთვე, 2013 წლის 23 იანვრიდან სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 40 აშშ დოლარის გადახდა;

3. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული – თბილისში, ო-ის დასახლების „ბ“ ზონის №69 კოტეჯში, მე-2 სართულზე მდებარე #4 ბინა;

4. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 945 ლარის ოდენობით;

5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 768 აშშ დოლარის ოდენობით;

6. გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდო მისი გამოცხადებიდან 3 თვემდე ვადით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი დავალიანების – 19200 აშშ დოლარის (1500+3000+1000+200=19200-ს) ფარგლებში დაკმაყოფილება, ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების ვადად 2014 წლის იანვრის თვის განსაზღვრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით თ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 15 მარტს, შპს ,,მ. ო. კ. ს +-სა” და მოპასუხე თ. გ-ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის №იპ8 გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს განესაზღვრა 16000 აშშ დოლარის ოდენობით საკრედიტო ხაზი. მხარეთა შეთანხმებით, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს მიენიჭა უფლებამოსილება მოპასუხისათვის გამოეყო სესხი, რომლის გაცემის შემთხვევაში გაფორმდებოდა საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი სესხის ხელშეკრულებები. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2013 წლის 15 მარტი. ამასთან, საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი სესხის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ბინა №4, რომელიც მდებარეობდ თბილისში, ო-ის დასახლების ,,ბ“ ზონის №69 კოტეჯში, მე-2 სართულზე. ხელშეკრულების 6.5 პუნქტის მიხედვით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცეოდა აღსასრულებლად;

2012 წლის 15 მარტს, მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის გენერალური ხელშეკრულება №იპ8-ის შემადგენელი №იპ8/1 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ საკრედიტო ხაზის ფარგლებში მიიღო სესხი 15000 აშშ დოლარის ოდენობით, ყოველთვიურად 4%-იანი საპროცენტო განაკვეთით. ამასთან, სესხის ხანგრძლივობა გრაფიკის მიხედვით შეადგენდა 12 თვეს;

2012 წლის 25 ივნისს, მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის გენერალური ხელშეკრულება №იპ8-ის შემადგენელი №იპ8/2 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ საკრედიტო ხაზის ფარგლებში მიიღო სესხი 1000 აშშ დოლარის ოდენობით, ყოველთვიურად 4%-იანი საპროცენტო განაკვეთით. ამასთან, სესხის ხანგრძლივობა გრაფიკის მიხედვით შეადგენდა 3 თვეს;

2012 წლის 15 მარტს დადებული №იპ8/1 და 2012 წლის 25 ივნისს დადებული №იპ8/2 სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოპასუხემ დაარღვია 2012 წლის ივლისის თვიდან. ამასთან, 2013 წლის 23 იანვრის მდგომარეობით 2012 წლის 15 მარტს დადებული №იპ8/1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 15000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის თანხას, 3000 აშშ დოლარის ოდენობით პროცენტს, ხოლო 2012 წლის 25 ივნისს დადებული №იპ8/2 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხა შეადგენდა 1000 აშშ დოლარს და 200 აშშ დოლარის ოდენობით პროცენტს;

2012 წლის 15 მარტს შედგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, თბილისში, ო-ის დასახლების ,,ბ“ ზონის №69 კოტეჯში მე-2 სართულზე მდებარე ბინაზე რეგისტრირებულია თ. გ-ის საკუთრების უფლება;

შპს ,,მ. ო. კ. ს+” წარმოადგენს იურიდიული პირს, რომლის მიზანია სამეწარმეო საქმიანობა ე.ი., მისი საქმიანობა ხორციელდება მოგების მიზნით. ამასთან, მისი, როგორც საკრედიტო დაწესებულების ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს სარგებლის მიღების მიზნით სესხების გაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მის მიერ გაცემული სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში იგი კარგავს შესაძლებლობას კვლავ განკარგოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისაღები თანხა და მიიღოს შემოსავალი პროცენტის სახით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული ის გარემოება, რომ არ არსებობდა აპელანტისათვის შპს ,,მ. ო. კ. ს+-ის“ სასარგებლოდ საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის გენერალური ხელშეკრულება №იპ8-ის შემადგენელი №იპ8/1 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2013 წლის 23 იანვრიდან სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 600 აშშ დოლარის გადახდის და საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის გენერალური ხელშეკრულება №იპ8-ის შემადგენელი №იპ8/2 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2013 წლის 23 იანვრიდან სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 40 აშშ დოლარის, დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, შემდეგი გარემოებების გამო:

სადავო არ იყო, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე შპს ,,მ. ო. კ+”) წარმოადგენდა მ. ო.ს. ,,მ. ორგანიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მ. ო. უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა: ა. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა; ამ მიზნით საკრედიტო საგადახდო ბარათის გამოშვება. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მიკროკრედიტი არის მ. ორგანიზაციის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადიანობის, დაბრუნებადობის, ფასიანობის და მიზნობრიობის პირობების შესაბამისად მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული ფულადი თანხა. მ. ორგანიზაციის მიერ გაცემული მიკროკრედიტის მაქსიმალური ჯამური ოდენობა ერთ მსესხებელზე არ უნდა აღემატებოდეს 50000 ლარს. კანონის 9.1 მუხლის თანახმად, მიკროსესხის გაცემის თაობაზე მ. ო.სა და მსესხებელს შორის იდება წერილობითი საკრედიტო ხელშეკრულება ამ კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ხოლო 9.3 მუხლის თანახმად, საპროცენტო განაკვეთის ოდენობას, საკომისიო გასამრჯელოს და მომსახურების გადასახდელ თანხას ადგენს მ. ო..

თ. გ-სა და შპს ,,მ. ო. კ+-ს“ შორის 2012 წლის 15 მარტს და 2012 წლის 25 ივნისს გაფორმებული საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის გენერალური ხელშეკრულებების (შემადგენელი სესხის ხელშეკრულებების) 6.1 მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეებს შორის წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სრულ ამოწურვამდე. საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის გენერალური ხელშეკრულება №იპ8-ის შემადგენელი №იპ8/1 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყოველთვიურ სარგებელს შეადგენდა 600 აშშ დოლარი, ხოლო №იპ8/2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე – 40 აშშ დოლარი.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ 2012 წლის 15 მარტს დადებული №იპ8/1 და 2012 წლის 25 ივნისს დადებული №იპ8/2 სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები თ. გ-მა დაარღვია 2012 წლის ივლისის თვიდან, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხისა (18000+1200) და პროცენტის (600-40 აშშ დოლარი – 2012 წლის ივლისის თვიდან 2013 წლის 23 იანვრამდე) ნაწილში დააკმაყოფილა (მოპასუხე მხარეს ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და შესაბამისად, შესული იყო კანონიერ ძალაში).

სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ორივე სესხის ხელშეკრულების 6.1 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხარეთა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა მხარეებს შორის წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სრულ ამოწურვამდე. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ეს დათქმა წარმოადგენდა 403-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ დებულებას – ვადაგადაცილებისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტის გადახდის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი ვალდებული იყო კრედიტორისათვის გადაეხადა მათ შორის დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, რაც საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის გენერალური ხელშეკრულება №იპ8-ის შემადგენელი №იპ8/1 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა ყოველთვიურ სარგებელს 600 აშშ დოლარს, ხოლო №იპ8/2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 40 აშშ დოლარს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოთხოვნა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ №იპ8/1 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2013 წლის 23 იანვრიდან სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 600 აშშ დოლარის, ხოლო №იპ8/2 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 40 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანი იყო, რის გამოც არ არსებობდა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ჩათვალა აპელანტ თ. გ-ის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების 2014 წლის 1 იანვრამდე გადადების შესახებ. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემოთ მოხმობილი მუხლი ითვალისწინებს გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებას 3 თვემდე ვადით და ისიც ერთჯერადად, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განახორციელა, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით, გადაწყვეტილების აღსრულება გადავადდა მისი გამოცხადებიდან 3 თვემდე ვადით, რაც იმას ნიშნავდა, რომ აღარ არსებობდა გადაწყვეტილების უფრო მეტი ვადით ან/და ხელმეორედ (მრავალჯერადად) გადავადების სამართლებრივი საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი დავალიანების – 19200 აშშ დოლარის (1500+3000+1000+200=19200-ს) ფარგლებში დაკმაყოფილება. ამავდროულად, კასატორი შუამდგომლობს გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 3 თვით.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს, კერძოდ, კასატორის მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის გარკვეული შეღავათების გაწევას. სასამართლომ, ყოველგვარი დასაბუთებისა და საქმის რეალური მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე დააკისრა კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ 2013 წლის 23 იანვრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 600 აშშ დოლარისა და 40 აშშ დოლარის, აგრეთვე, იურიდიული მომსახურების ღირებულების გადახდა იმ პირობებში, როდესაც იგი ძირითად დავალიანებასაც კი ვერ იხდის;

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით ადგილი აქვს საპროცენტო განაკვეთისა და პირგასამტეხლოს შემცირებას, სასამართლომ კასატორს გადასახდელად დააკისრა შეუსაბამო ოდენობით პირგასამტეხლოც და მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც, მაშინ როდესაც სესხის გაცემის მომენტიდანვე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი მძიმე ეკონომიური მდგომარეობა, სხვა სახის შემოსავლების არარსებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 დეკემბრის განჩინებით თ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასატორმა თ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა დროებით – საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს შემდეგს:

სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია თ. გ-ის (მოვალისათვის) სესხის სარგებლის ყოველთვიურად დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ვინაიდან დაადგინა, რომ სესხის ხელშეკრულებებით მოვალემ იკისრა ვალდებულება, გადაცილებული დროისათვის გადაეხადა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ამ ფაქტობრივი გარემოების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ იგი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სკ-ის 407.2 მუხლი). მართალია, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოვალის ზემოხსენებული ვალდებულება გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულების 6.1 პუნქტიდან, მაგრამ, ამავე ხელშეკრულების 5.2 პუნქტი ნათლად და მკაფიოდ ადგენს მოვალის ვალდებულებას, გადაცილებული დროისათვის სესხის ნაშთზე გადაიხადოს ამავე ხელშეკრულების 3.3 პუნქტში მითითებული პროცენტი (თვეში 4%) კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოვალე ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის კრედიტორს გადაუხადოს შეთანხმებული პროცენტი გადაწყვეტილების აღსრულებამდე. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2012 წლის 22 ოქტომბრის გაჩინებაში (საქმე ას-1701-1685-2011-ჰარბინდერ სინგჰ დატტი) ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას - სკ-ის 403-ე მუხლის განმარტებას.

როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორი მოითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობის განხილვის პროცესუალური საჭიროება აღარ არსებობს, ვინაიდან თ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

კასატორი შუამდგომლობს ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების თაობაზე ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 3 თვით. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული შუამდგომლობა საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების გადადების თაობაზე უნდა განიხილოს ამ გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 დეკემბრის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შესაბამისად, კასატორისათვის სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების წინაპირობა არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ. გ-ის შუამდგომლობები გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებისა და აღსრულების გადავადების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

თ.თოდრია