Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-1164-1110-2013 5 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს „თ-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ... (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ სალიცენზიო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ... სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს „თ-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საავტორო ჰონორარის დავალიანების – 1273,63 ლარის და 2012 წლის 19 ნოემბრამდე პერიოდის შესაბამისი პირგასამტეხლოს – 97,26 ლარის გადახდა. ასევე შპს „თ-ას“ ... სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 20 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის პირგასამტეხლოს გადახდა, საავტორო ჰონორარის დავალიანების თანხის – 1273,62 ლარის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ-ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 3 ოქტომბრის განჩინებით შპს „თ-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ-ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2013 წლის 16 დეკემბერს შპს „თ-ას“ დირექტორმა თ. ჩ-ამ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 7 დღით.

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შპს „თ-ას“დირექტორ თ. ჩ-ას შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 3 დღით.

2013 წლის 26 დეკემბერს კასატორმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება კიდევ 5 დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „თ-ას“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია – საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შპს „თ-ას“დირექტორ თ. ჩ-ას შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, კერძოდ არ ირკვევა, რომ შპს „თ-ას“ არ გააჩნია რაიმე შემოსავალი და არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა. სასამართლომ ერთხელ გაუგრძელა კასატორს ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა.

კასატორს ასევე განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დადგენილი საპროცესო მოქმედების სრულყოფილად განუხორციელებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობაა როგორც სამოქალაქოსამართლებრივი სანქცია.

2013 წლის 26 დეკემბერს კასატორმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და კვლავ მოითხოვა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით.

საკასაციო სასამართლო, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტებით არ ირკვევა კასატორის შემოსავლების უტყუარობის საკითხი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სრულად კვლავ არ გამოუსწორებია, რაც მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თ-ას“ დირექტორ თ. ჩ-ას შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „თ-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. კასატორ შპს „თ-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) დაუბრუნდეს ლ. ო-ის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს №7 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია