№ას-1212-1157-2013 15 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ჟ. რ-ი
წარმომადგენლები – ლ. კ-ე, მ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „მ-ი,“ ი. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ჟ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ჟ. რ-ის სარჩელი ი. ხ-ის მიმართ 3500 აშშ დოლარის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შპს „მ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2200 ლარის გადახდა, ასევე დაეკისრა ზიანის ანაზღაურება ყოველთვიურად 2200 ლარის 1%-ის ანუ 22 ლარის ოდენობით 2009 წლის 13 ნოემბრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით ჟ. რ-სა და შპს „მ-ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. რ-ის წარმომადგენლებმა ლ. კ-ემ, მ. ნ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელ ლ. კ-ეს 2013 წლის 27 დეკემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენლებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
2014 წლის 13 იანვარს ჟ. რ-ის წარმომადგენელმა მ. ნ-ემ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 5 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. რ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელ ლ. კ-ეს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2013 წლის 27 დეკემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.92).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 28 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 30 დეკემბერს, ვინაიდან 29 დეკემბერი იყო არასამუშაო დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენლებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
2014 წლის 13 იანვარს ჟ. რ-ის წარმომადგენელმა მ. ნ-ემ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 5 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება. კასატორის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საკასაციო პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2013 წლის 31 დეკემბერს, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2013 წლის 30 დეკემბერი, რადგან 2013 წლის 29 დეკემბერი იყო არასამუშაო დღე – კვირა.
რაც შეეხება კასატორის წარმომადგენელ მ. ნ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამრთლოს მიერ დადგენილი ხარვეზის თაობაზე უნდა ეცნობოს კასატორის ორივე წარმომადგენელს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის წარმომადგენლის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟ. რ-ის წარმომადგენელ მ. ნ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. ჟ. რ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
3. კასატორ ჟ. რ-ს (პირადი ნომერი №...) დაუბრუნდეს თ. ა-ის მიერ 2013 წლის 14 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 295 ლარის ოდენობით და თ. ო-ის მიერ 2014 წლის 13 იანვარს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია