Facebook Twitter

№ას-1220-1165-2013 27 იანვარი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ს-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ს. ს-მა მოპასუხეების – შემოსავლების სამსახურისა და რ. ს-ის მიმართ და მოითხოვა 2012 წლის 9 ივნისს შედგენილი ყადაღის დადების აქტიდან ნუსხაში 198-ე, 199-ე, მე-200, 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე, 207-ე, 208-ე, 209-ე, 210-ე მითითებული მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ს. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, 2012 წლის 9 ივნისს შედგენილი ყადაღის დადების აქტიდან ნუსხაში 198-ე, 199-ე, მე-200, 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე, 207-ე, 208-ე, 209-ე, 210-ე ნომრად მითითებული მოძრავი ნივთები გათავისუფლდა ყადაღისაგან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 14 სექტემბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცრის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების ნაწილი წარმოადგენს ს. ს-ის საკუთრებას.

შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 11 ნოემბრის ბრძანებით №040-4878, საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიების გადახდევინების გატარების მიზნით ყადაღა დაედო ინდმეწარმე რ. ს-ის ქონებას.

გადასახადის გადამხდელის, ინდმეწარმე რ. ს-ის’ დავალიანების გადახდევინების აღსრულების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერ ა.კ-ის მიერ 2012 წლის 9 ივნისს აღიწერა და დაყადაღდა ქ.ბორჯომი, მ-ის ქ.№3-ში მდებარე მოძრავი ქონება. აღსანიშნავია, რომ მითითებულ აქტში შენიშვნა გაკეთდა, სადაც აღინიშნა, რომ დაყადაღებული მოძრავი ქონების ნაწილი ს. ს-ს ეკუთვნოდა.

საქმის მასალებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით დგინდებოდა, რომ ყადაღის დადების აქტში შეტანილი ნივთების ნაწილი, კერძოდ: სარეცხის მანქანა 5 კგ-იანი „ინდეზიტის’’ ფირმის (№198); სამეული ნაჭრის კუთხე (№199); კომპიუტერი ბრტყელი მონიტორით „სამსუნგი’’ პროცესორი აწყობილი, კლავიატურა-მაუსი, ორი დინამიკი ხმის გამაძლიერებელი (№200); პრინტერი „HP’’ (№201); ფერადი ტელევიზორი „DAEWOO’’ (№202); რესივერი (№203); ვიდეომაგნიტოფონი „სამსუნგი’’ (№204); კომპიუტერის მაგიდა (№205); სამზარეულო ავეჯი (№206); გაზქურა „ინდეზიტი’’ (№207); მაცივარი ორკამერიანი „LG’’ (№208); ორკარიანი ტანსაცმლის გარდერობი და ხის საძინებელი, ასევე ნაჭრის სამეული, იყო ს. ს-ის საკუთრება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე არ შეეხებოდა ისეთი საქმის გარემოებების დადასტურებას, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურებულიყო გარკვეული სახის მტკიცებულებებით. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოძრავი ქონების თაობაზე საკუთრების უფლება არ შეიძლებოდა დადასტურებულიყო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით. აქვე, ნიშანდობლივი იყო, რომ სააპელაციო საჩივრის მითითებული არგუმენტი არ შეეხებოდა მოწმის ჩვენების შინაარსობრივ მხარეს, ურთიერთწინააღმდეგობას, ბუნდოვანებას და ა. შ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოწმე ქ. ჯ-ემ (მეზობელი) განმარტა, რომ ს. ს-ს აქვს სამსახური და დამოუკიდებელი შემოსავალი და სწორედ ამ შემოსავლის დახმარებით შეიძინა მოძრავი ნივთები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა: ტელევიზორი, მაცივარი, გაზქურა, კომპიუტერი. რაც შეეხებოდა საძინებელსა და კარადას, იგი მისი ბებია-ბაბუისგან ჰქონდა მიღებული. ის თავად შეესწრო იმ ფაქტს, თუ როგორ მიიტანა დასახელებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა ს. ს-მა სახლში. სამზარეულოსთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ იგი ს.ს მამა ს. ს-მა გააკეთა. მოწმემ ნაჭრის სამეულთან დაკავშირებით ასევე დაადასტურა, რომ აღნიშნული სამეული ს. ს-ს აჩუქა მამიდამ, რომელიც დროებით გერმანიაში იყო წასული. მოწმე ე. ჩ-მა (მეზობელი) ასევე განმარტა, რომ ს. ს-მა პირადი მოხმარებისათვის შეიძინა კომპიუტერი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რადგან ოჯახს არ ჰქონდა ტექნიკის შეძენის საშუალება. იგი მატერიალურადაც ხშირად ეხმარება თავის ოჯახს. მოწმე ე. ჩ-მა ასევე დაადასტურა, რომ საძინებელი და კარადა ს. ს-მა მიიღო ბებია-ბაბუისაგან, ხოლო სამზარეულო გააკეთა მისმა მამამ. მოწმე ს. ს-მა (მამა) განმარტა, რომ მისი შვილი ხშირად ეხმარება ოჯახს მატერიალურად. მისი სახსრებით არის შეძენილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა. პრინტერი „HP’’ (№201) მან აჩუქა ს. ს-ს. საძინებელი და კარადაც, რომელიც მისი მშობლების იყო, ასევე გადასცა ს. ს-ს და ახლა სწორედ მის ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფება. ს. ს-მა ასევე დაადასტურა, რომ ნაჭრის სამეული ს.ს გამოუგზავნა მისმა დამ გერმანიიდან. მოწმემ განმარტა, რომ სამზარეულო მართლაც მისი გაკეთებულია.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სადავო ნივთებზე საკუთრების უფლების დასადასტურებლად წარადგინა მოწმეთა ჩვენებები, მაშინ როდესაც აპელანტმა ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული გარემოებების გაქარწყლება. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოწმე გაფრთხილებულ იქნა ცრუ ჩვენებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ, მათი ჩვენებები შესაბამისობაში იყო ერთმანეთთან და ასევე მოსარჩელისა და მოპასუხის განმარტებებთან, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლოს მათი გაუზიარებლობის საფუძველი არ ჰქონდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მფლობელობა მხოლოდ მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდს წარმოშობს და საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ნივთის მფლობელის საკუთრების უფლების სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ ამ ვარაუდის გაქარწყლება შესაძლებელია, თუ წარმოდგენილი იქნება მტკიცებულება, რაც სხვა პირის საკუთრების უფლებას დაადასტურებს.

მხარეთა ახსნა-განმარტების შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უძრავი ქონება, რომელშიც განთავსებული იყო დაყადაღებული მოძრავი ნივთები, წარმოადგენდა ს. ს-ის მამის და შესაბამისად რ. ს-ის მეუღლის ს. ს-ის მშობლების დანატოვარ სამკვიდრო ქონებას და მას ფაქტობრივად ფლობს ს. ს-ი მშობლებთან – ს. და რ. ს-ან ერთად. შესაბამისად, დგინდებოდა, რომ უძრავი ქონების რეგისტრირებული მესაკუთრე მოსარჩელე არ იყო, თუმცა, ასეთს არც მოვალე – რ. ს-ი წარმოადგენდა. ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემომითითებული მოძრავი ქონება უძრავი ქონების საკუთვნებლის კონტექსტში არ მიიჩნეოდა მოვალე რ. ს-ის საკუთრებად, თუმცა, აღნიშნული რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ რადგან უძრავი ქონება რ. ს-ის სახელზე არ იყო რეგისტრირებული, ამიტომ მასში განთავსებული ქონების მესაკუთრედ უპირობოდ ს. ს-ი ითვლებოდა. აღსანიშნავი იყო, რომ მითითებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად ცხოვრობდნენ როგორც მოსარჩელე ს. ს-ი, ასევე მოვალე რ. ს-ი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მხარემ შეძლო დაედასტურებინა, თუ მითითებულ უძრავ ქონებაში მცხოვრები რომელი პირის საკუთრებას წარმოადგენდა მითითებული მოძრავი ქონება.

საქმის განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით, მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში იკვეთებოდა ს. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან ინდმეწარმე რ. ს-ის საგადასახადო დავალიანებასთან მიმართებით, რომლის აღსრულების მიზნითაც 2011 წლის 9 ივნისის აქტით მოხდა ქონების დაყადაღება, იგი წარმოადგენდა მესამე პირს, რის გამოც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა ვერ განხორციელდება მისი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის, 2411 მუხლის დანაწესებიდან გამომდინარე ვინაიდან ინდმეწარმე „რ. ს-ს“ გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, განახორციელა გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღება, რაზეც 2011 წლის 14 სექტემბერს შედგა მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი;

მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ წარადგინა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, ვერც ქონების დაყადაღების ეტაპზე და ვერც სასამართლოში დავის განხილვის დროს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ქონების ყადაღისდადების შესახებ აქტიდან ამორიცხვა;

სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთი, რომელიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის. შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლის მოქმედება – მოვალის მისამართზე არსებული ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე