¹ ბს-64-63(კ-06) 14 ივნისი, 2006 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ თელავის საგადასახადო ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. ჭ-ი
დავის საგანი _ მიუღებელი ხელფასისა და სტიმულირების ფონდიდან გასაცემი პრემიის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 15 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 26 აპრილს ნ. ჭ-მა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოპასუხისათვის მიუღებელი ხელფასის _ 1813.98 ლარის და სტიმულირების ფონდიდან გასაცემი პრემიის _ 5114.97 ლარის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის მითითებით, იგი 1990 წლიდან 2001 წლამდე საგარეჯოს ზონალურ საგადასახადო ინსპექციაში ...ედ მუშაობდა და მიუღებელი ჰქონდა 1998-2000 წლების ხელფასი, სულ _ 1813.98 ლარი, მას ეკუთვნოდა ასევე ამავე პერიოდში მის მიერ დარიცხული და ბიუჯეტში ჩარიცხული 170499 ლარიდან პრემია _ 5114.97 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის 8 სექტემბრის ¹225 ბრძანების მე-3 მუხლის 3.2 და მე-4 მუხლის 4.3 პუნქტების საფუძველზე, ბიუჯეტში დამატებით მობილიზებული თანხის 10% საგადასახადო ინსპექციის სტიმულირების ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო და მას უშუალოდ გადატანილი თანხის 30% _ 5114,97 ლარი უნდა მიეღო.
მოპასუხე თელავის რაიონის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ იგი მოსარჩელისადმი სახელფასო დავალიანების, 1813.98 ლარის, არსებობას ადასტურებდა, მაგრამ მიუთითებდა, რომ ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული არ გადაურიცხავს და ხსენებული თანხის გაცემა არ შეეძლო. ამასთან, მოპასუხემ პრემიის სახით 5114.97 ლარის მოთხოვნა არ ცნო იმ მოტივით, რომ საგადასახადო ინსპექციის ბალანსში სტიმულირების ფონდიდან გაცემული პრემია არ იყო ნაჩვენები, რის გამოც სასამართლოს ამ ნაწილში სარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაეკმაყოფილებინა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიუღებელი ხელფასის _ 1813.98 ლარისა და სტიმულირების ფონდიდან გასაცემი პრემიის _ 5114.97 ლარის ანაზღაურება.
თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება თელავის საგადასახადო ინსპექციამ მისთვის პრემიის თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მისი თქმით, 1998-2000 წლებში სტიმულირების ფონდი ბიუჯეტიდან გადატანილი თანხებით იქმნებოდა, სადავო პერიოდში ასეთი გადატანა არ მომხდარა და ინსპექციას სპეცანგარიში არ გააჩნდა. სადავო პრემია არ ჩარიცხულა საგარეჯოს ზონალური საგადასახადო ინსპექციის ბალანსზე. აპელანტი, ამასთან, განმარტავდა, რომ ინსპექციაში არ მოიპოვებოდა დასკვნა, რის საფუძველზე გადადიოდა თანხა სტიმულირების ანგარიშზე, არ არსებობდა ბრძანება პრემიის გაცემის თაობაზე. ამდენად, გასარკვევი იყო, სარჩელში აღნიშნული თანხა _ 1704.99 ლარი ჩარიცხული იყო თუ არა ბიუჯეტში.
აპელანტმა, საბოლოოდ, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ პრემიის თანხის _ 5114,97 ლარის გადახდა დაეკისრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 15 ნოემბრის განჩინებით თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ “საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტისა და მისი უზრუნველყოფის სპეციალური ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ” 1999 წლის 8 სექტემბრის საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის ¹225 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თანახმად, ნ. ჭ-ს პრემიის თანხის მიღების უფლება ჰქონდა. სასამართლომ, ამასთან, დაამატა, რომ მოსარჩელეს ხსენებული დებულების 4.2 მუხლის შესაბამისად, პრემიის მიღების უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ საგადასახადო ინსპექციის ბალანსში სტიმულირების ფონდიდან გასაცემი პრემია არ იყო გათვალისწინებული, სარჩელზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდებოდა, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო, თუ ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 15 ნოემბრის განჩინება თელავის საგადასახადო ინსპექციამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიიჩნიეს საგადასახადო დეპარტამენტის ¹225 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტისა და მისი უზრუნველყოფის სპეციალური ფონდების შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ” დებულება, მაშინ, როცა იგი ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული არ არის და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია.
საბოლოოდ, კასატორმა, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 5 აპრილის განჩინებით თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება_დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 15 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
1997 წლის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლით განისაზღვრა, რომ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საგადასახადო ორგანოების მუშაკთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საგადასახადო ორგანოების მიერ კონტროლირებადი შემოსავლების მიხედვით ბიუჯეტსა და სახელმწიფო სპეციალურ ფონდებში ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 3 პროცენტი, აგრეთვე ბიუჯეტისა და სპეციალური ფონდების სასარგებლოდ დამატებით დარიცხული და ჩარიცხული თანხების 10 პროცენტი ჩარიცხული უნდა ყოფილიყო ხაზინაში, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე. ამ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა ბიუჯეტსა და სახელმწიფო სპეციალურ ფონდებში ჩარიცხული თანხების პროპორციულად საბანკო დაწესებულების მიერ უნდა მომხდარიყო.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 აგვისტოს ¹512 ბრძანებულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და რიგი სხვა სამინისტროების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების უზრუნველყოფისათვის საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლისა და საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო და საბაჟო ორგანოების განკარგულებაში გადაცემული სახსრების 10 და 15 პროცენტი წარმართულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე. სახსრების ხარჯვის წესის შემუშავება შესაბამის სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს დაევალათ.
საქართველოს პრეზიდენტის ზემოხსენებული ¹512 ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 8 სექტემბერს ¹225 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის და მისი ორგანოების მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფონდის შექმნისა და გამოყენების წესის შესახებ დებულება”, რომლის 3.2 პუნქტის შესაბამისად, დამატებით დარიცხული და ჩარიცხული თანხების 10%-იდან 30% დამატებითი გასამრჯელოს სახით, თანაბარწილად, შემოწმებაში მონაწილე მუშაკებზე უნდა განაწილებულიყო.
მოსარჩელემ სწორედ ზემოაღნიშნული დებულების საფუძველზე მოითხოვა საპრემიო თანხების გაცემა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 8 სექტემბერის ¹225 ბრძანება თავისი შინაარსით ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული აქტის იურიდიული ძალის განსაზღვრის გარკვეული გარემოებები გამოკვლეული და დადგენილი არ ყოფილა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹225 ბრძანება 1999 წლის 8 სექტემბერსაა მიღებული. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად (იმ დროს მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული იყო, რომ საქართველოს მინისტრის და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი ძალაში შედიოდა ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს, თუ იმავე ნორმატიული აქტით სხვა ვადა არ იყო დადგენილი. იმავე კანონის 45-ე მუხლი კი, ნორმატიული აქტის ძალაში შესვლას აქტის გამოქვეყნების მომენტს უკავშირებდა.
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 51.1 მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია ნორმატიული აქტის მიღება კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ დარღვეულია შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) ან ამოქმედებისათვის დადგენილი პროცედურა, ნორმატიულ აქტს არა აქვს იურიდიული ძალა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს, საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹225 ბრძანების მიღებისას დაცული იყო თუ არა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურა და მას კანონიერი ძალა მიენიჭა თუ არა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმე საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, რის გამოც იგი განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თელავის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 15 ნოემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.