№ას-1276-1218-2013 30 იანვარი, 2014 წელი.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. ლ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. შ-ა, ს. ზ-ი, თ. ტ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ლ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში გ. შ-ას, ს. ზ-სა და თ. ტ-ის მიმართ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ას სარჩელი, 2011 წლის 23 დეკემბერს გ. შ-ე გაცემული მინდობილობის ბათილად აღიარების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ლ. ლ-ას სარჩელი, 2012 წლის 5 მარტის შპს „რ. ლ-ის“ კრების ოქმის და ამ კრების ოქმის საფუძველზე მოპასუხე გ. შ-ას მიერ თ. ტ-ან და ს. ზ-ან დადებული წილის ნასყიდობის შესახებ გარიგებების ბათილად ცნობის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ლ. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ლ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ლ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი (იხ. ლ. ლ-ას წარმომადგენელ დ. ა-ის (იხ. ორდერი, ტ. II, ს.ფ.61) ხელწერილი ტ. II, ს.ფ.62).
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, ლ. ლ-ა არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ გაუგზავნია გადაწყვეტილების ასლი.
მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოცხადდა 2013 წლის 30 ოქტომბერს. განჩინების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2013 წლის 19 ნოემბერი, ხოლო 30-ე დღე - 2013 წლის 29 ნოემბერი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს აღნიშნულ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით.
რაც შეეხება საქმეში არსებულ ლ. ლ-ას განცხადებას, გასაჩივრებული განჩინების ჩაბარების მოთხოვნის თაობაზე (იხ.ტ.II, ს.ფ. 81), აღნიშნული ვერ ჩაითვლება მხარის მიერ საპროცესო კოდექსით დადგენილი ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან საპროცესო კოდექსის 2591 მუხლი ზუსტად განსაზღვრავს სასამართლოსათვის მიმართვის ვადას - არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან. აღნიშნული განცხადებით კი კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2013 წლის 6 დეკემბერს.
შესაბამისად, გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 29 ნოემბერს და ამოიწურა 2013 წლის 19 დეკემბერს. საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2013 წლის 20 დეკემბერს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საკასაციო საჩივარზე დასმული სარეგისტრაციო შტამპი ტ.II, ს.ფ.82), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ვინაიდან ლ. ლ-ას საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შემოტანილი, იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ლ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი