Facebook Twitter

საქმე №ას-1285-1227-2013 27 იანვარი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა. ს-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის დამატებით განჩინებაზე, საქმეზე – ლ. ფ-ის სარჩელის გამო, ა. ს-ის მიმართ ხელშეკრულების მოშლის შედეგად ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ს-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით ა. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის დამატებით განჩინებაზე დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს მიეცა ვადა მის გამოსასწორებლად.

ა. ს-ემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა თავის საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის დამატებითი განჩინების მიმართ იმ მოტივით, რომ ძირითად სასამართლო განჩინებაზე მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, დამატებითი განჩინების მიმართ საკასაციო საჩივრის განხილვის ინტერესი აღარ გააჩნია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით, ხოლო მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე.

ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელზე, ხოლო რადგან საკასაციო სასამართლო საქმის განხილვისას ხელმძღვანელობს სააპელაციო პალატისათვის დადგენილი ნორმებით, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, მოქმედებს პირველი ინსტანციისათვის დადგენილი წესებით, ცხადია, რომ მოსარჩელის ხსენებული უფლება ვრცელდება კასატორზეც.

ზემოხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს უარი თქვას საკასაციო საჩივარზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს საკასაციო საჩივარზე არსებულ საქმის წარმოებას, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ა. ს-ემ საკასაციო საჩივარზე უარი თქვა მისი დასაშვებობის საკითხის შემოწმების ეტაპზე, რის გამოც ხსენებულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო ა.ს-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე წინასწარ, 2013 წლის 20 დეკემბერს №6 საგადახდო დავალებით გადახდილი 640 ლარიდან დარჩენილი 300 ლარი (640 ლარიდან 340 ლარი კასატორს დაუბრუნდა საქართველოს უზენაესი სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ს-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის დამატებით განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. კასატორ ა. ს-ეს (პირადი №…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2013 წლის 20 დეკემბერს №6 საგადახდო დავალებით გადახდილი 640 ლარიდან დარჩენილი 300 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე