№ას-1391-1312-2012 10 იანვარი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ე. ქ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 27 მარტს ხობის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. ქ-ამ მოპასუხე სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს საჯარო სკოლის მიმართ და მოითხოვა:
1. მოპასუხე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 20 სექტემბრის №1-10 ბრძანების ბათილად ცნობა;
2. სამსახურში აღდგენა;
3. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიური ხელფასის – 270 ლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე 2010 წლის 16 დეკემბრიდან დაინიშნა საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლის ბუღალტრად. აღნიშნული სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 20 სექტემბრის №1-10 ბრძანების საფუძველზე, იგი სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, კერძოდ, სადავო ბრძანებაში მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი და ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-41 პუნქტი. მოსარჩელის მოსაზრებით, მოხმობილ ნორმებში საუბარია სკოლის დირექტორის მოადგილეებისა და არა ბუღალტრის სამუშაოდან გათავისუფლებაზე, შესაბამისად, ბრძანებაში მითითებული მოტივებით მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლებას კანონი არ ითვალისწინებს; სადავო ბრძანების მიღებამდე მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს და შეატყობინა, რომ 2011 წლის 19 სექტემბერს მიიღო ტრავმა, ამ მიზეზით სამუშაოზე ვერ გამოცხადდებოდა და ითხოვა მისთვის უხელფასო შვებულების მიცემა. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ მეორე დღეს მიიღო ბრძანება მისი სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე. ბრძანება გამოიცა მოსარჩელისათვის ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის სოციალურად დაუცველი და ჰყავს ხუთი არასრულწლოვანი შვილი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სკოლის დირექტორი უფლებამოსილი იყო სამუშაოდან გაეთავისუფლებინა მოსარჩელე, ვინაიდან, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის მიხედვით, ბუღალტერი შედის სკოლის დირექციის შემადგენლობაში და ახალი დირექტორის დანიშვნა იწვევს ბუღალტრის განთავისუფლებასაც. გარდა ამისა, მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულება დადებული იყო განუსაზღვრელი ვადით და მისი მოშლა შეიძლებოდა ნებისმიერ დროს.
ხობის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლასთან მოსარჩელის შრომითი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით, შრომის ხელშეკრულების მოშლის გამო, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის აღნიშნული საფუძვლით შეწყვეტის ფაქტს არ გამორიცხავდა სადავო ბრძანებაში „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და ამავე კანონის მე-41 პუნქტზე მითითება. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი ახლადდანიშნულ დირექტორს ანიჭებდა უფლებამოსილებას, თავისი ინიციატივით, შრომითი ურთიერთობა შეეწყვიტა მოადგილეებთან. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, ბუღალტერი წარმოადგენდა დირექციის წევრს და მისი ფუნქციიდან გამომდინარე – დირექტორის მოადგილეს ფინანსურ დარგში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ე. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლის დირექტორის 2010 წლის 16 დეკემბრის №75 ბრძანებით ე. ქ-ა დაინიშნა ამავე სკოლის ბუღალტრის თანამდებობაზე;
ე. ქ-ას ხელფასი, საშტატო განაკვეთით, განისაზღვრა 270 ლარით;
2011 წლის 19 სექტემბერს ე. ქ-ამ განცხადებით მიმართა საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლის დირექტორს და მოითხოვა უხელფასო შვებულება ჯანმრთელობის გაუარესების გამო;
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 20 სექტემბრის №1-10 ბრძანებით, ე. ქ-ა განთავისუფლდა სკოლის ბუღალტრის თანამდებობიდან. ე. ქ-ას განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად ბრძანებაში მიეთითა „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43.2 პუნქტი და ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-41 პუნქტი.
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 20 სექტემბრის №1-11 ბრძანებით, სკოლის ახლადდანიშნულ ბუღალტერს დაევალა, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის შესაბამისად, ე. ქ-ის კომპენსაციის - ერთი თვის ხელფასის გაცემა. მოსარჩელე ე. ქ-ას მიღებული აქვს ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი კომპენსაცია.
2011 წლის 19 სექტემბერს ე. ქ-ამ მიიღო ტრავმა, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლას წარედგინა სამუშაოდან მისი განთავისუფლების შემდეგ;
კომპიუტერული და საოფისე მომსახურების შესახებ საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლასა და შპს „ი-ჯ-ას“ შორის 2011 წლის 4 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ი-ჯ-ა“ საჯარო სკოლის დაკვეთით აწარმოებდა დეკლარაციათა წარდგენას საქართველოს შემოსავლების სამსახურში ელექტრონული ვერსიით და საგადასახადო დავალების ნაბეჭდი ვერსიის დამზადებას. სკოლას დღემდე ერიცხება შპს „ი-ჯ-ის“ მიმართ დავალიანება გაწეული მომსახურების საფასურის აუნაზღაურებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის მე-41 პუნქტით, რომლის თანახმად, ახალი დირექტორის არჩევა ან დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას. პალატამ მიუთითა ასევე შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია შრომითი ხელშეკრულების მოშლა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომის კოდექსის, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე, ხობის რაიონულმა სასამართლომ სწორად უთხრა უარი ე. ქ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან სწორად მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ე. ქ-სა და საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლას შორის განხორციელდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. ქ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები არასწორად შეაფასა და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სადავო ბრძანებაში მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლად მითითებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 41-ე მუხლის მე-41 პუნქტი. მოსარჩელის განთავისუფლების საფუძვლად ამ მუხლების მითითება არასწორია, ვინაიდან „ზოგადი განათლების შესახენ“ კანონის 41-ე მუხლის მე-41 პუნქტის მიხედვით, ახალი დირექტორის არჩევა იწვევს მისი მოადგილეების და არა ბუღალტრის განთავისუფლებას. მართალია, ბუღალტერი შედის სკოლის დირექციის შემადგენლობაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი დირექტორის მოადგილეა. ამდენად, სასამართლომ არასწორად გაიგო ხსენებული ნორმის შინაარსი.
უსაფუძვლოა ასევე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულება მოიშლა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან ეს ნორმები განთავისუფლების ბრძანებაში მითითებული არ არის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ქ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილადაა ცნობილი და საქმის მასალებით დასტურდება დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლის დირექტორის 2010 წლის 16 დეკემბრის №75 ბრძანებით ე. ქ-ა დაინიშნა ამავე სკოლის ბუღალტრის თანამდებობაზე;
ე. ქ-ას ყოველთვიური ხელფასი საშტატო განაკვეთით შეადგენდა 270 ლარს;
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 20 სექტემბრის №1-10 ბრძანებით, ე. ქ-ა გათავისუფლდა სკოლის ბუღალტრის თანამდებობიდან. მისი განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად ბრძანებაში მითითებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი და ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-41 პუნქტი.
გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა სწორად განხორციელდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლის გამო.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო ბრძანებაში მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლად მითითებულია, არა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, არამედ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-41 პუნქტი.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების იმ საფუძველზე, რომელიც სადავო ბრძანებაში არ იყო მითითებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არსებითადაც არასწორია, ვინაიდან მან არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული ნორმა უფლებას ანიჭებდა დამსაქმებელს, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება კონკრეტული საფუძვლის მითითების გარეშე მოეშალა.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი დამსაქმებელს ანიჭებს შეუზღუდავ უფლებას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოშალოს შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი. ხსენებული ნორმა არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც დამქირავებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სამუშაოდან გაათავისუფლოს დასაქმებული. მითითებული ნორმის ასეთი განმარტება წაახალისებდა დამქირავებლის თვითნებობას, ხოლო, სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას აზრს დაუკარგავდა. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. ამ ამოცანის შესრულებას სასამართლო ვერ შეძლებს, თუ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის გათავისუფლების საფუძველი მითითებული არ იქნება. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული ნორმით არ არის მოწესრიგებული შრომითი ხელშეკრულების მოშლის ინსტიტუტი, ხელშეკრულების მოშლის წესი და პირობები. ეს ნორმა წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვალს და არა შრომითი ხელშეკრულების მოშლის მარეგულირებელ ნორმას. აქედან გამომდინარე, გაზიარებული ვერ იქნება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ დამსაქმებლის ინიციატივით ხელშეკრულების მოშლა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დამოუკიდებელი საფუძველია და, შესაბამისად, დამსაქმებელი არაა ვალდებული, დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის კონკრეტული მიზეზი მიუთითოს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანება შეიცავდა კონკრეტულ საფუძველზე მითითებას, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და მხოლოდ იმ საფუძვლის მართლზომიერება უნდა შეემოწმებინა, რაც სადავო ბრძანებაში იყო მითითებული.
გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად მიიჩნია ასევე მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან ზემოხსენებული კანონის 41-ე მუხლის მიხედვით, ბუღალტერი წარმოადგენს დირექციის წევრს და ფაქტობრივად - დირექტორის მოადგილეს ფინანსურ დარგში, ამიტომ ახალი დირექტორის არჩევა ან დანიშვნა იწვევს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას ამავე მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოხსენებული კანონის მითითებული პუნქტი, ვინაიდან ამ ნორმის თანახმად, ახალი დირექტორის არჩევა ან დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის ან მოადგილეების და არა სკოლის ბუღალტრის უფლებამოსილების შეწყვეტას. ამასთან, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბუღალტერი წარმოადგენს რა სკოლის დირექციის წევრს, არის დირექტორის მოადგილე ფინანსურ დარგში. მართალია, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბუღალტერია შედის სკოლის დირექციაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სკოლის ბუღალტერი ავტომატურად ხდება სკოლის დირექტორის მოადგილე საფინანსო დარგში. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სკოლის დირექტორი შეიმუშავებს საშტატო განრიგს, შესაბამისად, იგი განსაზღვრავს, სჭირდება თუ არა სკოლას დირექტორის მოადგილე ან მოადგილეები და თუ სჭირდება - რამდენი. ამდენად, დირექტორის მოადგილის საშტატო ერთეული გათვალისწინებულ უნდა იქნეს დირექტორის მიერ შემუშავებული საშტატო განრიგით, შესაბამისად, კონკრეტული პირის დირექტორის მოადგილედ დანიშვნის ბრძანებაში, აღნიშნულის თაობაზე პირდაპირ უნდა იყოს მითითებული. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხე სკოლის დირექტორის 2010 წლის 16 დეკემბრის #75 ბრძანებით, მოსარჩელე დაინიშნა სკოლის ბუღალტრად და არა სკოლის დირექტორის მოადგილედ. ამდენად, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების მართლზომიერად მიჩნევის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება (სსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოა, ვინაიდან მოპასუხემ (დამსაქმებელმა) მოსარჩელესთან (დასაქმებულთან) შრომითი ხელშეკრულება მოშალა კანონიერი საფუძვლის გარეშე, შესაბამისად, სადავო ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი (შკ-ის 1.2 მუხლი, სკ-ის 54-ე მუხლი) და მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნეს განთავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე (შკ-ის 1.2 მუხლი, სკ-ის 408-ე მუხლი). ამასთან, უნდა დაკმაყოფილდეს ასევე მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან სამუშაოდან უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევაში, დასაქმებულის მოთხოვნა, მიუღებელი შრომის ანაზღაურების გადახდის თაობაზე, კანონიერია (შკ-ის 32.1 მუხლი, სკ-ის 411-ე მუხლი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორი (მოგებული მხარე) გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამისად, მას საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სასამართლო ხარჯის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ე. ქ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 სექტემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს #1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 20 სექტემბრის №1-10 ბრძანება ე. ქ-ას სკოლის ბუღალტრის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ;
5. ე. ქ-ა აღდგენილ იქნეს სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს #1 საჯარო სკოლის ბუღალტრის თანამდებობაზე;
6. სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს #1 საჯარო სკოლას ე. ქ-ას სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (ყოველთვიური ხელფასის - 270 ლარის ოდენობით) სამუშაოდან განთავისუფლების დღიდან (2011 წლის 20 სექტემბრიდან) სამუშაოზე აღდგენამდე;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე