საქმე №ას-680-646-2013 10 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ხ-ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ხ-ოს“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 2006 წლის 21 ივნისის №06-191/3 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჯარიმის – 107 775.38 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
2006 წლის 21 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სს „ხ-ოს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ რუსთავის პროფესიული ლიცეუმის შენობის სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, რისთვისაც უნდა გამოყოფილიყო 889 243 ლარი. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა სამი თვით, 21 სექტემბრამდე.
2006 წლის 11 სექტემბერს, 2006 წლის 24 ნოემბერსა და 2007 წლის 23 იანვარს აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები. საბოლოოდ ცვლილებების შესაბამისად, სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 2007 წლის 1 ივლისამდე.
2007 წლის 18 სექტემბრის №1/198 სამუშაოს დასრულების აქტის თანახმად, სამუშაოები აღნიშნულ ობიექტზე დასრულდა 2007 წლის 15 აგვისტოს, რაც ცხადყოფს, რომ სამუშაოები დასრულდა 44 დღის დაგვიანებით. არაერთი წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, სს „ხ-ო“ უარს აცხადებს, 2006 წლის 21 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო, დაკისრებული საჯარიმო თანხის გადახდაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, სს „ხ-ოს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 107 775.38 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ხ-ომ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებით სს „ხ-ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სს „ხ-ოს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სს „ხ-ომ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ 2006 წლის 21 ივნისის N06-101/3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება – რუსთავის პროფესიული ლიცეუმის შენობის სარემონტო სამუშაოების შესრულება დადგენილ ვადაში დაასრულა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ 2006 წლის 21 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 833716,37 ლარის ღირებულების სამუშაოები შპს „ხ-ომ“ დაასრულა 2007 წლის 15 აგვისტოს.
2006 წლის 21 ივნისის სს „ხ-სა“ და განათლების სამინისტროს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების N06-101/3 ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ქ.რუსთავის პროფესიული ლიცეუმის შენობის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რომლის თანხა განისაზღვრა 889243 ლარით, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 3 თვით. ხელშეკრულების 10.2 პუნქტი ითვალისწინებდა გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში საურავის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 1%-ის ოდენობით.
2006 წლის 21 ივნისის N06-101/3 ხელშეკრულებისა და მასში ცვლილებების შეტანის შესახებ მხარეთა 2006 წლის 11 სექტემბრის, 2006 წლის 24 ნოემბრისა და 2007 წლის 23 იანვრის შეთანხმებების შესაბამისად, სს „ხ-ოს“ 2007 წლის 1 ივლისამდე უნდა განეხორციელებინა რუსთავის პროფესიული ლიცეუმის შენობის სარემონტო სამუშაოები, საერთო ღირებულებით 860904,14 ლარი.
2006 წლის 21 ივნისის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 5.2 პუნქტის თანახმად, საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე „მიმწოდებელი“ (სს „ხ-ო’’), ვალდებულია „შემსყიდველს“ (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს) ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო ეტაპობრივად წარუდგინოს გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა №2, ფორმა №3). სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მითითებული პუნქტით ფორმა №2 და ფორმა №3 წარმოადგენენ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შესრულების აქტს. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი დასტურდება ფორმა №2-თა და ფორმა №3-ით.
საქმეში წარმოდგენილია ფორმა №2 და ფორმა №3 აქტები. ფორმა №2-ში (რუსთავის პროფესიული ლიცეუმის შესრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მოცულობა-განფასება) მითითებულია 2006 წლისათვის შესრულებული სამუშაოს დასახელება და ღირებულება, რაც შეადგენს 553710,28 ლარს. ასევე, ფორმა №3-ის მიხედვით, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ წლის დასაწყისიდან საანგარიშო თვის ჩათვლით შეადგინა 833716,37 ლარი, რასაც ხელს აწერს ორივე მხარე.
ზემოთ მითითებული ხელშეკრულების შესაბამისი მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ ფორმა №2-თა და ფორმა №3-ით დასტურდება სამუშაოს შესრულების ფაქტი, რომლის წარდგენის შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს ღირებულება ანაზღაურებას ექვემდებარება სამინისტროს მიერ 15 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, ერთად საქმეში წარმოდგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსისადმი მიმართული ამავე სამინისტროს ფინანსური დეპარტამენტის უფროსის სამსახ-ებრივი ბარათი, რომლის თანახმად, მხარეთა შორის 2006 წლის 21 ივნისს დადებული №06-10/3 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სსიპ რუსთავის პროფესიულ ლიცეუმში სს „ხ-ოს“ მიერ შესრულებული სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 833716.37 ლარი, ხოლო გადარიცხულმა თანხამ შეადგინა 855545.32 ლარი. ამდენად, სხვაობამ შეადგინა 21828.95 ლარი, რაც სს „ხ-ომ“ დააბრუნა ბიუჯეტში.
საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 22 მარტის წერილის შესაბამისად დასტურდება, რომ სს „ხ-ოს’’ დირექტორი მიმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სთხოვს, რომ გამოიყოს კომისია რუსთავის პროფესიულ ლიცეუმში ჩატარებული დასრულებული სარემონტო სამუშაოების ჩასაბარებლად. აღნიშნული წერილი 2007 წლის 22 მარტს ჩაბარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
საქმეზე დაკითხულმა სპეციალისტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, სს „ხ-ომ“ სარემონტო სამუშაოები დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე – 2006 წლის ბოლოსთვის. რაც შეეხება 2007 წლის 18 სექტემბრის №1/198 აქტს, რომლის შესაბამისადაც სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2007 წლის 15 აგვისტოს, სპეციალისტმა განმარტა, რომ იგი არ ასახავდა რეალურ მდგომარეობას და აღნიშნული აქტის მოგვიანებით შედგენა განპირობებული იყო ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ შეტანილი კორექტირებით, რომელიც ეხებოდა ლითონის კონსტრუქციის ღობის ნაცვლად ბეტონის ფუნდამენტზე სამშენებლო ბლოკით ღობის აღმართვას.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სპეციალისტის განმარტებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სს „ხ-ომ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ 2006 წლის 21 ივნისის №06-101/3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება რუსთავის პროფესიული ლიცეუმის შენობის სარემონტო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, შეასრულა დადგენილ ვადაში 2007 წლის 1 ივლისამდე.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ ჩათვალა, რომ მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2006 წლის 21 ივნისს გაფორმებული №06-101/3 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 417-ე, 418-ე მუხლებით და მიუთითა, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში 2006 წლის 21 ივნისის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ საურავის, იგივე პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 1%-ის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დადგინდა, რომ სს „ხ-ოს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა დადგენილ ვადაში. ზემოთ დასახელებული ნორმების შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ წინაპირობას წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში ამგვარი გარემოება არ მომხდარა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სს „ხ-ომ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ 2006 წლის 21 ივნისის №06-101/3 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დადგენილ ვადაში შეასრულა. აღნიშნული ვალდებულება სს „ხ-ოს“ მიერ შესრულდა 44 დღის ვადაგადაცილებით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
2007 წლის 18 სექტემბრის №1/1198 სამუშაოს დასრულების აქტის თანახმად, აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები დასრულდა 2007 წლის 15 აგვისტოს, რასაც, სხვა უფლებამოსილ პირებთან ერთად, ხელმოწერით ადასტურებს სს „ხ-ოს“ დირექტორი, ამდენად, სამუშაოები ქ.რუსთავის პროფესიული ლიცეუმში დასრულდა 44 დღის დაგვიანებით.
სააპელაციო სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა საქმისათვის მტკიცებულებების – ფორმა №2, ფორმა №3 და 2006 წლის 16 ოქტომბრის მოხსენებით ბარათის დართვასთან დაკაშვირებით, რითაც დასტურდება სს „ხ-ოს“ მიერ 2006 წლის ოქტომბერში შესრულებული სამუშაოების ოდენობა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითების გაუთვალისწინებლად არ დააკმაყოფილა დაყენებული შუამდგომლობა.
ამასთან, გარემოება, რომელსაც ეს ფორმა №2 და №3 ადასტურებს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავო. დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისა და შესწავლის აუცილებლობა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ მიუთითა მტკიცებულებების შეფასებაზე და განჩინების მე-10 გვერდზე დააფიქსირა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, სადაც 558772.32 ლარი არასწორად იქნა მითითებული. აღნიშნული საჭირო გახდა აგრეთვე მას შემდეგ, რაც ამავე გვერდზე სააპელაციო სასამართლოს დაევალა 2007 წლის 1 ივნისის მდგომარეობით სს „ხ-ოს“ მიერ შესრულებული სამუშაოს ოდენობის დადგენა, რაზეც სააპელაციო სასამართლომ უარი განაცხადა და არ შეისწავლა. მითითებული გარემოება ცალსახად წარმოშობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ სამუშაოს დასრულების დასასაბუთებად მხოლოდ ფორმა №2 და №3-ზე მითითება არასწორია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა ეხელმძღვანელა შპს „აუდიტური ფირმა „ბ-ი & Co-ის“ 2007 წლის 12 ივნისის ქ.რუსთავის პროფესიული ლიცეუმის სარემონტო სამუშაოების საკონტროლო აზომვებით, რომლის შესაბამისადაც 2007 წლის 12 ივლისის მდგომარეობითაც არ ყოფილა შესრულებული სარემონტო სამუშაოები სს „ხ-ოს“ მიერ.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული უზენაესი სასამართლოს განჩინება და უკანონოდ მხოლოდ ფორმა №2 და ფორმა №3 გათვალისწინებით იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, რაც შეუძლებელს ხდის 2007 წლის 1 ივნისისათვის სს „ ხ-ოს“ მიერ შესრულებული სამუშაოს ოდენობის დადგენას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე