საქმე №ას-689-655-2013 16 იანვარი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – მ. ლ-ე, ა. ვ-ე, თ. ვ-ე, ი. ვ-ე (მოსარჩელე)
კასატორი – ლ. ჭ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჭ-ა, ი. ჯ-ი, დ. პ-ე და მ. ბ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ლ-ემ, ა. ვ-ემ, თ. ვ-ემ და ი. ვ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ. ჭ-ას, ი. ჯ-ის, დ. პ-ის და მ. ბ-ის მიმართ და მოითხოვეს 2012 წლის 5 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და ლ. ჭ-ას მიერ 2012 წლის 13 სექტემბერს გაცემული №120977451 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, ასევე მ. ბ-ის 10281,15 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:
ნოტარიუსმა 2012 წლის 3 სექტემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ მ. ბ-ის სასარგებლოდ, მოვალე დ. პ-სა და მათი როგორც უძრავი ქონების თანამესაკუთრეების მიმართ. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით დადგენილია დ. პ-ის სასესხო ვალდებულების, 6000 აშშ დოლარის იძულებითი ამოღების მიზნით, მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) აუქციონზე რეალიზაცია. როგორც მათთვის ცნობილი გახდა, 2012 წლის 5 აპრილს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მ. ბ-სა და დ. პ-ეს შორის 5000 აშშ დოლარის თაობაზე, 4 თვის ვადით, თვეში 5%-ის სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად მათმა მინდობილმა პირმა ი. ჯ-მა უკანონოდ ისარგებლა სანოტარო მონდობილობით და იპოთეკით დატვირთა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მ.ბ-ის სასარგებლოდ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ შეიცავს სახელშეკრულებო დებულებას ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ. სანოტარო აქტი ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობას, მაგრამ მხარეთა ხელშეკრულება ასეთ წესს გამორიცხავს და ადგენს განსხვავებულ შესაძლებლობას იპოთეკის საგნის მიმართ. სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, კრედიტორსა და მესაკუთრეს შორის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისათვის გადაცემა და რეალიზაცია, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მისი დებულების მიხედვით არ ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობას.
მინდობილობის თანახმად, მათ მიანიჭეს უფლებამოსილება ი. ჯ-ს, თავად აეღო სესხი ნებისმიერ ბანკში და მისი სესხის უზრუნველსაყოფად დაეტვირთა მათი ქონება და არა მესამე პირების სესხის უზრუნველსაყოფად, როგორც ამას მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. მინდობილობაში მესამე პირების სასარგებლოდ მათი ქონების დატვირთვის ნება გამოხატული არ იყო. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მინდობილობაში მინიშნებული უნდა ყოფილიყო იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსის თავადვე განსაზღვრის წესის შესახებ. აღნიშნული უფლებამოსილება გულისხმობს. ხელშეკრულების გაფორმების დროს იცოდეს მარწმუნებელმა, თუ რა შინაარსის ხელშეკრულებას აწერს ხელს რწმუნებული. მით უმეტეს, როდესაც საქმე შეეხება იპოთეკის საგნის განკარგვის სახეებს.
ლ. ჭ-ამ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სარჩელი ასევე არ ცნო მ. ბ-ის წარმომადგენელმა და განაცხადა, რომ მხარეებს შორის სადავო ხელშეკრულება კანონის სრული დაცვით გაფორმდა, მხარეთა ხელმოწერები დამოწმდა სანოტარო წესით და ხელშეკრულება სრულად გამოხატავდა მხარეთა ნებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ 2012 წლის 13 სექტემბერს ლ. ჭ-ას მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი სრულად შეესაბამება „ნოტარიუსის შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. გარდა აღნიშნულისა, სადავო სააღსრულებო ფურცელი ამჟამად უკვე აღსრულებულია და მას სწორედ ამ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აქვს მიღებული 10281,15 ლარი.
ბათუმის საქალქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა. ვ-ის, ი. ვ-ის, თ. ვ-სა და მ. ლ-ის სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ლ-ემ, ა. ვ-ემ, თ. ვ-ემ და ი. ვ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის, ა. ვ-ის, თ. ვ-ის და ი. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნოტარიუს ლ. ჭ-ას მიერ კრედიტორ მ. ბ-ის სასარგებლოდ 2012 წლის 13 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. ლ-ის, ა. ვ-ის, თ. ვ-სა და ი. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ლ. ჭ-ას მიერ კრედიტორ მ. ბ-ის სასარგებლოდ 2012 წლის 13 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 4 აპრილს ა. ვ-ემ, თ. ვ-ემ, ი. ვ-ემ და მ. ლ-ემ ი. ჯ-ს მიანიჭეს შემდეგი უფლებამოსილება, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაეტვირთა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - 1001 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურში, სოფელ ე-ი, საკადასტრო კოდით №... ასევე ყოფილიყო მათი წარმომადგენელი ნებისმიერ ბანკში, სანოტარო ბიუროსა და საჯარო რეესტრის სამსახურში, მათი სახელით მოეწერა ხელი იპოთეკის ხელშეკრულებისათვის და განეხორციელებინა კანონით გათვალისწინებული ყველა მოქმედება.
2012 წლის 5 აპრილს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მ. ბ-ემ ასესხა 5000 აშშ დოლარი დ. პ-ეს, 4 თვის ვადით, თვეში 5% სარგებლის გადახდის პირობით, თუმცა თანხა ფაქტობრივად მიიღო მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ი. ჯ-მა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცენტის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მოვალე გადაიხდიდა პირგასამტეხლოს გადასახდელი პროცენტის თანხის 0,3%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო სესხის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში, მოვალე გადაიხდიდა პირგასამტეხლოს თანხის 0,2%-ს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის და მისგან გამომდინარე მოთხოვნების (სარგებელი, ზიანი, პირგასამტეხლო, სასამართლოს და რეალიზაციის ხარჯები) უზრუნველსაყოფად ი. ჯ-მა იპოთეკით დატვირთა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ბათუმში, ე-ეს დასახლებაში, საკადასტრო კოდი №... (ნაკვეთის წინა ნომერი:...). სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 2012 წლის 5 აპრილს დამოწმდა სანოტარო წესით (რეგისტრაციიის №120357775, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური №21941478632912, ნოტარიუსი ლ. ჭ-ა). სანოტარო აქტის შესავალ ნაწილში, სადაც ასახულია სანოტარო აქტის შედგენის თარიღი, სანოტარო მოქმედების მონაწილეთა ვინაობის, წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების მონაცემები, მითითებულია, რომ ნოტარიუსმა მხარეებს განუმარტა ხელშეკრულების დადების სამართლებრივი შედეგები, მათ შორის, ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მხარეებს განემარტათ, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იპოთეკარის მოთხოვნით, ნოტარიუსი გასცემდა სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც განხორციელდებოდა იპოთეკის საგნის მესაკუთრისაგან, ან სხვა მფლობელისაგან იძულებით ამოღება იპოთეკარისათვის გადაცემისა და რეალიზაციის მიზნით. ნოტარიუსმა მიუთითა: ,,მხარეებმა პირადად წაიკითხეს ხელშეკრულება, მკაფიოდ და ნათლად განაცხადეს, რომ იგი ზუსტად გამოხატავს მათ ნებას და მისი თანდასწრებით მოაწერეს ხელი შემდეგ ხელშეკრულებას:“. ამ ფრაზის შემდგომ, სანოტარო აქტში დაფიქსირებულია უშუალოდ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობები; ამ პირობათა შორის არ არის მითითებული, რომ ვადადამდგარ მოთხოვნაზე იძულებითი აღსრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორისათვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
2012 წლის 13 სექტემბერს ნოტარიუს ლ. ჭ-ას განცხადებით მიმართა მ. ბ-ის წარმომადგენელმა მ. ა-ემ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა 2012 წლის 5 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მიეთითა, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენდა სესხის ძირითად თანხას _ 5000 აშშ დოლარს, 4 თვის პროცენტს _ 1000 აშშ დოლარს და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯს _ 124,36 ლარს. ა. ვ-ემ 2012 წლის 25 სექტემბერს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხა 10282,15 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, თუმცა, ამ გარემოებათა ნაწილი არასწორად შეფასდა, რასაც შედეგად მოჰყვა ნაწილობრივ არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. განხილულ საქმეში პირველი სადავო საკითხია, ჰქონდა თუ არა ი. ჯ-ს უფლებამოსილება, მოსარჩელეთა სახელით იპოთეკით დაეტვირთა მათივე კუთვნილი უძრავი ნივთი არა თავისი, არამედ მესამე პირის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად. აპელანტებმა აღნიშნეს, რომ ი. ჯ-მა 2012 წლის 5 აპრილის გარიგება დადო შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე, რის გამოც გარიგება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ვერ მიიჩნევა ნამდვილად, ვინაიდან აპელანტებს არ მოუწონებიათ იგი.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის გათვალისწინებით, 2012 წლის 4 აპრილის რწმუნებულება წარმოადგენს გარიგებას. მოსარჩელეებმა გამოავლინეს ნება ი. ჯ-ის მიმართ, რომელიც მიმართული იყო დავალების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისაკენ. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, გამოვლენილი ნების ნამდვილი შინაარსი გონივრული განსჯის შედეგად დგინდება, რაც გულისხმობს გარიგებასთან დაკავშირებული გარემოებების ლოგიკურ და ობიექტურ ანალიზს. სააპელაციო სასამართლომ, 2012 წლის 4 აპრილის რწუნებულების შინაარსის და ზემოთ მითითებული ნორმების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ი. ჯ-ს მინიჭებული ჰქონდა ზოგადი უფლებამოსილება - როგორც უშუალოდ საკუთარი, ასევე - სხვა ნებისმიერი პირის სასარგებლოდ აღებული სესხი უზრუნველეყო მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვის გზით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ჯ-ის მიერ აპელანტების სახელით 2012 წლის 5 აპრილს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ნამდვილია, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძვლები და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი დადგენილია ორი საკანომდებლო აქტის ნორმებით, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილით და ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილით. ამდენად, იმისათვის, რომ ნოტარიუსი აღიჭურვოს, ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების შუუსრულებლობის გამო, სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილებით, აუცილებელია: არსებობდეს მხარეთა შეთანხმება ამ საკითხზე; ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში განმარტებულ უნდა იქნეს სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2012 წლის 5 აპრილის სანოტარო აქტი, რომლითაც დამოწმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, შეიცავს ზემოთ აღნიშნულ ორ პირობათაგან მხოლოდ ერთს: ნოტარიუსის განმარტებას სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგების შესახებ. უშუალოდ ხელშეკრულების ტექსტი, სადაც ჩამოყალიბებულია ხელშეკრულების არსებითი პირობები, ნოტარიუსის ასეთი უფლებამოსილების თაობაზე პირობას არ შეიცავს. ამდენად, უნდა ჩაითვალოს, რომ მხარეები არ შეთანხმებულან ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. შესაბამისად, გასაჩივრებული სააღსრულებო ფურცელი გაცემულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, ცნობილ უნდა იქნეს ბათილად.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლსა და 976-ე მუხლის პირველ ნაწილზე. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოების დადგენას, არსებობდა თუ არა ვალდებულება, რის საფუძველზეც განხორციელდა შესრულება. სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 5 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ჩათვალა ნამდვილ გარიგებად, შესაბამისად, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ამ ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოიშვა ფულადი ვალდებულება კრედიტორ მ. ბ-ის სასარგებლოდ, რომელიც უზრუნველყოფილი იყო აპელანტების უძრავი ნივთით. ამდენად, ვალდებულება არსებობდა და აპელანტებს არ უცდიათ იმის მტკიცება, რომ ეს ვალდებულება უშუალოდ მოვალე - დ. პ-ემ ან სხვა პირმა შეასრულა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ლ-ემ, ა. ვ-ემ, თ. ვ-ემ და ი. ვ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. ამავე გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ლ. ჭ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
კასატორების (მოსარჩელეების) განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 712-ე მუხლი, რომლის მიხედვით, რწმუნებული მოვალეა, შეასრულოს მარწმუნებლის მითითებები. სადავო მინდობილობის საფუძველზე ნოტარიუსი მოკლებული იყო შესაძლებობას დაედასტურებინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მესამე პირის სასარგებლოდ, რადგან ამის უფლებამოსილება მინდობილობით რწმუნებულს არ გააჩნია. რწმუნებულმა, დავალების შინაარსის მიუხედავად, ამის შესახებ არაფერი არ აცნობა თავის მარწმუნებლებს, რის გამოც გააფორმა საცილო გარიგება. მინდობილობა, რომლითაც ჯ-ი მოქმედებდა არ აძლევდა მესამე პირების სასარგებლოდ გარიგების დადების უფლებამოსილებას. სააპელაციო სასამრთლომ არასწორად შეაფასა მოცემული მტკიცებულება. მინდობილობა ნების გამოვლენის დადგენის თვალსაზრისით, მესამე პირის სასარგებლოდ გარიგების დადების უფლებას არ შეიცავს. სასამართლომ არ გამოიყენა ამავე კოდექსის 103-ე, 107-ე და 976-ე მუხლები.
კასატორების აზრით, სასამართლოს მოსაზრება არასწორია, თითქოს რწმუნებულებაში მესამე პირების სასარგებლოდ გარიგების დადების აკრძალვის (შეზღუდვის) შესახებ პირდაპირ უნდა ყოფილიყო მითითებული. ის უფლებამოსილებები, რომელიც არაა გათვალისწინებული რწმუნებულებით, არის შეზღუდული ხასიათის, ანუ აკრძალული.
ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ სესხი გაიცა დ. პ-ის სახელზე, მიიღო ი. ჯ-მა რაზეც უნდა შემდგარიყო მიღება-ჩაბარების აქტი, ანუ ხელშეკრულებაში აღნიშნული ჩანაწერი იმთავითვე არ გულისხმობს ი. ჯ-ის მიერ სესხის მიღებას, რადგან უნდა შემდგარიყო აქტი. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლების სწორად შეფასებისას იკვეთება, რომ მოპასუხე მ.ბ-ე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
სასამართლომ დააკმაყოფილა მათი სარჩელის ერთი მოთხოვნა სანოტარო სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში, რომლის საფუძველზეც გადახდილი იყო მათ მიერ კრედიტორისათვის სადავო თანხა, შესაბამისად, სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება თანხის დაბრუნების (დაკისრების) ნაწილშიც. სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნის მექანიზმი იურიდიულად ბათილია, შესაბამისად, მის საფუძველზე განხორციელებული შედეგი, ანუ ამოღებული თანხა ექვემდებარება დაბრუნებას. აქედან გამომდინარე, სასამართლომ სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის ნაწილში მიიღო მათთვის უშედეგო და აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილება.
კასატორ ლ. ჭ-ას განმარტებით, ნოტარიუსის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, იმისათვის, რომ ნოტარიუსი აღიჭურვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილებით, უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. მთავარია, რომ მხარეები გარიგებაზე შეთანხმდნენ. ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოება, არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულება, რის გამოც მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. თუ ხელშეკრულება სანოტარო აქტთან ერთად არის გარიგება და ამ გარიგებით მხარეები თანხმდებიან სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესსა და პირობებზე, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება დაწერილი მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების ტექსტში თუ სანოტარო აქტში, მთავარია, არსებობს მხარეთა შეთანხმება გარიგებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის და ამავე წლის 12 ივლისის განჩინებით მ. ლ-ის, ა. ვ-ის, თ. ვ-ის, ი. ვ-ის და ლ. ჭ-ას საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ლ-ის, ა. ვ-ის, თ. ვ-ის, ი. ვ-ის და ლ. ჭ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ)სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ)სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ)გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ლ-ის, ა. ვ-ის, თ. ვ-ის, ი. ვ-სა და ლ. ჭ-ას საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს მ. ლ-ეს (პირადი №...), ა. ვ-ეს (პირადი №...), თ. ვ-სა (პირადი №...) და ი. ვ-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ა. ვ-ის მიერ 2013 წლის 19 ივნისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 514 ლარის 70% – 359.8 ლარი.
3. კასატორ ლ. ჭ-ას (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. ჭ-ას მიერ 2013 წლის 1 ივლისს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე