Facebook Twitter

№ას-741-703-2013 9 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ც-ე, ბ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ც-ემ და ბ. გ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ნ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს: მოპასუხე ნ. მ-ე მოსარჩელეების სასარგებლოდ წვიმის წყლის შედეგად დაზიანებული აივნის სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯების 675 ლარის, კარების შეცვლისათვის გაწეული ხარჯის 600 ლარის და მოსარჩელის მფლობელობაში არსებული ბინის დაზიანებული კედლების ჭერის აღსადგენად საჭირო მასალებისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების 4260 ლარის დაკისრება; ნ. მ-ე რ. ც-ის სასარგებლოდ ,,ბეს” სახით 200 ევროს ექვივალენტის - 499 ლარის ორმაგი ოდენობით 998 ლარის და ,,ბეს” სახით გადახდილი 200 აშშ დოლარის ექვივალენტის 366 ლარის ორმაგი ოდენობის 732 ლარის გადასახდელად დაკისრება; ნ. მ-ე რ. ც-ის სასარგებლოდ, ანდერძისმიერი მემკვიდრეობის აღდგენასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების 31,25 ლარის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის გაწეული 55 ლარის, აუდიტის მომსახურებისათვის გადახდილი 200 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარისა და მინდობილობით დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის შრომის საზღაურის 1500 ლარის გადასახდელად დაკისრება შემდეგი საფუძვლებით

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით: მოსარჩელე ცხოვრობს ქალაქ წყალტუბოში გ-ის ქ.2/26-ში 9 სართულიან ბინის მე-7 სართულზე ერთოთხიან ბინაში. მის ზემოთ მე-8 სართულზე ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ ა. და ნ. მ-ი, რომლებიც 16 წლის წინ წავიდნენ შვილებთან ქ. ომსკში, სადაც გარდაიცვალნენ. შესაბამისად, 1998-1999 წელს, მათ საკუთრებაში არსებული 1-ოთახიანი ბინა მდებარე გ-ის ქუჩა №2/30 დარჩა დაკეტილი. აღნიშნული ბინიდან სისტემატიურად ჩადიოდა წყალი მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში, მოპასუხის ბინაში დაზიანდა წყლის და კანალიზაციის მილი, რამაც დააზიანა მოსარჩელის მფლობელობაში არსებული ბინა. მისივე განმარტებით, დღემდე ჩადის ლოჯიდან წყალი, ზიანდებოდა და ახლაც ზიანდება სასტუმრო ოთახის ჭერი, რის შედეგადაც დღემდე ადგება, როგორც მატერიალური ისე მორალური ზიანი. განმარტავს, რომ მის საკუთრებაში და მფლობელობაში არსებულ ბინას მრავალჯერ ჩაუტარა მიმდინარე რემონტი, მაგრამ მაინც არ შეწყდა მ-ის ბინიდან წყლის ჩამოდენა, რაც საფრთხეს უქმნის ლოჯისა და ჭერის ჩამონგრევას, ამის შესახებ მრავალჯერ მიმართა მოპასუხეს და ასევე ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოს, რამაც შედეგი არ გამოიღო. ხოლო შემდგომ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს წარმომადგენლებმა გააღეს მ-ის ბინა და მოსარჩელეს შესთავაზეს თვითონ ეზრუნა წყლის შეჩერებაზე აღნიშნულ ბინაში, მაგრამ კარები იყო ძველი და რადგან მისი შემდგომი დაკეტვა შეუძლებელი აღმოჩნდა იძულებული გახდა მოსარჩელე ჩაესვა ახალი რკინის კარები, რისთვისაც გასწია ხარჯი 600 ლარის ოდენობით. ამით დაიცვა, როგორც მის მფლობელობაში არსებული ბინა, ასევე მ-ის ბინა გაქურდვისგან. ვინაიდან ა/წ გარდაცვილი მესაკუთრის ა. მ-ის მემკვიდრემ 16 წლის განმავლობაში არ აღიდგინა მემკვიდრეობა, მას რ. ც-ეს დაავალა აღედგინა ანდერძისმიერი მემკვიდრეობა მისთვის, რაზეც უნდა გადაეხადა ყველა ხარჯი. ამავდროულად მოხდა ზეპირი გარიგების დადება, რომლითაც ბინას შეისყიდდა რ. ც-ე და წინასწარ ბე-ს სახით გაუგზავნა 200 ევრო, შემდეგ 200 ამერიკული დოლარი. 2009 წლის 7 სექტემბერს მინდობილობის საფუძველზე ნ. მ-ს მოსარჩელემ მისივე ხარჯებით აღუდგინა მემკვიდრეობა, რისთვისაც გადაიხადა 21,25 ლარი, ასევე რეგისტრაციისათვის საჯარო რეესტრში გადაიხადა 55 ლარი, ხოლო მომსახურების ხარჯი შეადგენს 1500 ლარს. მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნული შეატყობინა ნ. მ-ს და მოითხოვა პირობის შესრულება, მაგრამ უარი მიიღო მოპასუხის მხრიდან, როგორც ბინის მიყიდვაზე ასევე ხარჯების ანაზღაურებაზე. შ.პ.ს. ,,ა.ფ.ა-ის” დასკვნით დადგენილია, რომ ბ.ი გ-ის საკუთრებასა და მოსარჩელის მფლობელობაში მქონე ბინას ესაჭიროება რემონტი, ხარჯი შეადგენს 4260 ლარს და უკვე შესრულებული სარემონტო ხარჯმა შეადგინა 675 ლარი. ასევე ნ. მ-ის ბინას დაედო ყადაღა რაშიც გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

მოპასუხე ნ. მ-ის წარმომადგენელმა ნ. ჩ-მა სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებელობის გამო, რადგან იგი არ გამომდინარეობდა კანონის მოთხოვნიდან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. ც-სა და ბ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. მ-ს ბ. გ-სა და რ. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის - 4935 ლარის, აუდიტის მომსახურეობისათვის გადახდილი 200 ლარის, ქონების რეესტრში რეგიტრაციისათვის გადახდილი 55 ლარის, ქონების დაყადაღებისათვის გადახდილი 50 ლარის, მემკვიდრეობის აღდგენისათვის გადახდილი 31,25 ლარის - სულ 5271.25 ლარის გადახდა. რ. ც-სა და ბ. გ-ის სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება 4935 ლარის დაკმაყოფილების ნაწილში.

რ. ც-ემ და ბ. გ-მა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა რ. ც-სა და ბ. გ-ის შეგებებული სარჩელი.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს ,,ა.ფ. ა-ის“ მიერ მომზადებული საკონსულტაციო აქტის თანხმად, მოპასუხე ნ. მ-ის ბინიდან ჩამოსული წყლისაგან დაზიანებულია ბ.ი გ-ის საცხოვრებელი სახლი, რომელზეც ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისათვის გაწეული ხარჯი სავარაუდოდ შეადგენს 4260 ლარს.

საქმეზე მოწმედ დაკითხულმა მ. კ-ემ აჩვენა, რომ იგი ნამყოფია ბ. გ-ის და რ. ც-ის ბინაში. მოწმემ დაადასტურა, რომ მითითებულ ბინას ერთ ადგილზე ნამდვილად ეტყობა წყლის ჩამოდინების შედეგად მიღებული დაზიანების კვალი, თუმცა მისი აზრით, აღნიშნული დაზიანების აღმოსაფხვრელად გაცილებით ნაკლები თანხაა საჭირო ვიდრე მოსარჩელეები ითხოვენ.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა საქმეში წარმოდგენილი საკონსულტაციო აქტის შემდგენი სპეციალისტის განმარტებით, ვიზუალური დათვალიერება საკმარისი იყო იმის დადასდგენად, რომ წყალი ჩამოდიოდა ნ. მ-ის სახლიდან.

რ. ც-ეს აუდიტორული დასკვნის მომზადებისათვის შპს ,,ა.ფ. ა-ის“ გადახდილი აქვს 200 ლარი;

პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე (რ. ც-ე და ბ. გ-ი) თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალური საფუძვლად მიუთითებს დელიქტური ვალდებულებებიდან წარმოშობილ ზიანს.

პალატამ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ბ. გ-ის სახლში ნ. მ-ის ბინიდან ჩასულია წყალი და დაზიანებულია ჭერი და კედლები მთელ ბინაში (იხ. საკონსულტაციო აქტი ს.ფ. 31-32). ამ შემთხვევაში წყლის ჩადინება დროში წინ უსწრებდა შედეგს და წარმოადგენდა ამ ზიანის დადგომის ერთადერთ განმაპირობებელს. ანუ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, სწორედ ეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს ზიანის წარმოშობის ერთადერთ მიზეზს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზე იყო დელიქტური ვალდებულების ყველა ნიშანი.

პალატის განმარტებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა ზიანის ოდენობის დადგენა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქონებრივი ზიანი უნდა ანაზღაურებულიყო სრული მოცულობით, პირდაპირი ზიანისა და ანაცდენი სარგებლის სახით, საშუალო-საბაზრო ფასებით ინდექსაციის გამოყენებით. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ა.ფ. ა-ის“ მიერ მომზადებული საკონსულტაციო აქტის თანხმად, ნ. მ-ის ბინიდან ჩამოსული წყლისგან დაზიანებულია ბ.ი გ-ის საცხოვრებელი სახლი, რომელზეც ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯი სავარაუდოდ შეადგენს 4260 ლარს. იმავე აქტის თანახმად, ბ. გ-ის ბინის აივანზე ზომით 10X1,50-მ, ახალი ჩატარებულია კაპიტალური რემონტი, რომელზედაც მუშის ხარჯი შეადგენს 225 ლარს, ხოლო მასალებზე დახარჯულია - 450 ლარი. იმავე აქტით ასევე განსაზღვრულია იმავე ბინის სარემონტო სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯები, რომელიც შეადგენს - 4260 ლარს. დასახელებული ზიანი გამომდინარეობს მოპასუხის ნ. მ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებიდან, რის გამოც პალატის აზრით, მასვე უნდა დაეკისრებოდა მისი ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

პალატამ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე მითითებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქმეზე დართული შპს ,,ა.ფ. ა-ის“ მიერ მომზადებული საკონსულტაციო აქტის თანხმად, მოპასუხე ნ. მ-ის ბინიდან ჩამოსული წყლისგან დაზიანებულია ბ.ი გ-ის საცხოვრებელი სახლი, რომელზეც ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯი სავარაუდოდ შეადგენს 4260 ლარს. იმავე აქტის თანახმად, ბ. გ-ის ბინის აივანზე ზომით 10X1,50-მ, ჩატარებულია კაპიტალური რემონტი, რომელზედაც მუშის ხარჯი შეადგენს 225 ლარს, ხოლო მასალებზე დახარჯულია - 450 ლარი. იმავე აქტით ასევე განსაზღვრულია იმავე ბინის სარემონტო სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯები, რომელიც შეადგენს - 4260 ლარს.

მითითებული მტკიცებულების გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხეს ნ. მ-ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ხოლო მისი განმარტება, რომ დასკვნა ბუნდოვანი იყო, პალატამ არ გაიზიარა, რადგან სხდომაზე საკონსულტაციო აქტის გამცემი სპეცილიასტის ფ. ც-ის დაკითხვის შედეგად, დადასტურდა ის ფაქტი, რომ ბ. გ-ის ბინის დაზიანება გამოწვეული იყო ნ. მ-ის ბრალით. რაც ქმნიდა უპირობოდ ზიანის ანაზღაურების საფუძველს იმ ოდენობით, რაც აქტში იყო მითითებული და რაც პირველი ინსატნციის სასამართლომაც დაადგინა. პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია ნ. მ-ის მითითება იმაზე, რომ სასამართლოს უნდა დაენიშნა ექსპერტიზა, ვინაიდან აღნიშნა, რომ სპეციალისტის განმარტების მოსმენის შემდეგ ამის საჭიროება არ გამოვლენილა. რაც შეეხება აპელანტის მიერ კარების თანხის დაკისრების უსაფუძვლობაზე მითითებას, პალატის განმარტებით, ამ ნაწილშიც მისი პოზიცია ლოგიკას მოკლებული იყო, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მისთვის კარების თანხა არ დაუკისრებია, შესაბამისად, პალატაც ვერ იმსჯელებდა ამაზე.

პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ აპელანტმა ნ. მ-მა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გამოყენებით ვერ დაამტკიცა მისი არაბრალეულობა ზიანის წარმოშობაში, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება ზიანის თანხის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, ნ. მ-ს 4935 ლარი დააკისრა შპს „ა.ფ. ა-ის“ მიერ გაცემული საკონსულტაციო აქტის საფუძველზე, რომელიც ბუნდოვანი და გაურკვეველია. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლი და მიუხედავად აქტის ბუნდოვანობისა, არ დანიშნა სასამართლო ექსპერტიზა, რაც საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო წყლის ჩამოდინება ნ. მ-ის უძრავი ქონებიდან, რადგან მოწინააღმდეგე მხარე რ. ც-ე თავად აღნიშნავდა, რომ ბინა გადაცემული ჰქონდა მინდობილი საკუთრებით, ის ფიზიკურად ცხოვრობს ნ. მ-ის სახელზე რიცხულ ბინაში, რისთვისაც ზემოაღნიშნული საკონსულტაციო აქტი თავიდანვე სადავო გახდა, თუმცა მოსამართლემ არ დანიშნა ექსპერტიზა, ხოლო თავად კასატორმა ვერ შეძლო ექსპერტიზის ჩატარება, ვინაიდან მის სახელზე რიცხულ ბინაში ცხოვრობდა რ. ც-ე და ის არ აძლევდა ბინაში შესვლის საშუალებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს ნ. ჩ-ის მიერ 2013 წლის 10 ივლისს საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე