№ას-760-721-2013 9 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ. უ. ე. ფ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ჯ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მაისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა: 1. შპს ”ჯ. უ. ე. ფ-ის” 2012 წლის 29 მაისის №03-00064-ბ/12 ბრძანების (თანამშრომლის პოზიციის და ხელფასის ცვლილების შესახებ) ბათილად ცნობა; 2. შპს ”ჯ. უ. ე. ფ-ის” 2012 წლის 12 ივნისის №02-0073/12 ბრძანების (თანამშრომლის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ) ბათილად ცნობა; 3. ი. ჯ-ის აღდგენა შპს ”ჯ. უ. ე. ფ-ის” ენერგეტიკული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ენერგო-მეურნეობის განყოფილების არაგვის ხეობის ელექტრო ქსელების ექსპლუატაციის ჯგუფის მთავარი ენერგეტიკოსის თანამდებობაზე; 4. შპს ”ჯ. უ. ე. ფ-ის”, ი. ჯ-ის სასარგებლოდ, 2012 წლის 1 ივნისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის - 960 ლარის გათვალისწინებით.
მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რომელიმე შრომითი მოვალეობა არ დაურღვევია, მოპასუხე კომპანიის 2012 წლის 29 მაისის №08-0007/12 ბრძანებით, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო გამოეცხადა სასტიკი საყვედური, ხოლო ამავე დღის №03-0064-ბ/12 ბრძანებით, იმავე საფუძვლით, გადაყვანილ იქნა ელექტრიკოსის პოზიციაზე, მისი თანხმობის გარეშე, ამასთან, შეუმცირდა ხელფასის ოდენობა 960 ლარიდან 700 ლარამდე. მოპასუხემ 2012 წლის 12 ივნისს გამოცემული №02-0073/12 ბრძანებით, ის გაათავისუფლა ელექტრიკოსის თანამდებობიდან. მოსარჩელის მითითებით, მის მიმართ მოპასუხე კომპანიის უკანონო ქმედებები წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით მის დისკრიმინაციას: 2012 წლის 27 მაისს, ქ. თბილისში გამართული კოალიცია ”ქართული ოცნების” შეკრებაზე ყოფნისას ის ნახა მისი სამსახურის ენერგოგანყოფილების უფროსმა, რასაც შედეგად მოყვა მოპასუხის უკანონო ბრძანებები.
მოპასუხე შპს ”ჯ. უ. ე. ფ-მა” წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე, სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო, მიიჩნია ის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, რის გამოც მოითხოვა ი. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოპასუხე კომპანიის განმარტებით, მოსარჩელე ი. ჯ-ის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების საფუძველზე, შესაბამისი დეპარტამენტის უფროსმა დაწერა სამსახურებრივი ბარათი კომპანიის გენერალური დირექტორის სახელზე და მოითხოვა მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადება, თანამდებობიდან დაქვეითება და ხელფასის შემცირება. დამსაქმებელმა დასაქმებულს გამოუცხადა სასტიკი საყვედური, გამოიყენა მის მიმართ დისციპლინური სასჯელი და ცალმხრივად შეუცვალა მოსარჩელეს თანამდებობის პოზიცია (დააქვეითა) და შეუმცირა ხელფასი, რასაც არ ჭირდებოდა მოსარჩელის თანხმობა. მოსარჩელის ახალი თანამდებობიდან _ ელექტრიკოსის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის” 2012 წლის 29 მაისის №03-00064-ბ/12 ბრძანება თანამშრომლის (ი. ჯ-ის) პოზიციის და ხელფასის ცვლილების შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის” 2012 წლის 12 ივნისის №02-0073/12 ბრძანება თანამშრომლის (ი. ჯ-ის) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა - ი. ჯ-ი აღდგენილ იქნა შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის” ენერგეტიკული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ენერგო-მეურნეობის განყოფილების არაგვის ხეობის ელექტრო ქსელების ექსპლუატაციის ჯგუფის მთავარ ენერგეტიკოსად. შპს „ჯ. უ. ე. ფ-ს” ი. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2012 წლის 1 ივნისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის, მისი ყოველთვიური ხელფასის - 960 ლარის (დარიცხული) ოდენობის გათვალისწინებით (2012 წლის 01 ივნისიდან 12 ივნისამდე პერიოდისათვის მიღებული შრომის ანაზღაურების ოდენობის გამოკლებით).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ. უ. ე. ფ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მაისის განჩინებით შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის” მიერ წარმოდგენილ 2013 წლის 20 მაისის ცნობაზე დაყრდნობით სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ჯ-მა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ხელფასის სახით მიიღო 1002,67 ლარი;
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება მასზე, რომ ი. ჯ-მა დაარღვია შრომითი ხელშეკრულების პირობები, რაც გახდა მისი განთავისუფლების საფუძველი. შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის” გენერალურმა დირექტორმა 2012 წლის 12 ივნისს გამოსცა ბრძანება №02-0073/12 (კომპანია შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის” თანამშრომლის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ), რომლითაც 2012 წლის 12 ივნისიდან ელექტრიკოსის თანამდებობიდან გაათავისუფლა ი. ჯ-ი. ბრძანებაში, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი (ტ. 1, ს.ფ. 29).
პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ი. ჯ-მა მთავარი ენერგეტიკოსის თანამდებობაზე მუშაობისას რომელიმე შრომითი მოვალეობა დაარღვია. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რა კონკრეტულ არამართლზომიერ ქმედებებში გამოიხატა მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება და ვერც სათანადო მტკიცებულებებზე მიუთითა, რომლითაც დადასტურდებოდა 2012 წლის 12 ივნისს მიღებულ ბრძანებაში მითითებული, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხე - დამსაქმებელი იყო ვალდებული შესაბამისი მტკიცებულებებით დაედასტურებინა სასამართლოსათვის ი. ჯ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტი. მტკიცებულებებად შეიძლება მიჩნეულიყო 2012 წლის 12 ივნისამდე არსებულ პერიოდში ი. ჯ-ის კანონითა და შრომითი შინაგანაწესის შესაბამისად, გამოცხადებული გაფრთხილებები ან საყვედურები. საქმის მასალებით დადგინდა, რომ ი. ჯ-ის მიმართ, 2011-2012 წლებში (2012 წლის 29 მაისის ბრძანებების გამოცემამდე) მოპასუხე კომპანიის მიერ არ ყოფილა გამოყენებული (წერილობით ან სიტყვიერი ფორმით) დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე სახე (ფაქტობრივი გარემოება 2.6). 2012 წლის 29 მაისიდან - 12 ივნისამდე პერიოდში კი, ი. ჯ-ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტს არ წარმოუდგენია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი განმარტებებით, რაც პალატის მოსაზრებით, ვერ გახდებოდა დასახელებული გარემოების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება, ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ ი. ჯ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებას, რაც მისი განთავისუფლების საფუძველი გახდა.
შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის” გენერალური დირექტორის 2012 წლის 29 მაისის №03-0064-ბ/12 ბრძანება არის დაუსაბუთებელი.
პალატამ აღნიშნა, რომ ი. ჯ-ის მიმართ, ერთიდაიგივე დროს, ერთიდაიგივე სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე ერთდროულად გამოყენებულ იქნა ორი დისციპლინური სახდელი - საყვედური და დაქვეითება.
სააპელაციო პალატის განმარტებით, დაუშვებელია ერთი გადაცდომისათვის (დარღვევისათვის) ერთდროულად ორი დისციპლინური სახდელის გამოყენება. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ კომპანიის შინაგანაწესით განსაზღვრულია დისციპლინური სახდელების სახეები: სიტყვიერი გაფრთხილება, საყვედური; საყვედური, ყოველთვიური ხელფასის არა უმეტეს 50%-ის დაქვითვით (საყვედურის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია დადგეს საკითხი თანამშრომლისათვის ყოველთვიური ბონუსის დაკავების შესახებ); სამსახურიდან დათხოვნა. განსახილველ შემთხვევაში კი, ერთდროულად გამოყენებული იქნა ორი დისციპლინარული სახდელი ისე, რომ ი. ჯ-ის არ ჰქონია შესაძლებლობა გაცნობოდა თავდაპირველ სახდელს და სურვილის შემთხვევაში გამოესწორებინა მისი შეცდომები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, დგინდება, რომ შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის” 2012 წლის 29 მაისის №08-0007/12 ბრძანებაში (საყვედურის შესახებ) მითითებული სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაადასტურა მოპასუხე მხარემ. მაგრამ თუნდაც რომ დადასტურებულიყო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, ი. ჯ-ის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულიყო იმავე დარღვევისათვის დამატებით მეორე დისციპლინური სახდელი - დაქვეითება და ხელფასის შემცირება (შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის” 2012 წლის 29 მაისის №03-0064-ბ/12 ბრძანება).
პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ერთ-ერთი მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომის ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტის შემთხვევაში უფლების განხორციელების მართლზომიერება გულისხმობს იმ გარემოებას, რომ დამსაქმებლის ნების გამოვლენით არ უნდა დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ასევე შრომის კოდექსით დადგენილი დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგივე წესი უნდა გავრცელდეს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედების ფარგლებშიც, კერძოდ, მაშინ, როდესაც ხელშეკრულება, მართალია, დამსაქმებლის ინიციატივით წყდება, თუმცა, დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევის საფუძვლით. ასეთ ვითარებაში მხოლოდ დამსაქმებლის განმარტება დასაქმებულის მიერ შრომის ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით მხედველობაში არ მიიღება, რადგან წარმოადგენს არასაკმარის მტკიცებულებას დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მიზნებისათვის.
ამდენად, პალატის მოსაზრებით, დამსაქმებელმა, შპს „ჯ. უ. ე. ფ-მა’’, ვერ დაადასტურა ი. ჯ-ის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, არამართლზომიერია დაუსაბუთებელი საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლება, რაც, თავის მხრივ, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა (მხოლოდ საამისო შესაძლებლობის არსებობის პირობებში) და იმ განაცდურის ანაზღაურების საფუძველია, რომელიც დასაქმებულმა დაუსაბუთებელი გათავისუფლებით დაკარგა. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო პალატა დაეყრდნო საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის შესაბამისადაც, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ი. ჯ-ის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დასაბუთებული იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მისი სასარჩელო მოთხოვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ. უ. ე. ფ-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამარტლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები და ამასთან სამართლებრივად არასწორად შეაფასა ისინი, კერძოდ: კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა კომპანიის პოზიცია და არასწორად შეაფასა მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, სადაც აღნიშნული იყო მოსარჩელის მიერ დაშვებულ იმ დარღვევბებზე, რომლებიც მისი სამასახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.
კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა და სააპელაციო პალატამ არამართებულად გაიზიარა ი. ჯ-ის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარცელე 2012 წლის 1 ივნისიდან, თანამდებობრივი პოზიციის შეცვლის შემდეგ, ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე შეუდგა ელექტრო მონტიორად მუშაობას და პარალელურად ცდილობდა სიტუაციაში გარკვევას. აღნიშნული მსჯელობა და შეფასება მტკიცებულებებით არ დასრუდება, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია წერილობითი დოკუმენტი, რითაც დადგინდებოდა, რომ მან სადავო გახადა აღნიშნული გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განჩინებით შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300ლარის) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 15 ივლისს საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე