Facebook Twitter

№ას-763-724-2013 9 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. კ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჯ. კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. რ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის,მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩოს სხვაობის დაკისრება 781.92 ლარის ოდენობით და 2013 წლის იანვრიდან ყოველთვიურად 1000 ლარის დაკისრება სარჩოს სახით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, სს ,,ს. რ-ას” მოსარჩელე ჯ. კ-ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2012 წლის ივლისიდან - 2013 წლის თებერვლამდე პერიოდის გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობის სახით 781,92 ლარის გადახდა იმ დროისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით. ამავე გადაწყვეტილებით, სს ,,ს. რ-ას” დაეკისრა ჯ. კ-ას სასარგებლოდ 2013 წლის თებერვლიდან ყოველთვიური სარჩოს, 1000 ლარის გადახდა იმ დროისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ივნისის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილებით დამტკიცებული ”შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის” არასწორად გამოყენების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო სამართლებრივი ურთიერთობა, ისევე, როგორც ჯ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნა (სარჩოს გადაანგარიშება 2012 წლის ივლისის თვიდან - 2013 წლის თებერვლამდე), მოიცავვფ მითითებული აქტის მოქმედების პერიოდს.

პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის №53 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი” და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით განისაზღვრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. აღნიშნული წესის 1.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. იგივე წესის 1.2 მუხლით, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა სწორად განისაზღვრა შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე მითითებით, პალატამ დაასკვნა, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული იღებდა დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე შრომის უნარის დაკარგვის ხარისხთან შეფარდებით.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს ,,ს. რ-ის” მოქმედი მემანქანის ყოველთვიური ხელფასი 2012 წლის ივლისის თვეში 15 რიცხვის ჩათვლით შეადგენდა 1000 ლარს, 2012 წლის 16 ივლისიდან დღემდე 1250 ლარს. მიუხედავად ხელფასის ზრდისა კი მოსარჩელე ჯ. კ-ა სარჩოს სახით თვეში ღებულობდა 880 ლარს და პროფესიული შრომის უნარი დაკარგული აქვს 80%-ით, ამიტომ, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა მიეღო სარჩო 2012 წლის ივლისის თვეში 941.92 ლარი, ნაცვლად 880 ლარისა, ხოლო, 2012 წლის აგვისტოს თვიდან - 2013 წლის თებერვლის თვემდე (6 თვე), ყოველი თვე უნდა მიეღო 1250 ლარის 80%, 1000 ლარი, ნაცვლად მიღებული 880 ლარისა.

ამდენად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საბოლოოდ სს ,,ს. რ-ას’’ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა (61.92+720) 781,92 ლარი. ხოლო 2013 წლის იანვრიდან კი უნდა დანიშვნოდა ყოველთვიური სარჩო 1250 ლარის 80%, 1000 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი და მიუხედავად იმისა რომ სწორად გამოიყენა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, არასწორად განმარტა იგი. ამასთან, სასამართლომ გამოიყენა გაუქმებული ნორმატიული აქტი, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი, რომელიც 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2013 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ივლისის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 16 ივლისის №669 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე