№ას- 782-742-2013 9 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ზ. ს. ც-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ც-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – აუცილებელი გზის აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ც-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ზ. ს. ც-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზით (დამაკავშირებელი საჯარო გზასთან) სარგებლობისა და შპს „ზ. ს. ც-ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საზღვარში არსებული ბეტონის ღობეში შესასვლელი ჭიშკრის მოწყობის უფლების მიცემა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, ქ.ზესტაფონში, ჭ-ას ქუჩის №42-ში მდებარე მიწის ნაკვეთი მისი საკუთრებაა, რომლის მომიჯნავედ განთავსებულია შპს „ზ. ს. ც-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთი და აღნიშნული ნაკვეთის მისამართიც იგივეა. მოპასუხემ საკუთარი მიწის ნაკვეთის შემოსაზღვრის მიზნით, მოსარჩელის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ აღმართა კაპიტალური ღობე, ისე, რომ მოსარჩელე ვეღარ სარგებლობს საკუთარი მიწის ნაკვეთით. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, მოპასუხემ კაპიტალური ღობე აღმართა, რითაც დაუშვებლად ხელყო მისი კუთვნილი მიწის ნაკევთი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, აუცილებელი გზით სარგებლობის მიზნით, ზ. ც-ეს ნება დაერთო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდი №...) მისასვლელად ისარგებლოს შპს „ზ. ს. ც-ის“ საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით (საკადასტრო კოდი №...) და მიეცა უფლება ზ. ც-ეს შპს „ზ. ს. ც-ის“ საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე, საზღვარში არსებულ ბეტონის ღობეში მოაწყოს შესასვლელი ჭიშკარი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ზ. ს. ც-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განჩინებით შპს „ზ. ს. ც-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ზ. ც-ის საკუთრებად რეგისტრირებულია ქალაქ ზესტაფონში ჭ--ას ქუჩის №42-ში მდებარე 44 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...);
შპს „ზ. ს. ც-ის“ საკუთრებად რეგისტრირებულია ქალაქ ზესტაფონში ჭ-ას ქუჩა №42-ში მდებარე 89680 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...);
ზ. ც-ის და შპს „ზ. ს. ც-ის“ საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები ერთმანეთს ესაზღვრება და საზღვარში ორი მხრიდან შპს „ზ. ს. ც-ის“ მიწის ნაკვეთზე აღმართულია კაპიტალური ღობე;
ზ. ც-ის საკუთრებაში ს/კოდით №... რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მარჯვენა მხრიდან ესაზღვრება ს/კოდით ... რეგისტრირებული ობიექტი (მესაკუთრე ი. ფ-ე) საავტომობილო გზის მხრიდან ს/კოდით ... (მესაკუთრე ვ. პ-ე); ს/კოდით ... (მესაკუთრე ზ. ა-ე ს/კოდით ... (მესაკუთრე თ. ბ-ე დაუზუსტებელი მონაცემით) აგრეთვე მოქ. ლ. ჩ-ის (საქმე წარმოებაშია განაცხადი №882013047297) მფლობელობაში არსებული ობიექტი, ხოლო მარცხენა მხრიდან ესაზღვრება ს/კოდით ... რეგისტრირებული ობიექტი (მესაკუთრე თ. მ-ი);
ზ. ც-ეს გარდა შპს „ზ. ს. ც-ის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის გამოყენებისა არ აქვს შესაძლებლობა დაუკავშირდეს საჯარო გზას. მართალია საჯარო გზასა და ზ. ც-ის მიწის ნაკვეთებს შორის არის სხვა მიწის ნაკვეთები, მაგრამ ამ მიწის ნაკვეთებზე აშენებულია ერთმანეთზე მჭიდროდ მიდგმული მაღაზიები, რომელთა შორის მანძილი 20-25 სმ-ია და არათუ სამანქანო, საცალფეხო გზაც კი არ არის დატოვებული, რომლითაც ზ. ც-ე მის მიწის ნაკვეთზე შევიდოდა. ამდენად, ზ. ც-ის მიწის ნაკვეთს მარჯვენა და საჯარო გზის მხრიდან ესაზღვრება სავაჭრო ობიექტები (შენობები), რომელთა შორის გასასვლელი არ არის და მოპასუხის მხრიდან ესაზღვრება ღობე, რომლის იქით ვრცელი და თავისუფალი ტერიტორიაა.
პალატამ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ერთადერთი საშუალება ზ. ც-ე შევიდეს თავის მიწის ნაკვეთში არის ის, რომ ღობეში ჩაიდგას ჭიშკარი. მოპასუხის მიერ კაპიტალური ღობის აღმართვამდე ზ. ც-ე სარგებლობდა მოპასუხის ტერიტორიაზე არსებული ორივე შესასვლელით და უკავშირდებოდა თავის მიწის ნაკვეთს არა საჯარო გზის მხრიდან განთავსებული მიწის ნაკვეთების მეშვეობით, არამედ მოპასუხის მიწის ნაკვეთის მეშვეობით, რადგან ს. ც-ის ადგილას განთავსებული იყო ავტონაწილების ბაზრობა და ტერიტორია საერთოდ არ იყო შემოსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე, 170.1-ე მუხლებზე მითითებით პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება. კერძოდ, მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია კანონით ან ხელშეკრულებით. თუ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის უფლებრივი დატვირთვა.
პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლში ასახულია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვის მდგომარეობა. კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით უდაოდ დასტურდება, რომ ზ. ც-სა და შპს „ზ. ს. ც-ის“ მიწის ნაკვეთებს შორის კაპიტალური ღობის არსებობა ზღუდავს ზ. ც-ის მიწის ნაკვეთში შესვლის შესაძლებლობას, ხოლო ზ. ც-ეს გარდა მოპასუხის მიწის ნაკვეთზე გავლისა სხვა შესაძლებლობა, დაუკავშირდეს საჯარო გზას არ გააჩნია. სხვა და მათ შორის საჯარო გზის მხრიდან მოსარჩელის მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია შენობებით, რომელთა შორის გასასვლელი არ არის. პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ ერთადერთი საშუალება ზ. ც-ე შევიდეს თავის მიწის ნაკვეთში არის ის, რომ ღობეში ჩაიდგას ჭიშკარი და ზ. ც-ემ ისარგებლოს მოპასუხის მიწის ნაკვეთით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ზ. ს. ც-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტიელბის მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის აზრით, სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას დაეყრდო ფაქტობრივ გარემოებას, რომლის შესაბამისად, მოსარჩელეს თითქოს გააჩნია ნაკვეთის გამოყენებისთვის აუცილებელი კომუნიკაციის შესაძლებლობა – მისასვლელი გზა და მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, უნდა იქნეს გამოყენებული მესაკუთრის ინეტრესების დაცვის ისეთი სამართლებრივი საშუალება, როგორიცაა აუცილებელი გზა, რაც არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებას. ფაქტობრივი გარემოებები კი, რეალურად ისაა, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სწორედ საჯარო გზის მხარეს, სადაც განთავსებული ზოგიერთი ნაგებობა უკანონოა, აქვს შესაძლებლობა მოაწყოს მისასვლელი გზა საკუთარ მიწის ნაკვეთთან და საკუთრების უფლების ამგვარი შეზღუდვით არ მოახდინოს თავისი მიწის ნაკვეთის რეალიზაცია. კასატორის აზრით, ის გარემოება, რომ ოდესღაც მოწინააღმდეგე მხარე თავის მიწის ნაკვეთს უკავშირდებოდა არა საჯარო გზიდან, არამედ კასატორის საკუთრებაში დღეს არსებული მიწის ნაკვეთიდან, სრულიად უსაფუძვლო და არაგონივრულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აგვისტოს განჩინებით შპს „ზ. ს. ც-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ზ. ს. ც-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ზ. ს. ც-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ზ. ს. ც-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 18 ივლისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% –210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე