№ას-791-750-2013 9 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ვ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ი, ა. გ-ი, ა. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ვ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. გ-ის, ა. გ-სა და ა. ა-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. თბილისში, მ-ის ქუჩის №28-ში არსებულ 120.4 კვ.მ სადგომზე მესაკუთრედ ცნობა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ის – 4920 ლარის გადახდის სანაცვლოდ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ვ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით ნ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატის მითითებით, აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობად მიაჩნია ის გარემოება, რომ 3.1.2 პუნქტში არ არის მითითებული რა კონკრეტული თანხა გადაუხადა 1947 წლის 30 ნოემბრის ხელწერილის მიხედვით, პ. ვ-მა ი. გ-ს სასაქონლო დაბა, სახლის N58ა-ში მდებარე ეზოს გეგმით წინ მდებარე ოთახის 87მ2 მიწის ნაკვეთზე განლაგებულ ოთახში ფართით 25მ2 და ოთახში ფართით 49მ2, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ მოცემული დავის თავისებურებიდან გამომდინარე, არ ჰქონდა მნიშვნელობა ნასყიდობის თანხის ოდენობას, არამედ მნიშვნელოვანი იყო იურიდიული ფაქტი, რომელიც უკავშირდება სადავო ფართზე მართლზომიერი მფლობელობის უფლების წარმოშობას და მისი წარმოშობის პერიოდს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული დავის საგანია თბილისში, მ-ის ქუჩა N28-ში მდებარე 236მ2 მიწის ნაკვეთზე განთავსებულ საცხოვრებელ სადგომზე (შენობა-ნაგებობება „ლიტ ა“ ფართით 77მ2; „ლიტ ბ“ ფართით 15,40მ2 და დამხმარე „ლიტ გ-ვ-ე-დ-ც“ ფართით 28მ2) საკუთრების უფლების გადაცემა სადგომის საბაზრო ღირებულების 10%-ის გადაცემის სანაცვლოდ (ტ. I. ს.ფ. 04, 39, 30.05.2013წ-ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის ელ. ჩანაწერი 12:37 სთ.). მოთხოვნის სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის პირველ რიგში, უნდა დადგინდეს ნ. ვ-ას (მოსარჩელე) ან/და მისი უფლებრივი წინამორბედის მოსარგებლეობა სადავო საცხოვრებელ სადგომზე.
პალატამ მიუთითა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ს. დასახლება, მ-ის №26-28-ში მდებარე უძრავი ნივთის (ლიტერი „ა“ (საცხოვრებელი) საერთო ფართით - 87მ2; ლიტერი „ბ“ (საცხოვრებელი) საერთო ფართით - 15,40მ2; ლიტერი „გ-ვ-ე-დ-ვ-ც“ (დამხმარე ნაგებობა) საერთო ფართით - 37,40მ2, განლაგებული მიწის ნაკვეთზე ფართობით - 354მ2) მფლობელად/მესაკუთრედ მითითებული იყო ივანე გორბაჩოვი (მტკიცებულება: ინფორმაცია უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ტ. I. ს.ფ. 116, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება, ტ. I. ს.ფ. 26). სახლთმფლობელობის ერთ ნაწილზე ი. გ-სა და პ. ვ-ს შორის 1947 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა შინაურული ხელწერილი, რომლის საფუძველზე, პ. ვ-მა იყიდა სასაქონლო დაბა, სახლის N58ა-ში მდებარე ეზოს გეგმით წინ მდებარე ოთახის 87მ2 მიწის ნაკვეთზე განლაგებულ ოთახი ფართით 25მ2 და ოთახი ფართით 49მ2, ხელწერილის შესაბამისად, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა ჯამში 11500 რუბლით (მტკიცებულება: ხელწერილები, ტ. I. ს.ფ. 19, 17), ხოლო სახლთმფლობელობის დარჩენილ ნაწილზე ი. გ-ის (გარდაიცვალა 1971წ-ს) და მისი შვილის ვ. გ-ას (გარდაიცვალა 2007წ-ს) გარდაცვალების შემდეგ უფლება მოიპოვეს მოპასუხეებმა: ვ. გ-ას მეუღლემ - ა. გ-მა კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე და შვილმა ა. გ-მა სადავო მისამართზე ცხოვრებითა და შესაბამისად, ფაქტობრივი მფლობელობით.
სახლთმფლობელობის ერთი ნაწილის (სასაქონლო დაბა, სახლის N58ა-ში მდებარე ეზოს გეგმით წინ მდებარე ოთახის 87მ2 მიწის ნაკვეთზე განლაგებულ ოთახი ფართით 25მ2 და ოთახი ფართით 49მ2) მფლობელს პ. ვ-ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: დ, ნ. და მ. მათგან, დ. ვ-ი გარდაიცვალა 1989წ-ს, ნ. ვ-ი - 1990წ-ს და მ. ვ-ი - 1997წ-ს. სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის უფლებრივმა წინამორბედმა (ბიძა) ნ. ვ-მა ფაქტობრივი მფლობელობა შეწყვიტა გარდაცვალების მომენტიდან (1990წ-დან), ხოლო მისმა მემკვიდრემ (ძმამ/მოსარჩელის მამამ) მ. ვ-მა მიუხედავად სასამართლო დავებისა მაინც ვერ მოიპოვეს ფართზე მფლობელობა, კერძოდ, 1991 წლის გადაწყვეტილებით დადგინდა სადავო ფართში შესახლებული ვინმე ნ. ჯ-ის გამოსახლება, მაგრამ გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, ხოლო 1997 წლით დათარიღებული მეორე სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ 1997 წლის მდგომარეობით სადავო სადგომი უკვე ჩარიცხული იყო კომუნალურ ფონდში და აღნიშნული გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ს არ შეუწყდა სადგომზე ფაქტობრივი მფლობელობა (მტკიცებულება: გადაწყვტილება, ტ. I. ს.ფ. 204). მოგვიანებით, ისანი-სამგორის რ-ნის გამგეობის 14.05.2008წ-ის დადგენილებით ს. ჯ-ს (ნ. ჯ-ს შვილს) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საბინაო ფონდის საცხოვრებელი ბინის იზოლირებული ფართობის (საერთო ფართით 78,75მ2) მდებარე, მ-ის ქ. N28-ში და გაიცა მასზე საკუთრების უფლების მოწმობა (ტ.I. ს.ფ. 135-137, 155-158).
აპელანტის პოზიცია, რომ მას და მ. ვ-ს იძულებით დაატოვებინეს სადავო ფართის მფლობელობა, პალატის მოსაზრებით, მნიშვნელობა არ აქვს დავის გადაწყვტისათვის, გამომდინარე იქიდან, რომ ს. ს-სა და მისი უფლებრივი წინამორბედის - ნ. ჯ-ის მართლზომიერი მფლობელობა დადასტურებულია 1997 წლით დათარიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით.
ამ მოცემულობის პირობებში, პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემადგენლობა, კერძოდ, მოსარჩელესა და მის უფლებრივ წინამორბედს მ. ვ-ს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე შეუწყდათ მფლობელობა საცხოვრებელ სადგომზე, რაც წარმოადგენდა პირის მოსარგებლეობის დადგენის წინაპირობას.
პალატის მითითებით, აპელანტი სადავოდ ხდის ა. ა-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ფართსაც (50,37მ2+15,65მ2), რომელიც ამ უკანასკნელმა შეიძინა ს. ს-ან, თუმცა ვერც აღნიშნულ ფართზე ვერ ადასტურებს მოსარჩელე (აპელანტი) ფაქტობრივი მფლობელობის ფაქტს კანონის მიღების მომენტისათვის, რის გამოც ამ ნაწილშიც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ვ-მა, მოითხოვა მისი გაუქმნება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება არ შეესაბამება საქმის მასალებით უდავოდ დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. კასატორის აზრით, სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა, რომ ა. ა-ის უფლებრივმა წინამორბედებმა, ნ. ჯ-მა და ს. ს-მა ძალადობრივი გზით დაისაკუთრეს სადავო ქონება. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ნ. ჯ-ი, ქალიშვილთან და სიძესთან ერთად, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში ძალადობით ისე დაეუფლა ვ-ის საცხოვრებელ სახლს, რომ მოსარჩელემ და მისმა მამამ, საკუთარი ნივთების გამოტანაც კი, ვერ შეძლეს.
კასატორის აზრით, სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა 1991 წლის 4 ივლისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ნ. ვ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე